Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ


კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – მირტაგ ასადოვი, გიორგი გოცირიძე და ოქტაი ქაზუმოვი; მოპასუხე მხარის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები – დავით დავითაშვილი და ვალერიან ლილუაშვილი; სპეციალისტები – ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან წიქვაძე; თეირანის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და თეოლოგიის დოქტორანტი მირისმაილ ასადოვი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნანი გელოვანი; თარჯიმანი - ქამრალი ამჯანოღლი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №750) მომართა სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის №2/5/750 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №750 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 20 ივლისს, ამავე წლის 14 დეკემბერსა და 2018 წლის 23 მარტს.

2. №750 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. „„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ (შემდგომში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილება) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განამტკიცებდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით. სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება გარანტირებულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით.

5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მიღების დროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებული იყო მუსლიმური თემის ოთხი რელიგიური გაერთიანება: თავად მოსარჩელე - სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ და სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება“.

6. №750 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება საქართველოს მუსლიმი თემის ორ წარმომადგენელ ორგანიზაციას შორის. შეთანხმების მიზანი იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მოთხოვნათა უზრუნველყოფა. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ და სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანებამ“ შექმნეს მუსლიმი თემის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოებთან აწარმოოს ურთიერთობა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე და სსიპ „საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება“ წარმომადგენლობით საბჭოში არ გაერთიანებულა. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებით შექმნილი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობა, მისი ფორმატიდან გამომდინარე, გულისხმობდა თანამშრომლობის აუცილებლობას შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის. შედეგად, იმისათვის, რათა მას მიეღო საქართველოს მთავრობის სადავო დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაცია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანისთვის, ის უნდა გაერთიანებულიყო წარმომადგენლობით საბჭოში, რითაც იძულებული ხდებოდა ასოცირებული ყოფილიყო მკვეთრად განსხვავებულ სუნიტ მუსლიმთა თემთან.

7. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილება ვრცელდება ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე, სადავო ნორმა მხოლოდ მუსლიმ შიიტურ და სუნიტურ თემს ავალდებულებს, გაერთიანდნენ/ითანამშრომლონ წარმომადგენლობით საბჭოში, მაშინ, როდესაც დაფინანსების მიმღებები არიან ქრისტიანებიც, რომელთაც, კერძოდ, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას, ამგვარი ასოცირების ვალდებულება არ ეკისრებათ. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, შიიტურ და სუნიტურ მოძღვრებებს შორის არის ისეთივე რელიგიური სქიზმა, როგორც ეს რომაულ-კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო აღმსარებლობას შორის არსებობს. შედეგად, სადავო მოწესრიგება განსაზღვრავს თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას.

8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს, 1944 წლამდე, შიიტები და სუნიტები ცალ-ცალკე ორგანიზაციული ფორმით ფუნქციონირებდნენ, ისევე, როგორც რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო დენომინაციები. ყველაზე ინტენსიური რეპრესიები კი, რასაც მოჰყვა რელიგიური ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, განხორციელდა სწორედ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. შესაბამისად, შესადარებელი პირები არიან არსებითად თანასწორები, როდესაც საქმე ეხება საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითებით, ის ფაქტი, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს, შიიტები და სუნიტები, იძულების გზით, ერთ ორგანიზაციად იყვნენ გაერთიანებულები, დიფერენცირებას არათუ ვერ გაამართლებს, არამედ უფრო ნათლად მეტყველებს მუსლიმური თემის მდგომარეობის სიმძიმეზე. მოსარჩელის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიიტები და სუნიტები ერთი ორგანიზაციის ქვეშ იყვნენ იძულებით გაერთიანებულნი, რეალურად ეს ორი თემი არსებობდა ცალ-ცალკე და ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ზიანიც მიადგათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ამდენად, მოსარჩელის მტკიცებით, შესადარებელი პირები არსებითად თანასწორები არიან 1944 წლის შემდგომ პერიოდში განხორციელებული რეპრესიების კონტექსტშიც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში შიიტები და სუნიტები გაერთიანდნენ, ისტორიული წყაროები მიუთითებს, რომ მათი გაერთიანების შემდეგაც, მარტივად იყო შესაძლებელი შიიტური და სუნიტური საღვთისმსახურო ნაგებობების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

9. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ანაზღაურება, პრაქტიკულად, არის არა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის კომპენსაციის წესი, რომლისთვისაც სამართლებრივ საფუძველს ქმნის საქართველოს კონსტიტუცია, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების კეთილი ნების ფარგლებში რელიგიური ორგანიზაციების ყოველწლიური დაფინანსების ფორმა. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ არარელევანტურია იმ გარემოებაზე ხაზგასმა, რომ საბჭოთა პერიოდის დროს შიიტური და სუნიტური დენომინაციები ერთ ორგანიზაციაში იყვნენ წარმოდგენილები, რის გამოც მათთვის მიყენებული ზიანის ცალ-ცალკე განსაზღვრა შეუძლებელია.

10. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი საბჭო, რომლის წევრობის ვალდებულებაც ეკისრება მოსარჩელეს, რათა შეძლოს კომპენსაციის მიღება, წარმოადგენს სოლიდარულად პასუხისმგებელ გაერთიანებას. შესაბამისად, თუკი რომელიმე ცალკეულმა ასოცირებულმა ორგანიზაციამ თანხა გამოიყენა წესდების საწინააღმდეგოდ და ამით დაარღვია სადავო ნორმატიული აქტის მოთხოვნები, სახელმწიფოს შეუძლია, აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება მოითხოვოს, რაზეც პასუხისმგებელი იქნება ყველა რელიგიური ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, გამოიყენეს თუ არა მათ მიღებული თანხა წესდების მიზნებისათვის.

11. მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაციით, იქიდან გამომდინარე, რომ შესადარებელ პირთა დიფერენცირება ხორციელდება რელიგიური ნიშნით, მისი კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს მკაცრი ტესტით. ამასთან, სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს ის გარემოება, რომ დღეისათვის უცნობია შიიტი და სუნიტი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა. თუმცა აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ზოგად ადმინისტრაციულ სირთულეს, რომლის აღმოფხვრაც არ არის დაკავშირებული მნიშვნელოვან სირთულეებთან. შესაბამისად, ეს არგუმენტი, ცალკე აღებული, საფუძვლად ვერ დაედება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას. მოსარჩელის მითითებით, განსხვავებული მოპყრობა ასევე ვერ იქნება გამართლებული სახელმწიფოს მიერ სეკულარიზმის პრინციპის დაცვაზე აპელირებით, რადგან დიფერენცირების აღმოფხვრა არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან სეკულარიზმის პრინციპის რაიმე ფორმით უგულებელყოფას. ამავე დროს, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას არ წარმოადგენს საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ მისი მიზანია განსხვავებული მოპყრობის აღმოფხვრა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

13. მოპასუხის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით, სახელმწიფოს არ აქვს საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანის რესტიტუციის ვალდებულება, რადგან საქართველოს რესპუბლიკა არ არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მიღებით, სახელმწიფომ, კეთილი ნების საფუძველზე, გადაწყვიტა სიმბოლურ ფასად აენაზღაურებინა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი და ყოველწლიური დაფინანსების განსაზღვრით, მატერიალური რესურსი მიეწოდებინა სადავო ნორმით გათვალისწინებული აღმსარებლობების მქონე თითოეულ პირამდე.

14. მოპასუხე მხარის წარმომადგენლების მტკიცებით, სადავო დადგენილების შემუშავების დროს, ცნობილი იყო, რომ ცალკეული რელიგიური აღმსარებლობის სახელით, შეიძლება, არსებულიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული რამდენიმე რელიგიური გაერთიანება. სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობისა და ანაზღაურების მიღების მიზნით კი, საჭირო იყო ერთი კონკრეტული სამართლებრივი სუბიექტის არსებობა. შესაბამისად, მთავრობის აღნიშნულ დადგენილებაში განისაზღვრა რეგულაცია, რომლის თანახმადაც, რელიგიურ გაერთიანებებს ან რეორგანიზაციის გზით უნდა შეექმნათ ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან ჩამოეყალიბებინათ წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევიდოდა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი. მოპასუხემ განმარტა, რომ აღნიშნული წარმომადგენლობითი საბჭო, როგორც მატერიალური რესურსის გამტარი ორგანიზაცია, არ ითვალისწინებს ფინანსური ურთიერთთანამშრომლობის მიღმა, რაიმე ტიპის რელიგიურ ასოცირებას. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ ამგვარი წარმომადგენლობითი საბჭო შექმნილი იყო არა მხოლოდ ისლამური აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებების, არამედ, აგრეთვე, რომაულ-კათოლიკური თემის წარმომადგენელი ორგანიზაციების მიერ.

15. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საქმის განხილვის არსებით სხდომაზე განმარტეს, რომ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, როდესაც რელიგიურ გაერთიანებებს სახელმწიფოსგან ზიანი მიადგათ, მუსლიმური თემი საქართველოში გაერთიანებული იყო ერთი ორგანიზაციის ქვეშ - კავკასიის მუსლიმთა სამმართველოში. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში შიიტ და სუნიტ მუსლიმებს ზიანი მიადგათ ერთიანად, განსხვავებით სადავო ნორმით განსაზღვრული სხვა რელიგიური მიმდინარეობებისგან. მოპასუხის აზრით, დამატებით გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სადავო დადგენილების მიღებისას, მუსლიმურ რელიგიურ ორგანიზაციებს წესდებაში არ ჰქონდათ მითითებული, რომ ისინი წარმოადგენდნენ ისლამის რომელიმე მიმდინარეობას. ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო.

16. მოპასუხის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირების არსებობა, პრაქტიკულად, განპირობებულია ადმინისტრაციული სირთულის ისეთი ხარისხით, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან შესაძლებლობას, განსაზღვროს ცალ-ცალკე შიიტი და სუნიტი თემისათვის მიყენებული ზიანი და, შესაბამისად, გაანაწილოს კომპენსაციის ოდენობა თითოეული გაერთიანებისათვის. კერძოდ, მოპასუხემ აღნიშნა, რომ არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, საქართველოში მუსლიმური თემის რა ნაწილია შიიტური ან სუნიტური დენომინაციის მიმდევარი. ამასთან, სტატისტიკური მონაცემების წარმოებისას გამოირკვა, რომ მუსლიმთა ნაწილი თავად ეწინააღმდეგება მათ უპირობო დაყოფას სუნიტებად და შიიტებად. გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ წარმომადგენლობით საბჭოში გაერთიანებული მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ წარმოადგენს როგორც სუნიტური, ასევე შიიტური მიმდინარეობის მუსლიმურ თემს. აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა, დაახლოებით, 90 %-ს და მისი როგორც რელიგიური ლიდერები, ასევე ხელმძღვანელი პირები არიან ორივე მიმდინარეობის წარმომადგენლები.

17. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მითითებით, თითოეული რელიგიური თემისათვის გადასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავს სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს რელიგიური თემის საჭიროებას, მათი მრევლისა და საკულტო ნაგებობების რაოდენობის გათვალისწინებით. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სადავო დადგენილებით გათვალისწინებული რელიგიური თემის წარმომადგენლობით საბჭოსთან „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“, საქართველოს სახელმწიფოს სახელით, დებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულებას. მოპასუხის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ რელიგიური თემის წარმომადგენლობით საბჭოსთან დადებული აღნიშნული ხელშეკრულება აზღვევს გადაცემული თანხის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. კერძოდ, ხელშეკრულებით, მათ შორის, განისაზღვრება, თუ რა საქმიანობასა და აქტივობებს უნდა მოხმარდეს რელიგიური თემისთვის გადაცემული თანხა. ხოლო წარმომადგენლობითი საბჭო, თავის მხრივ, „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ წარუდგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას. მოპასუხე მხარემ დამატებით მიუთითა, რომ წარმომადგენლობით საბჭოში გაერთიანებულ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის შიდა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდება მხარეთა მიერ განსაზღვრული წარმომადგენლობითი საბჭოს წესდებით, ხოლო მხარეებს, დავის შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მუსლიმ თემთან და შესაბამის დენომინაციებთან მიმართებით არსებული სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია ცალ-ცალკე მათთვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა. აღნიშნული გარემოებები სახელმწიფოს იძულებულს ხდის, რომ მუსლიმურ დენომინაციებს ერთიანად გადასცეს კომპენსაცია. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა ფილოსოფიის დოქტორმა, პროფესორმა რუსუდან წიქვაძემ აღნიშნა, რომ სუნიტურ და შიიტურ დენომინაციებს შორის შესაძლოა, უფრო მეტი განსხვავება არსებობდეს, ვიდრე რომაულ-კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო მიმდინარეობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ შიიტებს და სუნიტებს საერთო აქვთ მთელი რიგი დღესასწაულები და სიწმინდეები, აღნიშნულ ორ ჯგუფს შორის არსებობს არსებითი განსხვავება მთელ რიგ მნიშვნელოვან დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო ამ განსხვავებების დათმობა წინააღმდეგობაში მოვიდოდა მათ აღმსარებლობასთან. სპეციალისტის ინფორმაციით, საბჭოთა პერიოდში და მანამდეც, მეფის რუსეთის მმართველობის დროს, მუსლიმური თემი გაერთიანებული იყო, ხოლო, მითითებულ პერიოდში, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო თემები ფუნქციონირებდნენ ცალ-ცალკე.

20. სპეციალისტის სტატუსით მოწვეულმა თეირანის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და თეოლოგიის დოქტორანტმა მირისმაილ ასადოვმა მიუთითა, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს შიიტები და სუნიტები სახელმწიფოს მიერ იძულებით იყვნენ გაერთიანებულნი და თვითიდენტიფიკაციას ვერ ახდენდნენ ამა თუ იმ დამოუკიდებელ დენომინაციასთან. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში მათ ერთად მიადგათ ზიანი, თუმცა ეს გამოწვეული იყო იმ მძიმე მდგომარეობით, რომელშიც ამ პერიოდში, ზოგადად, რელიგიური გაერთიანებები და, მათ შორის, ისლამის მიმდევრები იმყოფებოდნენ.

21. სპეციალისტად მოწვეულმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანი გელოვანმა განმარტა, რომ 1872 წლიდან 1944 წლამდე შიიტები და სუნიტები, ძირითადად, ერთმანეთისგან განცალკევებით თანაარსებობდნენ, თუმცა 1944 წელს განხორციელდა მათი იძულებითი გაერთიანება ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოში. სპეციალისტმა აგრეთვე მიუთითა, რომ არსებობს ოფიციალური მონაცემები, ზოგადად, მუსლიმთა რაოდენობის შესახებ საქართველოში, თუმცა ცალ-ცალკე სუნიტების და შიიტების რაოდენობაზე სტატისტიკა არ მოიპოვება. ამასთან, აღნიშნულ საკითხზე, სოციოლოგიური კვლევის მიმდინარეობისას, იყო მცდელობა, დადგენილიყო, მუსლიმთა რა ნაწილი მიაკუთვნებს თავს ამა თუ იმ დენომინაციას, მაგრამ ამ კუთხით, პრობლემამ იჩინა თავი. კერძოდ, ცალკეულ შემთხვევებში, ისლამური თემის წარმომადგენლისთვის გაღიზიანებას იწვევდა კითხვა - რომელ დენომინაციას მიაკუთვნებდა იგი თავს.

22. №750 კონსტიტუციურ სარჩელზე შპს „თავისუფალმა უნივერსიტეტმა“ წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, სახელმწიფო არ ითვლის საბჭოთა კავშირის დროს კონკრეტული რელიგიებისთვის მიყენებულ ზიანს, არამედ ანაზღაურებს მას ისტორიულ მონაცემებთან სრულიად დაუკავშირებელი კრიტერიუმებით - ამჟამად არსებული მრევლის, სასულიერო პირების და საკულტო ნაგებობების ოდენობის მიხედვით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ არც ერთი რელიგიური გაერთიანება, რომელიც იღებს დაფინანსებას დადგენილების საფუძველზე, არ არის საბჭოთა კავშირის მიერ რეალურად დაზარალებული ორგანიზაციების სამართალმემკვიდრე, ისინი მხოლოდ აღმსარებლობითი მემკვიდრეები არიან. შესაბამისად, რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი მდგომარეობა ჰქონდა თემს 1921-1944 წლებში, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მიზნებისთვის არარელევანტურია.

23. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, შიიტური და სუნიტური ორგანიზაციებისათვის ზიანის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ანაზღაურება პრაქტიკულად მიუღწეველია, რადგან სახეზეა ადმინისტრირების შეუძლებლობა. კერძოდ, საქართველოში არსებული ისლამური თემის ოთხი ორგანიზაციიდან, ერთი მაინც - „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ - აერთიანებს როგორც შიიტებს, ისე სუნიტებს. შესაბამისად, თუნდაც სახელმწიფომ გაითვალისწინოს სქიზმა სუნიტებს და შიიტებს შორის და ისინი დამოუკიდებლად დაასახელოს სადავო ნორმაში, როგორც ბენეფიციარი აღმსარებლობები, მოსარჩელე შიიტურ ორგანიზაციას მაინც მოუხდება ზიანის ანაზღაურებისთვის თანამშრომლობა იმ გაერთიანებასთან, რომელიც წარმოადგენს როგორც შიიტურ, ასევე სუნიტურ თემს. ამდენად, საქართველოში არსებული ისლამური გაერთიანებების თავისებური სტრუქტურის გამო, ადმინისტრაციულად შეუძლებელია, შიიტური და სუნიტური ორგანიზაციების თანამშრომლობის აუცილებლობის თავიდან არიდება ზიანის ანაზღაურების პროცესში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მეგობარს მიაჩნია, რომ განსხვავებული მოპყრობის გამართლებას წარმოადგენს მოსარჩელისთვის სასურველი ალტერნატიული რეგულირების ადმინისტრაციული შეუძლებლობა, რაც, საბოლოო ჯამში, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობას განაპირობებს. სასამართლოს მეგობარი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და აშშ-ის სასამართლოების პრაქტიკაზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური დებულების ცვლილება

1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და, შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.

2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შეესატყვისება მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო დებულების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. სადავო ნორმის შინაარსი

3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანს“. ამავე დადგენილებით განისაზღვრება საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანის, სიმბოლური ანაზღაურების მიზნით, საქართველოში არსებული ცალკეული რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების წინაპირობები.

4. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, „ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებზე“. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიღებისთვის საჭიროა, მითითებული სუბიექტები რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ან შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი, რომელიც იქნება უფლებამოსილი, აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობა, მიიღოს ანაზღაურება და იყოს სოლიდარულად პასუხისმგებელი მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ, თუ რელიგიურმა გაერთიანებამ არ განახორციელა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი, იგი უფლებას კარგავს, მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.

5. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მის ორგანიზაციულ მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმთა ინტერესების დაცვა და ადვოკატირება, ხოლო სადავო რეგულირება აიძულებს მას, ითანამშრომლოს ისლამური აღმსარებლობის თემის სხვა წარმომადგენლებთან, მათ შორის, სუნიტური დენომინაციის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებთან, რათა სახელმწიფოსგან მიიღოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაცია. ამავდროულად, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, კერძოდ, სადავო დადგენილებით განსაზღვრულ ქრისტიანული რელიგიის დენომინაციებს - რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე ორგანიზაციებს - არ მოეთხოვებათ აღნიშნული ტიპის თანამშრომლობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ, რეორგანიზაციის გზით გაერთიანების ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღონ კომპენსაცია. მოსარჩელე მხარის მითითებით, არსებითად თანასწორ პირებს შორის აღნიშნული დიფერენცირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს თანასწორობის უფლებას. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს პირთათვის სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. სამართლის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, თანასწორობის კონსტიტუციური უფლების მიზანს არ წარმოადგენს პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა ან/და მათი ხელოვნური, მექანიკური გათანაბრება. თანასწორობის უფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს სუბიექტთა მიმართ თანაბარი მოპყრობა, რაც შედარებადი პირების მიმართ ერთნაირი მოთხოვნების დაწესებაში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებაში გამოიხატება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). მაშასადამე, აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპის ზოგადი დატვირთვა ვლინდება სახელმწიფოს ვალდებულებაში, რომ თანასწორი სუბიექტები ერთმანეთისაგან არ განასხვაოს და ფორმალურად არ დაუდგინოს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, არ დააკისროს მათ არათანაბარი სამართლებრივი ტვირთი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

8. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, არსებითად თანასწორ პირებს სახელმწიფო ეპყრობა უთანასწოროდ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველესად, იმსჯელებს თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტზე, ხოლო შემდგომ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეაფასებს დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

4. დაცული სფეროს შეზღუდვის იდენტიფიცირება

9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა განსაზღვრავს განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმს, ერთი მხრივ, ისლამური აღმსარებლობის სახელით მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებსა და, მეორე მხრივ, ქრისტიანული რელიგიის დენომინაციებს - რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე ორგანიზაციებს შორის. მოსარჩელემ შესადარებელ პირთა იდენტიფიცირების დროს მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების სადავო ნორმა შიიტური და სუნიტური ისლამის აღმსარებლობის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებს აიძულებს, კომპენსაციის მიღების მიზნით გაერთიანდნენ/ითანამშრომლონ, მაშინ, როდესაც დაფინანსების მიმღებები არიან, მათ შორის, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებები, რომელთაც ამგვარი ასოცირების ვალდებულება არ ეკისრებათ. ამდენად, მოსარჩელე დავობს იმ საკითხზე, რომ მას დამოუკიდებლად, სუნიტური ისლამის აღმსარებლობის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გარეშე, არ შეუძლია დაფინანსების მიღება.

10. განსახილველ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილება განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების გაცემის წინაპირობებსა და წესს. ხსენებული დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოთვლის იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ესენია: ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებები. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ, თუკი იმ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, ანაზღაურების მისაღებად აუცილებელია, ეს გაერთიანებები ან რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ან შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რელიგიური გაერთიანება ვერ შეძლებს შესაბამისი ანაზღაურების მიღებას.

11. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ ხსენებული დადგენილება ვრცელდება მის მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რე­გისტ­რირებულ რელიგიურ ორგანიზაციებზე. ამდენად, კომპენსაციის მიღების უფლება მიენიჭათ იმ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც 2014 წლის 30 იანვრამდე (სადავო დადგენილების ამოქმედების თარიღამდე) შესაბამისი ფორმით იყვნენ რეგისტრირებულნი. უფლების მოპოვების წინაპირობად, გარკვეულ თარიღამდე რეგისტრაციის ფაქტზე მითითება გულისხმობს, რომ სუბიექტთა წრე ამომწურავად არის განსაზღვრული და მისი შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა. ამასთანავე, სადავო რეგულაციიდან გამომდინარე, იდენტიფიცირებად მოცემულობას წარმოადგენდა, თუ კონკრეტულად რომელ სუბიექტებს შეეძლებოდათ კომპენსაციის მიღება დამოუკიდებლად და რომელ მათგანს მოუწევდა რეორგანიზაცია ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა.

12. სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს ვერანაირი გავლენა ვერ ექნებათ იმ გარემოებაზე, სხვა სუბიექტებიც დარეგისტრირდებიან თუ არა იმავე რელიგიის მიმდევრებად. შესაბამისად, მათ თავისუფალ ნებაზე ან რაიმე ქმედებაზე არ არის დამოკიდებული ის, თუ რა ფორმით შეძლებენ კომპენსაციის მიღებას - დამოუკიდებლად, თუ რეორგანიზაციის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის შედეგად.

13. ამდენად, სადავო ნორმაში მითითებულ სუბიექტთა ნაწილს უფლება აქვს, კომპენსაცია მიიღოს დამოუკიდებლად, ხოლო ნაწილს მოეთხოვება რეორგანიზაცია ან ერთი და იმავე რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რეგისტრირებულ ყველა ორგანიზაციასთან ერთად, წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა გამოიწვევს კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმას. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც იქმნება წარმომადგენლობითი საბჭო, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მის შემადგენლობაში მყოფი ყველა ორგანიზაცია სოლიდარულად არის პასუხისმგებელი მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე და სუბიექტის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმის გამო, რომ მასთან ერთად წარმომადგენლობით საბჭოში მყოფი სხვა ორგანიზაცია არამიზნობრივად ხარჯავს მიღებულ კომპენსაციას ან არღვევს სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს.

14. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დიფერენცირება ხორციელდება იმ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ, დამოუკიდებლად, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გარეშე მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია და, რომლებსაც ამ უფლების რეალიზებისათვის, მოეთხოვებათ რეორგანიზაციის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა.

15. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად, საკმარისი არ არის მხოლოდ დიფერენცირების ფაქტის დადგენა. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა პირის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მითითებული კონსტიტუციური უფლებიდან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, განისაზღვროს, დიფერენცირებული ჯგუფები რამდენად წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირდაპირი დიფერენცირების შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, პირები, როგორც წესი, არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. ასეთ დროს სასამართლო ახდენს შესადარებელი პირების არსებითად თანასწორად პრეზუმფცირებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოკვეთილია რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებს მათი განსხვავებულად განხილვის საჭიროებაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება მათ განსხვავებულად განხილვას მოითხოვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

18. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმაში მითითებული სუბიექტები კომპენსაციის მიღებას შეძლებენ დამოუკიდებლად, თუ მოუწევთ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, დამოკიდებულია მათი რელიგიის/აღმსარებლობის სახელით რეგისტრირებული ორგანიზაციების რაოდენობაზე. თუკი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მიღების დროს კონკრეტული რელიგიის/აღმსარებლობის სახელით რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, მას კომპენსაციის მიღება შეუძლია დამოუკიდებლად, ერთზე მეტი ორგანიზაციის არსებობის შემთხვევაში კი, მათ უწევთ რეორგანიზაცია ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა. კომპენსაციის მიღების მიზანთან მიმართებით, ის ფაქტი, თუ რამდენი ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული სადავო დადგენილების მიღების დროს კონკრეტული რელიგიის/აღმსარებლობის სახელით, ვერ განაპირობებს შესადარებელ პირთა არსებითად განსხვავებულ სუბიექტებად განხილვას.

19. ყოველივე ზემოაღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, წარმოადგენს დიფერენცირებას არსებითად თანასწორ პირთა შორის და იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვას.

5. შეზღუდვის კონსტიტუციურობა

5.1. შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასების ტესტი

20. არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისთავად, არ იწვევს თანასწორობის უფლების დარღვევას, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი არ არის აბსოლუტური ხასიათის და დემოკრატიულ სახელმწიფოში შესაძლებელია, მისი შეზღუდვა კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებული იყოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, მისი კონსტიტუციურობის შეფასების მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას ... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

22. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, დიფერენცირების ნიშნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, გაირკვეს, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ხომ არ ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან ხომ არ არის იგი მაღალი ინტენსივობის.

23. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დადგენილებით გათვალისწინებული ქრისტიანული რელიგიის დენომინაციებისგან განსხვავებით, ისლამური რელიგიის შიიტური და სუნიტური დენომინაციების მიმართ დიფერენცირებული უფლებრივი რეჟიმის განსაზღვრა უკავშირდება რელიგიურ კუთვნილებას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობა ხორციელდება რელიგიური ნიშნით, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში სახელდებით არის მოხსენიებული. ამდენად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სახეზეა დიფერენცირების შესაფასებლად „მკაცრი ტესტის“ გამოყენების საფუძველი.

24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, რელიგიური ნიშნით დიფერენცირება ხდება მაშინ, როდესაც რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას, სხვა, არსებითად თანასწორი პირებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო სამართლებრივ უპირატესობას ანიჭებს. ამასთან, სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციის მიმართ უფრო კეთილმოსურნედ მოპყრობა ან დამატებითი ბარიერების დაწესება განპირობებული უნდა იყოს მისი კონკრეტული რელიგიისადმი კუთვნილებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/1/811 გადაწყვეტილება საქმეზე „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/2/671 გადაწყვეტილება საქმეზე „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, რელიგიური ნიშნით დიფერენცირების დასადგენად, აუცილებელია, გაანალიზდეს განსხვავებული მოპყრობის რეალური მიზანი და მისი ბმა შესადარებელ პირთა რელიგიურ კუთვნილებასთან.

25. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, ყველა იმ რელიგიური ორგანიზაციისათვის, რომელსაც გააჩნია კომპენსაციის მიღების უფლება, განისაზღვრა საერთო, ზოგადი წესი და დადგინდა, რომ, თუკი იმ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, ანაზღაურების მისაღებად აუცილებელია, ეს გაერთიანებები ან რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ან შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი. ამდენად, კომპენსაციის მისაღებად წარმომადგენლობითი საბჭოს ჩამოყალიბების ან ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეორგანიზების ვალდებულება თანაბრად ვრცელდება ყველა იმ სუბიექტზე, რომელიც დააკმაყოფილებს სადავო ნორმაში მითითებულ კრიტერიუმს, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ რელიგიას/აღმსარებლობას განეკუთვნება კონკრეტული ორგანიზაცია.

26. ანალოგიურზე მიუთითებს 2024 წლის 24 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის მიერ წარმოდგენილი წერილი. კერძოდ, სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ კომპენსაციის მისაღებად წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა მოუწიათ, როგორც მუსლიმი, ისე საქართველოს რომაულ-კათოლიკური თემის ორგანიზაციებს. საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლობით საბჭოში ერთიანდება სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ და სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა გაერთიანება“, ხოლო საქართველოს რომაულ-კათოლიკური თემის წარმომადგენლობით საბჭოში - სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „საქართველოში ასირიულ-ქალდეურ კათოლიკური თემი“ და სსიპ „აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინატი“. ამდენად, კომპენსაციის მიღების მიზნებისათვის, წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა ევალებათ არამხოლოდ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს, არამედ ყველა იმ რელიგიურ მიმდინარეობას, რომლის აღმსარებლობის სახელითაც რეგისტრირებულია ერთზე მეტი ორგანიზაცია.

27. ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარესა და სხვა შესადარებელ პირებს შორის დიფერენცირების ნიშანი არ ყოფილა მათი რელიგიური კუთვნილება. არც სადავო ნორმის მიზნიდან, მისი შინაარსიდან და არც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი განმარტებებიდან არ იკვეთება კონკრეტული რელიგიური კუთვნილების სუბიექტებისთვის ამგვარი კუთვნილების საფუძვლით რაიმე უპირატესობის ან სარგებლის მინიჭების მიზანი.

28. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება რელიგიური ნიშნით შესადარებელ პირთა დიფერენცირების ფაქტი და განსხვავებული მოპყრობა ხორციელდება ისეთი ნიშნით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში სახელდებით მოხსენიებული არ არის. ამდენად, სახეზე არ არის დიფერენცირების შესაფასებლად მკაცრი ტესტის გამოყენების პირველი საფუძველი.

29. ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, არსებითად თანასწორი პირები, რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან ანუ დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). ამავდროულად, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

30. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილება განსაზღვრავს ორიდან ერთ-ერთი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას, თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება. კერძოდ, რელიგიურ ორგანიზაციებს კომპენსაციის მისაღებად შეუძლიათ, რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ან შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი, ამ ფორმით განხორციელდება მათი ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან და შესაბამისი ანაზღაურების მიღება. მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნა სწორედ წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის ვალდებულების პრობლემურობაზე იყო ორიენტირებული. შესაბამისად, უნდა შეფასდეს აღნიშნული გაერთიანების ბუნება და პირის უფლებრივ მდგომარეობაზე მისი გავლენის ინტენსივობა.

31. მოპასუხის პოზიციით, რაც აგრეთვე დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი საერთო სასამართლოების მიერ სადავო რეგულირებასთან დაკავშირებით გაკეთებული ავტორიტეტული განმარტებებით, წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის მიზანია, ერთი რელიგიური აღმსარებლობის სახელით დარეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბონ სუბიექტი, რომელიც წარადგენს რელიგიური თემის საჭიროებების შესახებ ერთიან პოზიციას და შეასრულებს ერთგვარი „შუამავლის“, „გამტარის“ ფუნქციას სახელმწიფო ორგანოებსა და კომპენსაციის მიმღებ ბენეფიციართა შორის ურთიერთობაში (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-597-556-2017). შესაბამისად, წარმომადგენლობითი საბჭოს ფუნქციური დატვირთვა ამოიწურება კომპენსაციის სახით მიღებული თანხის წევრ ორგანიზაციებს შორის განაწილებით და მისი რეგულირების მიღმაა რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, იგი არ ზღუდავს პირთა თავისუფლებას, გაიზიარონ ან არ გაიზიარონ კონკრეტული რწმენა, ჰქონდეთ და გამოავლინონ რელიგიური ან არარელიგიური მრწამსი ანდა ისარგებლონ აღმსარებლობის თავისუფლებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის №2/5/750 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", II-4).

32. ამდენად, წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა არ ითვალისწინებს ფინანსური ურთიერთთანამშრომლობის მიღმა რელიგიურ ასოცირებას, იგი არ ზღუდავს რელიგიური ორგანიზაციების იდენტობასა და ავტონომიურობას, არამედ მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს მატერიალური რესურსის, სოციალური დანიშნულების მქონე გასაცემელის, ეფექტიანი ადმინისტრირება/მიწოდება ერთი აღმსარებლობის მქონე რელიგიური თემისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ამ მხრივ, წარმომადგენლობით საბჭოში კომპენსაციის მიღების მიზნით გაერთიანება არ ახდენს ინტენსიურ გავლენას მოსარჩელე მხარის უფლებრივ მდგომარეობაზე.

33. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, განსხვავებული მოპყრობა მოსარჩელის მიმართ არ არის ინტენსიური ხასიათის და შესადარებელ სუბიექტებს შორის დიფერენცირება არ აღწევს იმ ხარისხს, რომელიც მოითხოვდა უთანასწორობის შეფასებას „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით. ამდენად, წინამდებარე საქმეში იდენტიფიცირებული დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს „რაციონალური დიფერენცირების ტესტის“ საფუძველზე.

5.2. დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობა

34. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობას იკვლევს რაციონალური ტესტის საფუძველზე, „დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისათვის საჭიროა, სადავო ნორმამ დააკმაყოფილოს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთება, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

35. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმით, ყველა იმ რელიგიური ორგანიზაციისათვის, რომელსაც გააჩნია კომპენსაციის მიღების უფლება, განისაზღვრა საერთო, ზოგადი წესი და დადგინდა, რომ, თუკი იმ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, ანაზღაურების მისაღებად აუცილებელია, ეს გაერთიანებები ან რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ან შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი მუსლიმ შიიტურ და სუნიტურ თემს ავალდებულებს, გაერთიანდნენ/ითანამშრომლონ წარმომადგენლობით საბჭოში. ამდენად, მოსარჩელე დავობს იმ საკითხზე, რომ მას დამოუკიდებლად, სუნიტური ისლამის აღმსარებლობის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გარეშე, არ შეუძლია დაფინანსების მიღება.

36. ამდენად, უნდა დადგინდეს თუ რა მიზნით არის განპირობებული წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის ვალდებულების გავრცელება, მათ შორის, სუნიტური და შიიტური ისლამის აღმსარებლობის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით. მომდევნო ეტაპზე კი უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა რეალური და რაციონალური კავშირი სადავო რეგულაციის მიღების ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედებით მიღწეულ შედეგს შორის.

37. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ერთი რელიგიური მიმდინარეობის/აღმსარებლობის რამდენიმე ორგანიზაციისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნის ვალდებულების დაკისრების ლეგიტიმური მიზანია, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს რელიგიური ორგანიზაციებისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის ეფექტიანი წესის განსაზღვრა, რათა სახელმწიფოს მიერ დადგენილი კომპენსაცია, ორგანიზაციების გავლით, მივიდეს უშუალოდ ამ რელიგიის მიმდევარ თემამდე და ეს თანხა მოხმარდეს მათ საჭიროებებს. რაც შეეხება ისლამური თემის ცალკეული დენომინაციებისათვის კომპენსაციის დამოუკიდებლად მიცემას, მოპასუხემ მიუთითა, რომ ამგვარი მოწესრიგება შეუძლებელი/განსაკუთრებით რთულია, რამდენადაც არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, საქართველოში ისლამური თემის რა ნაწილია შიიტური ან სუნიტური დენომინაციის მიმდევარი, მათ შორის, თემის წევრების მიერ თვითიდენტიფიკაციის სურვილის არარსებობის გამო. ამასთან, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში რეგისტრირებული ისლამური აღმსარებლობის მქონე რელიგიური ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი, ყველაზე დიდი გაერთიანება წარმოადგენს როგორც სუნიტური, ასევე შიიტური მიმდინარეობის მუსლიმ თემს. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმა მიზნად ისახავს ისლამური თემისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ეფექტური მექანიზმის შექმნას.

38. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რელიგიური თემისათვის განსაზღვრული ფინანსური ბენეფიტის განაწილების და მატერიალური რესურსის ადმინისტრირების ეფექტიანი წესების განსაზღვრა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია. ამ მხრივ, სახელმწიფო უფლებამოსილია, განსაზღვროს იმგვარი რეგულირება, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ადმინისტრაციულ სირთულეებს, იქნება ეკონომიური, ეფექტიანი და გაამარტივებს მატერიალური რესურსის ბენეფიციართათვის მიწოდებას. შესაბამისად, აღნიშნული ინტერესის დაცვა, შესაძლებელია, ჩაითვალოს ლეგიტიმურ მიზნად, რომლის მისაღწევადაც კანონმდებელი უფლებამოსილია, შეზღუდოს სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. თუმცა მითითებული მიზნის ლეგიტიმურობასთან ერთად, განსახილველ შემთხვევაში, აგრეთვე უნდა შემოწმდეს, რამდენად არის კანონმდებლის მიერ ამ მიზნის მისაღწევად შერჩეული ნორმატიული წესი დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში.

39. იმისათვის, რათა შეფასდეს, არის თუ არა მოპასუხე მხარის მიერ შერჩეული ღონისძიება დასახელებულ მიზანთან რაციონალურ კავშირში, უპირველესად, უნდა გაანალიზდეს ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო განსაზღვრავს თითოეული რელიგიური გაერთიანებისთვის გათვალისწინებულ სიმბოლურ, სოციალური დანიშნულების მქონე კომპენსაციის ოდენობას. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით განსაზღვრული წესი არ მიუთითებს იმ კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა განისაზღვროს რელიგიური ორგანიზაციებისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სიმბოლური კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც თითოეული რელიგიური თემისათვის გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მათი მრევლისა და საკულტო ნაგებობების რაოდენობას, ხოლო, აქედან გამომდინარე, მათ საჭიროებებს. ამასთან, რელიგიის სააგენტოს წლიურ ანგარიშებში მითითებულია, რომ რელიგიური ორგანიზაციებისათვის ნაწილობრივი და სიმბოლური ზიანის ანაზღაურებისას, არადისკრიმინაციული და სამართლიანი პროპორციულობით ანაზღაურების მიზნით, მხედველობაში მიიღება რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციები, ფაქტობრივი გარემოებები და ობიექტური მაჩვენებლები (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა).

40. ერთ-ერთი ობიექტური მაჩვენებელი/კრიტერიუმი, რომელიც რელიგიის სააგენტოს მიერ მხედველობაში მიიღება ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას, არის მრევლის რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ რელიგიის სააგენტო 2014 წელს კომპენსაციის განაწილებისას დაეყრდნო საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგებს, რომლის თანახმადაც, იმ დროისათვის საქართველოში ცხოვრობდა 433 784 ათასი მუსლიმი, რაც მთლიანი მოსახლეობის 9.9 %-ს შეადგენდა. მითითებული საყოველთაო აღწერის საფუძველზე არ ყოფილა დადგენილი მუსლიმურ რელიგიურ თემში ამა თუ იმ დენომინაციის მრევლის რაოდენობა, თუმცა აღწერის შედეგებში ცალ-ცალკე იყო განსაზღვრული, მათ შორის, მართლმადიდებლური, კათოლიკური, სომხურ-გრიგორიანული და იუდეური რელიგიური მიმდინარეობების მქონე პირთა რაოდენობა. შემდგომ წლებში, რელიგიის სააგენტო კომპენსაციის რაოდენობის განსაზღვრისას უკვე ეყრდნობოდა 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებს, რომელიც მიუთითებდა საქართველოში მცხოვრები მუსლიმი აღმსარებლობის მქონე პირთა საერთო რაოდენობაზე, თუმცა კვლავაც არ განსაზღვრავდა ცალ-ცალკე შიიტური და სუნიტური დენომინაციების მრევლის რაოდენობას. ამდენად, ირკვევა, რომ საქართველოში არასდროს ჩატარებულა საყოველთაო აღწერა, რომლის საფუძველზეც დადგენილი იქნებოდა ქვეყანაში მცხოვრები შიიტური და სუნიტური დენომინაციების მრევლის ოდენობა.

41. მიუხედავად ამისა, ცალკე აღებული აღნიშნული გარემოება, ცხადია, არ მიუთითებს დიფერენცირებული მოპყრობის გონივრულობაზე, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ, ზოგადად, მხოლოდ ადმინისტრაციული/ტექნიკური სირთულეები არ შეიძლება ქმნიდეს უფლების შეზღუდვისთვის საკმარის საფუძველს, რადგან მათი ზიდვის ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). ის ადმინისტრაციული სირთულე, რომ არ არსებობს სტატისტიკური მონაცემი, საქართველოში მცხოვრები მუსლიმი აღმსარებლობის მქონე პირთა საერთო რაოდენობიდან რამდენი პირია ამა თუ იმ დენომინაციის მრევლი, ვერ იქნება დიფერენცირების გასამართლებლად თვითკმარი არგუმენტი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც ასეთი სირთულის დაძლევა დაკავშირებულია, სახელმწიფოს მხრიდან, არაგონივრულად დიდი ძალისხმევის გაწევის აუცილებლობასთან ან ობიექტურ შეუძლებლობასთან. შესაბამისად, იმისათვის, რათა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალება მიჩნეულ იქნეს გონივრულად, მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო საკითხის სხვაგვარად მოწესრიგების შესაძლებლობა არ არსებობს ან მისი შესრულება მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან იმდენად დიდი ძალისხმევის გაწევას, რომ ამ ტვირთის სახელმწიფოსათვის დაკისრება გონივრულობის ფარგლებს სცდება.

42. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სპეციალისტად მოწვეულმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანი გელოვანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა ამა თუ იმ დენომინაციისათვის მიკუთვნების პრობლემურობაზე. კერძოდ, სპეციალისტმა მიუთითა, რომ ერთ-ერთი არაოფიციალური სოციოლოგიური კვლევის პირობებში იყო მცდელობა, რომ დადგენილიყო საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის რა ნაწილი მიეკუთვნებოდა შიიტურ და სუნიტურ მიმართულებებს, მაგრამ უშედეგოდ, რადგან, რიგ შემთხვევებში, მუსლიმური თემის წარმომადგენლები თვითიდენტიფიკაციას ახდენდნენ მუსლიმად და კატეგორიულად არიდებდნენ თავს შიიტურ ან სუნიტურ დენომინაციასთან ასოცირებას.

43. დამატებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, როგორც საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან და საქმის განხილვის არსებით სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციებიდან ირკვევა, ისლამური აღმსარებლობის მქონე ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც იღებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას, არ არის ცალსახად დაყოფილი შიიტური და სუნიტური დენომინაციის მქონედ. კერძოდ, საქმის განხილვის არსებით სხდომაზე, როგორც მხარეებმა, ასევე მოწვეულმა სპეციალისტებმა მიუთითეს, რომ საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი ორგანიზაცია, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ წარმოადგენს, ზოგადად, მუსლიმი თემის ინტერესებს და, შესაბამისად, იგი აერთიანებს ერთი ორგანიზაციის ქვეშ როგორც შიიტ, ასევე სუნიტ მრევლს. გარდა ამისა, როგორც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოირკვა, მითითებული ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონებით, ორივე დენომინაციის მიმდევრები სარგებლობენ, ხოლო მმართველობით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება ინკლუზიური თანამონაწილეობით.

44. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ირკვევა, რომ, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა თემის რა ნაწილია შიიტური ან სუნიტური დენომინაციების მიმდევარი. დამატებით, აღნიშნულ დენომინაციებთან მრევლის თვითიდენტიფიცირებისას ვლინდება პრაქტიკული ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვნად ართულებს რელევანტური სტატისტიკის მოპოვებას. ამასთან, თუნდაც ზემოაღნიშნული საკითხის პრობლემურობა გადაიჭრას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეგისტრირებული მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციებიდან ყველა მათგანი არ წარმოადგენს რომელიმე დენომინაციას, გონივრულია დაშვება, რომ განსაკუთრებით რთული ხდება ცალკეული რელიგიური ორგანიზაციისადმი მრევლის კუთვნილების საკითხის და, შესაბამისად, ანაზღაურების რაოდენობის განსაზღვრა.

45. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებულ გადაწყვეტას გააჩნია რაციონალური საფუძველი და უზრუნველყოფს მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, გასაჩივრებულ რეგულაციას გააჩნია რაციონალური საფუძველი, იგი აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ დაკმაყოფილდეს №750 კონსტიტუციური სარჩელი („სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები