საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ
დოკუმენტის ტიპი: განჩინება
ნომერი : N3/7/1848,1849
კოლეგია/პლენუმი: პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი: 29 ნოემბერი 2024
გამოქვეყნების თარიღი: 3 დეკემბერი 2024 14:45
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.
დავის საგანი: №1848 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით: ა.ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტების, 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 765 მუხლის კონსტიტუციურობა; ა.ბ) „ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 11 ოქტომბრის №51/2024 დადგენილებისა და „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულების კონსტიტუციურობა; ა.გ) „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებისა და „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ბიულეტენების ფორმებისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახის დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის №265/2024 განკარგულების კონსტიტუციურობა;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 131-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის ,,დ“, ,,დ.ა“ და ,,დ.ბ“ ქვეპუნქტებისა და 724 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 ნოემბრის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
№1849 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით: ა.ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „ა“, „დ“, ,,დ.ა“ და ,,დ.ბ“ ქვეპუნქტების, 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, 765 მუხლისა და 131-ე მუხლის კონსტიტუციურობა; ა.ბ) „ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 11 ოქტომბრის №51/2024 დადგენილებისა და „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულების კონსტიტუციურობა; ა.გ) „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების და „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ბიულეტენების ფორმებისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახის დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის №265/2024 განკარგულების კონსტიტუციურობა;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის №28/2024 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ კონსტიტუციურობა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1848) მომართა საქართველოს პრეზიდენტმა. №1848 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2024 წლის 20 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1849) მომართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა: თამარ კორძაიამ, ლევან ბეჟაშვილმა, გიორგი ბოტკოველმა და სხვებმა (სულ 30 წევრი). №1849 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 22 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს.
2. №1848 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 37-ე მუხლის პირველი პუნქტი; №1849 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 37-ე მუხლი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (შემდგომში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“) მე-3 მუხლი ადგენს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითად პრინციპებს. ამგვარ ძირითად პრინციპად ხსენებული მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს არჩევნებში/რეფერენდუმში/პლებისციტში მონაწილეობის საყოველთაო უფლებას, „ბ“ ქვეპუნქტი კი თანასწორ საარჩევნო უფლებას. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. ამ საარჩევნო უბნების შედეგებს ცალკე ოქმით აჯამებს ცესკო“. დასახელებული კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფ ამომრჩეველთა წრეს, რომლებიც შეჰყავთ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, ადგენს ამ პირთა სიის შედგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს და ცესკოსათვის მისი გადაცემის ვადებს, ისევე როგორც აწესრიგებს ამომრჩევლის საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს. თავის მხრივ, „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულებით, მოწესრიგებულია საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის საკითხი, ხოლო „ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე“, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 11 ოქტომბრის №51/2024 დადგენილება განსაზღვრავს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულებით, ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებთან მიმართებით, დამატებით ახალი საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურებს. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ზემოაღნიშნული სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის ვალდებული, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე ხელმისაწვდომობა არაგონივრული დაბრკოლებების გარეშე, მათ შორის, საარჩევნო უბნების შექმნით, მათი ადგილსამყოფლის გათვალისწინებით.
4. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითად პრინციპად ითვალისწინებს კენჭისყრის ფარულობასა და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. ამავე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ფარული კენჭისყრით ჩატარების მოთხოვნას, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა, ხოლო „დ.ბ“ ქვეპუნქტი კრძალავს ამომრჩევლის იძულებას, დაშინებასა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას და მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებასთან მიმართებით, ანალოგიურ მოთხოვნას ითვალისწინებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 63-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საარჩევნო ბიულეტენის დაბეჭდვის მოთხოვნას ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც. ამავე კოდექსის 765 მუხლის თანახმად კი, განსაზღვრულია, ცესკოს განკარგულებით, საარჩევნო ბიულეტენის ფორმის, ტექსტისა და შევსების წესის, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩო–კონვერტის სახეების, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმისა და სახის დადგენის ნორმატიული მოთხოვნა. თავის მხრივ, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 724 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ასევე არეგულირებს საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმისა და სახის დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან მიმართებით.
5. „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, საერთო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში, საარჩევნო ბიულეტენის ფორმისა და შევსების წესის, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის სახეების, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმისა და სახის დადგენის უფლებამოსილებას ანიჭებს ცესკოს. ამასთან, ითვალისწინებს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენის ტექსტის უსკოს განკარგულებით დადგენის და საარჩევნო ბიულეტენის საბოლოო ტექსტის დადგენის მიზნით, მისი ცესკოსათვის გაგზავნის ნორმატიულ მოთხოვნას. ამავე დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი აწესრიგებს ხმის მიცემის პროცედურის ჩატარების წესსა და თანმიმდევრულობას. დასახელებული პუნქტის ,,ე“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია ამომრჩევლის მიერ ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსების, საარჩევნო ბიულეტენის სპეციალურ აპარატში მოთავსებისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბნის დატოვების, ისევე როგორც ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მიერ საარჩევნო ბიულეტენის უკან დაბრუნების შემთხვევასთან დაკავშირებული პროცედურული ეტაპები. თავის მხრივ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის №265/2024 განკარგულება, კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ფორმებს, სპეციალური ჩარჩო კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახეებს. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ზემოაღნიშნული სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ფარულობის დარღვევა არ გულისხმობს იმის გამჟღავნებას, თუ ვის არ მისცა ხმა ამომრჩეველმა, ასევე, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კენჭისყრის ფარულობის დაცვაზე პასუხისმგებლობას აკისრებს თავად ამომრჩეველს და რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ავალდებულებს, იმგვარად ჩატარდეს კენჭისყრის პროცედურა, რომ დაცული იყოს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი და ქმნის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესაძლებლობას საარჩევნო ბიულეტენის, ჩარჩო-კონვერტის და სპეციალური მარკერის ტექნიკური მონაცემების გაუთვალისწინებლობის გამო.
6. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულია, შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის, საოლქო საარჩევნო კომისიის/საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირისა და ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადები. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1643 მუხლით, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებისას, არ აძლევს საქმის განხილვის შეჩერების უფლებამოსილებას. „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის №28/2024 დადგენილებით დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია დადგენილების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ითვალისწინებს ფარულობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, ე.წ. ტრადიციული წესით კენჭისყრის პროცედურის (ხმის მიცემის პროცედურის) გაგრძელების შესაძლებლობას.
7. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 131-ე მუხლი ადგენს არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის რეგისტრაციის წესს. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომლის თანახმადაც, ცესკო უფლებამოსილია, რეგისტრაციაში გაატაროს არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრები და გასცეს მათზე, დროებით, მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და მის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობას. თავის მხრივ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 ნოემბრის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი“ ადგენს შესაბამის არჩევნებზე დაფიქსირებულ მონაცემებს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, პროცენტს, მიღებული მანდატების რაოდენობასა და არჩეულ პირთა ვინაობას.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს აცხადებს დემოკრატიულ რესპუბლიკად, მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით“, ხოლო მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ხელისუფლების მითვისებისა და საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირების ან გაზრდის დაუშვებლობის გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლებას და უზრუნველყოფილად აცხადებს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება, ხოლო 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან“. თავის მხრივ, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა და მისი არჩევის საკითხებს.
9. კონსტიტუციური სარჩელების ავტორები, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებენ კონსტიტუციურ დათქმაზე, რომელიც დაუშვებლად აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა, იმავდროულად, არ გულისხმობს ხსენებულ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელების შეტანისა და განხილვის დაუშვებლობას. იგი მიემართება მხოლოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დათქმა არ გამორიცხავს, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდგომ, არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობის კონტროლს. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო წლის განმავლობაში შესაძლებელია იმგვარი ნორმების არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობა, რომელთა წინასწარ არაგანჭვრეტადი შინაარსი ხსენებულ პერიოდში გამოვლინდა. თავის მხრივ, იმის გამო, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის საკითხი გამოვლინდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მის შემდგომ პერიოდში, რაც ხსენებულ პერიოდამდე ვერ იქნებოდა განჭვრეტადი, ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებას.
10. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 23-ე მუხლის მე-7 პუნქტზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის გახსნა ცესკოს კომპეტენციას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი ამ პროცესში ცესკოსათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება. მოსარჩელე მხარის პოზიციით, აღნიშნული არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ამ ინფორმაციის დამუშავება არჩევნების საყოველთაობისა და თანასწორობის პრინციპების უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ცესკომ, როგორც არჩევნების წარმართვაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, უნდა მიმართოს ყველა ზომას ამომრჩეველთა უფლებების დასაცავად სახელმწიფოს ფარგლებში, თუ მის მიღმა. ამ კონტექსტში, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ცესკო არ არის შეზღუდული, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დროებითი საკონსულო დაწესებულების გახსნის მოთხოვნით, სადაც შესაძლებელი იქნება საარჩევნო უბნის გახსნა.
11. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის ცესკოს მიერ სხვა სახელმწიფოში უბნების შექმნა მის ვალდებულებას წარმოადგენს და არა დისკრეციულ უფლებამოსილებას, რამდენადაც კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და არ ტოვებს სივრცეს ინტერპრეტაციისთვის. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საერთო სასამართლოებმა არ გაიზიარეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმგვარი განმარტება, რომ იგი იმპერატიულად ადგენს ცესკოს ვალდებულებას, სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით, 50 და მეტი ამომრჩევლის რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ადგილას გახსნას საარჩევნო უბანი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ხსენებული ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც გულისხმობს ცესკოს დისკრეციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის განსაზღვრასთან მიმართებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, საფრთხეს უქმნის საარჩევნო უფლების რეალიზებასა და, შედეგად, სახალხო სუვერენიტეტის პრინციპსა და დემოკრატიას.
12. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობაზე ხელმისაწვდომობა. თავის მხრივ, ამომრჩევლის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინების გარეშე საარჩევნო უბნების შექმნა, წარმოადგენს არამართლზომიერ ჩარევას საარჩევნო უფლებაში. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის, სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნები შეიქმნა მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური მისიების ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ კონტექსტში, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გახსნას იმგვარად, რომ მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა, მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად. ამასთან, არც ხსენებული მუხლისა და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტის მოთხოვნას არ წარმოადგენს საარჩევნო უბნების მუდმივმოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე გახსნა. ამგვარი განმარტების შემთხვევაში, ამომრჩეველს მოუწევს ასეულობით კილომეტრის გავლა ხმის მისაცემად. ასეთი მიდგომით კი, დაირღვევა არჩევნების საყოველთაობისა და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დასახელებული პრინციპების დაცვას უზრუნველყოფს ერთ საარჩევნო უბანში მეტ-ნაკლებად ახლომდებარე დასახლებების გაერთიანება, რომლებშიც ჯამურად 50 ან მეტი ამომრჩეველია.
13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულების საფუძველზე, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის შეიქმნა 60 საარჩევნო უბანი 42 სახელმწიფოში. მოსარჩელეების არგუმენტაციით, ზემოაღნიშნული განკარგულების შექმნის დროისათვის ამოწურული არ იყო საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეთა დადგომის, ისევე როგორც საკონსულო აღრიცხვაზე არმდგომი და საზღვარგარეთ რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანზე რეგისტრაციის ვადა. ამ თვალსაზრისით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გაგზავნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საბოლოო მონაცემს და ცესკოს შეეძლო ახალი საარჩევნო უბნების შექმნა ამომრჩეველთა ოდენობის გაზრდის შემთხვევაში. ამასთან, არჩევნებამდე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეტანილი იქნა განცხადებები სხვა სახელმწიფოების 50-მდე ქალაქში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით. მოსარჩელე მხარის მითითებით, 2024 წლის 11 ოქტომბრის №51/2024 განკარგულების საფუძველზე, ცესკომ, მართალია, შექმნა დამატებითი საარჩევნო უბნები, თუმცა მხოლოდ იმ სახელმწიფოებში, სადაც უკვე იყო განსაზღვრული საარჩევნო უბნების გახსნა.
14. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულებისა და 2024 წლის 11 ოქტომბრის №51/2024 დადგენილების საფუძველზე, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნით, ცესკომ ვერ უზრუნველყო არჩევნების საყოველთაობის პრინციპის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო პერიოდში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა 270 000-ზე მეტი ამომრჩეველი, კენჭისყრის დღემდე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაკარგა ამომრჩეველთა უმრავლესობამ, რამდენადაც ცესკომ არ შექმნა ხსენებული უფლებით სარგებლობის სათანადო გარანტიები. კერძოდ, არ გახსნა თანაზომიერი და პროპორციული ოდენობის და შესაბამისი ადგილმდებარეობის საარჩევნო უბნები. იმავდროულად, ამომრჩევლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გაევლოთ სათანადო რეგისტრაცია მათთვის ხელმისაწვდომ უბნებზე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ცესკოს მოქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს. ამავდროულად, უგულებელყოფილი კონსტიტუციური ნორმების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სისტემის მთლიანობას.
15. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო დისკრიმინაციულად მიუდგა სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების გახსნას, რამდენადაც დაუსაბუთებელია, რა საფუძვლით იხელმძღვანელა საარჩევნო ადმინისტრაციამ სახელმწიფოთა ნაწილში საარჩევნო უბნების შექმნის, ნაწილში კი აღნიშნულზე უარის თქმისას. დამატებით, მოსარჩელეების განმარტებით, კანონმდებლის ნებას არ წარმოადგენს საარჩევნო ცენზის დადგენა ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, რამდენადაც ამგვარი ცენზი დადგენილია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის. მოსარჩელე მხარის პოზიციით, არჩევნებში არადისკრიმინაციულად მონაწილეობის უფლება, მათ შორის, გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ საცხოვრებელი ადგილი არ წარმოადგენდეს ბარიერს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის. მოსარჩელეების მითითებით, აღნიშნული მოთხოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, რამდენადაც პარლამენტის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირებისათვის, მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქის ჩართულობის უზრუნველყოფა, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა.
16. მოსარჩელე მხარე პარალელს ავლებს საქართველოში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებულ მოწესრიგებასთან და განმარტავს, რომ საქართველოში საარჩევნო უბნების შექმნისათვის ამომრჩეველთა ქვედა ზღვარს წარმოადგენს არანაკლებ 20 ამომრჩეველი. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების შექმნის პრაქტიკა ეფუძნება გეოგრაფიულობის, თანასწორობისა და ამომრჩევლებისათვის ხმის მისაცემად მეგობრული გარემოს შექმნის პრინციპებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისათვის საჭირო ამომრჩეველთა მინიმალური ოდენობა გაზრდილია ხარჯების შემცირების მიზნით, თუმცა აღნიშნული არ უნდა გულისხმობდეს საქართველოში არსებული პრაქტიკის პრინციპების უგულებელყოფას. აღნიშნული გარემოების გამო, საარჩევნო კანონმდებლობა ცესკოს ანიჭებს თავისუფლებას, ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით შეარჩიოს საარჩევნო უბნის ტერიტორია და საუბნო საარჩევნო კომისიის მდებარეობის ადგილი.
17. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე ბუნდოვნად და განუჭვრეტლად მიიჩნევს „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმ ასპექტს, რომელიც მიემართება ცესკოს მიერ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნას საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანია, თუ რა ინფორმაცია უნდა იქნეს მოპოვებული ცესკოს მიერ და რა საფუძველზე. კერძოდ, მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანია, თუ, კერძოდ, რას გულისხმობს სადავო ნორმა - სამინისტროს მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გაგზავნას თუ ცესკოს მიერ იმ ინფორმაციის გამოთხოვას, რომლის საფუძველზეც, სამინისტრო საარჩევნო ადმინისტრაციას აწვდის მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებ ინფორმაციას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ნორმა იწვევს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. იგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ცესკოს გადაწყვეტილებები ემყარებოდეს კანონმდებლობას, რომელიც ნათლად განსაზღვრავს ცესკოს მიერ კონკრეტული ზომების მიღების შემთხვევებსა და პირობებს.
18. მოსარჩელე მხარის პოზიციით, არჩევნების ფარულობა წარმოადგენს საარჩევნო პროცედურების სამართლიანობის მნიშვნელოვან პირობას, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების გამოვლენის სრულ თავისუფლებას. ხსენებული პრინციპის შესაბამისად, დაცულია თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო გადაწყვეტილების კონფიდენციალურობა. ამ თვალსაზრისით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 63-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 765 მუხლის ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ნორმების კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, ცესკოს ევალებოდა იმ ტექნიკური მონაცემების მქონე კენჭისყრისათვის აუცილებელი ატრიბუტების დამზადება, რომლითაც დაცული იქნებოდა ხმის მიცემის ფარულობა.
19. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის დამტკიცებული ბიულეტენის და არსებული მარკერის ფორმა, იმთავითვე, ვერ უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას. კერძოდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ელექტრონული კენჭისყრის პროცედურის ფარგლებში, საარჩევნო ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ არსებული წრის გაფერადების შემდგომ, მარკერის კვალი სრულად გადადიოდა ბიულეტენის უკანა მხარეს. შესაბამისად, ბიულეტენის მთვლელ აპარატში მოთავსებისას, კომისიის წევრებისა და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე სუბიექტებისთვის აღქმადი იყო, ამომრჩეველმა თავისი არჩევანი მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გააკეთა თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს ჩარჩო-კონვერტის პრობლემურობაზე და განმარტავს, რომ ჩარჩო-კონვერტი ფარავდა მხოლოდ ბიულეტენის იმ ნაწილს, სადაც მითითებული იყო საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალი. იგი უზრუნველყოფდა ბიულეტენის წინა მხარეს გაკეთებული არჩევანის ფარულობას და ამ მიზნითვე ხდებოდა ბიულეტენის მოთავსება სპეციალურ მთვლელ აპარატში, ამობრუნებულ მდგომარეობაში, თუმცა ამგვარ მდგომარეობაშიც ბიულეტენზე იკვეთებოდა ამომრჩევლის არჩევანი - აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას მასზე გარკვევით ჩანდა მარკერის კვალი. აპარატის მიერ ბიულეტენის უკან დაბრუნების შემთხვევაში კი, სრულად იყო იდენტიფიცირებადი გაფერადებული საარჩევნო სუბიექტი. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, რამდენადაც საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა უზრუნველყო ცესკომ, ისინი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყო ერთგვაროვანი ხარისხისა და იდენტური. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების თაობაზე, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, მიმართული იყო რეგისტრატორის მაგიდებისა და ვერიფიკაციის აპარატების, რიგ შემთხვევებში კი, ხმის მიცემის კაბინებისა და ძირითადი საარჩევნო ყუთებისკენ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ვიდეოკამერები ამომრჩეველს უქმნიდა განცდას, რომ მას აკონტროლებდნენ.
20. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცესკო ამომრჩეველს ავალდებულებს, ხმა მისცეს სპეციალური მარკერის გამოყენებით, თუმცა არ უზრუნველყოფს ხსენებული მარკერის გამოყენებით ხმის მიცემის ისეთ პირობებს, რომლებიც დაიცავს არჩევანის ფარულობას.
21. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მარკერი ვერ უზრუნველყოფს ბიულეტენის ფარულობას, მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს, თუ რამდენად უზრუნველყოფს განსაზღვრული პროცედურა ამგვარი ბიულეტენებით ხმის მიცემის ფარულობას. კერძოდ, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ფარულობის დასაცავად, ამომრჩეველი არ უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებული ძალისხმევის გამოვლენას. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარის მითითებით, უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელი იყო, შესაბამისი მარკერის გამოყენებით შევსებული ბიულეტენის მოთავსება ჩარჩო-კონვერტის მეშვეობით ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში იმგვარად, რომ სრულად გამორიცხულიყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.
22. მოსარჩელე მხარე იმაზეც მიუთითებს, რომ, თუ სპეციალურმა აპარატმა ბიულეტენი არ მიიღო, კომისიის წევრს, ამომრჩევლის დახმარების ფარგლებში, აქვს ამგვარ ბიულეტენთან შეხების უფლება. ხოლო როდესაც აპარატი საერთოდ არ იღებს ბიულეტენს, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამომრჩეველს ბიულეტენს ართმევს საარჩევნო კომისიის წვერი და იგი უნდა ჩაითვალოს გაფუჭებულად. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაშიც, ადგილი აქვს კომისიის წევრის შეხებას გამოყენებულ ბიულეტენთან. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნული იწვევს ფარულობის პრინციპის დარღვევას. იმავდროულად, №1848 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მსგავსი შინაარსის დებულებებს შეიცავს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის სადავოდ გამხდარი ნორმები. შესაბამისად, ისინი, იმავე ნორმატიული შინაარსის გამო, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
23. დამატებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმაზე, რომ საერთო სასამართლოებმა, გარდა წალკის მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლისა, სადავო ნორმები განმარტეს იმგვარად, რომ კენჭისყრის ფარულობის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა თავად ამომრჩეველს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმაზე ხაზგასმით, რომ შეუძლებელი იყო გამოჩენილიყო, რომელი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ არსებული წრე გააფერადა ამომრჩეველმა, საერთო სასამართლომ ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება დაუკავშირა საარჩევნო სუბიექტს მაშინ, როდესაც შესაძლებელია, იგი საერთოდ არ უკავშირდებოდეს რომელიმე მათგანს. მოსარჩელეების არგუმენტაციით, კენჭისყრის ფარულობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფლების გამოვლენის პრინციპების დარღვევას ადასტურებს ის გარემოება, რომ საარჩევნო უბანზე არსებობდა იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობა, ამომრჩეველმა ნება გამოხატა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ თუ საერთოდ არ გამოუხატავს.
24. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივად დარღვევისას, ამომრჩეველში იქმნება კონტროლის განცდა, განსაკუთრებით, ამომრჩეველთა მოწყვლადი კატეგორიისათვის, როგორიცაა, მაგალითად, საჯარო სექტორში დასაქმებული, სოციალურად დაუცველი ან ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებული ამომრჩეველი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იმ უბნებზე, სადაც არჩევნები წარიმართა ელექტრონული წესით, კენჭისყრის ფარულობის დარღვევამ გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე.
25. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ცესკომ ვერ უზრუნველყო საარჩევნო უბნების იმგვარად აღჭურვა, რომ დაცული ყოფილიყო ხმის მიცემის ფარულობა, რის გამოც მოსარჩლე მხარე მიიჩნევს, რომ ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოყენებული იქნა ელექტრონული ბიულეტენი, დაირღვა არჩევნების ფარულობის პრინციპი.
26. №1849 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ კენჭისყრის დღეს პროცედურების დარღვევის საკითხზე და განმარტავენ, რომ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დაიწერა არაერთი საჩივარი, რომლებზეც კომისიებს, ძირითადად, რეაგირება არ მოუხდენიათ. მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმგვარ დარღვევებზე, როგორიცაა, მაგალითად, მარკირების პროცედურის დარღვევა, ხმის მიცემის კაბინაში არაუფლებამოსილი პირის ყოფნა, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, დამკვირვებლების გამოძევება/დაკვირვების ხელშეშლა და სხვა. გარდა ამისა, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავოა, რამდენად სრულფასოვნად აღირიცხა საზღვარგარეთ მყოფი პირების მონაცემები. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ დარღვევების რაოდენობის, ხასიათისა და ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, ამომრჩეველი არჩევანს აკეთებდა ზეწოლისა და შიშის ფონზე.
27. №1849 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარე გამოყოფს საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემას და მიუთითებს, რომ კენჭისყრის დღეს 20:00 საათამდე დაწერილი საჩივრები ინახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია არ ხსნის დალუქულ დოკუმენტაციას, საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად კი, მიუთითებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს, რაც ვერ აკმაყოფილებს დავის განხილვის მინიმალურ, ობიექტურ სტანდარტს. მოსარჩელეები განმარტავენ იმასაც, რომ საოლქო კომისიებში არჩევნების შედეგები შეჯამდა საჩივრების არსებითი განხილვის გარეშე, რის თაობაზეც, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ, ჯამურად, დაიწერა 282 განსხვავებული აზრი.
28. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს არჩევნებთან დაკავშირებულ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე და განმარტავს, რომ ამგვარი ვალდებულება გულისხმობს ნების თავისუფალი გამოვლენისა და არჩევანის ფარულობის უზრუნველმყოფი მოქმედებების გატარებას. აღნიშნული, უპირველესად, მოიაზრებს არჩევნების კონსტიტუციური პრინციპების დაცვისათვის საჭირო რეგულაციების მიღებას, ინვენტარის შეძენასა და საარჩევნო დოკუმენტაციის დამზადებას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულმა კანონქვემდებარე ნორმატიულმა აქტებმა ვერ უზრუნველყო საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული არჩევნების ფარულობისა და ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპების დაცვა. დამატებით, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან მიმართებით დაწერილი საჩივრების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციას არ შეეძლო მათი აღმოფხვრა, რამდენადაც მის მიერ მიღებული დადგენილებები, ისევე როგორც „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, არ იძლეოდა პროცედურის ტრადიციული წესით გაგრძელების შესაძლებლობას.
29. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა, კონსტიტუციური უფლების შესაძლო დარღვევის წინასწარ განჭვრეტასთან დაკავშირებით, დასტურდება იმით, რომ სათანადოდ არ შემოწმდა კენჭისყრისათვის საჭირო ინვენტარისა და საარჩევნო დოკუმენტაციის ხარისხი. თავის მხრივ, სათანადო ინსპექტირების შედეგად, შესაძლებელი იქნებოდა ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის უზრუნველყოფა.
30. №1849 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად მიიჩნევენ საარჩევნო დავების არასამართლიან განხილვას საარჩევნო ადმინისტრაციისა და საერთო სასამართლოების მიერ. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ არჩევნების კანონიერად ჩატარების შემოწმების ეტაპზე, სამართლიანი განხილვა მოიცავს სასამართლოს მიერ საარჩევნო ტექნიკისა და დოკუმენტაციის სრულად გამოკვლევასა და შესწავლას, მათ შორის, ისეთი საკითხების გამოკვლევას, როგორებიცაა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი, მასში ჩატვირთული ამომრჩეველთა სია, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების შემოწმება და სხვა. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში აპელირებენ საერთო სასამართლოების ფარგლებში მიმდინარე საქმეების განხილვის ისეთ პრობლემურ ასპექტებზე, როგორებიცაა, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების სააპელაციო საჩივრების გაერთიანება, პოლიტიკური სუბიექტების მესამე პირებად ჩართვა და საქმის განხილვა 24 საათის განმავლობაში 15 წუთიანი შესვენებებით, ასევე, სათანადო დასაბუთების გარეშე, პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტის ხელახლა ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
31. ამასთან, №1849 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროკურატურამ, გამოძიების ჩატარების მიზნით, დალუქა საარჩევნო დოკუმენტაცია, რის გამოც, საერთო სასამართლოებში დავების განხილვის ეტაპზე შეუძლებელი იყო აღნიშნული დოკუმენტაციის გამოთხოვა და შესწავლა. ასევე, მოსარჩელე მხარეს ამგვარი დოკუმენტაციის შესწავლა მიაჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხად, ჩატარებული არჩევნების კანონიერების სრულფასოვნად შესწავლისათვის. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეების პოზიციით, სადავო ხდება საერთო სასამართლოების მიერ დოკუმენტების სრულფასოვანი შესწავლის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება და სამართლიანობა.
32. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2024 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე, მოსარჩელე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე, სასამართლო განხილვის შეჩერების თაობაზე, რამდენადაც სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. №1849 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რაც დასაბუთდა საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმებით, რამდენადაც საარჩევნო ადმინისტრაციის მტკიცებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, როგორც ორგანული და სპეციალური კანონი, ადგენს საარჩევნო დავების განხილვის მკაცრ ვადებს, ხოლო სასამართლოს არ გააჩნია დავის შეჩერების სამართლებრივი შესაძლებლობა. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1643 მუხლით, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებისას, არ აძლევს საქმის განხილვის შეჩერების უფლებამოსილებას.
33. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მსჯელობს საკითხზე, თუ რა გავლენა მოახდინა სადავო ნორმებმა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მოსარჩელე მხარის მითითებით, საცდელი მონიშვნისას ამომრჩევლისათვის ცხადი იყო, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაფერადებისას, მისი გაკეთებული არჩევანი იქნებოდა ხილვადი, რასაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინა მისი ნების თავისუფალ გამოვლენაზე. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, გაკეთებული არჩევანის ხილვადობის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა კენჭისყრის დღესვე, რასაც ექნებოდა ნეგატიური, არჩევანის მაკორექტირებელი ეფექტი. ამასთან, მოსარჩელე მხარის პოზიციით, ფარულობის პრინციპი დაირღვა ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ამგვარი უბნების რაოდენობა იყო 2263. ამ უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობა კი, წარმოადგენდა ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 90%-ს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ფარულობის მასშტაბურ დარღვევას გააჩნია არსებითი გავლენა არჩევნების შედეგებზე საარჩევნო სუბიექტთა პროცენტული მაჩვენებლის შეცვლის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს განსხვავებულ შედეგს. ამ კონტექსტში, მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს ფარულობის პრინციპის დარღვევის გავლენაზე მოწყვლადი ამომრჩევლების მიმართ.
34. მოსარჩელე მხარე ცალკე გამოყოფს არჩევნების შედეგებზე საყოველთაობის პრინციპის დარღვევის გავლენის საკითხს და მიუთითებს, რომ საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლების 2/3-მა ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა. ამასთან, ამომრჩევლები, რომლებიც საარჩევნო სიაში იყვნენ შეყვანილნი და ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, შეადგენდნენ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 3%-ს, რამაც, მისი აზრით, როგორც დამოუკიდებლად, ისე ფარულობის პრინციპის დარღვევასთან ბმაში, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. მოსარჩელე მხარე აგრეთვე აპელირებს 270 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეზე, რომლებიც არჩევნების დღისათვის იმყოფებოდნენ სხვა სახელმწიფოში და რომელთა უდიდეს ნაწილსაც არ მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. მოსარჩელე მხარის აზრით, საყოველთაობის პრინციპის ამგვარმა გაუმართლებელმა დარღვევამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსები და მათ საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები.
36. მოსარჩელე მხარე, შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 131-ე მუხლის მოქმედება.
37. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმატიული შინაარსის შეჩერებაზე უარის შემთხვევაში, იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გააჩნია რეტროაქტიული ძალა, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება კონსტიტუციური სარჩელი, ფაქტობრივად, დარჩება აღუსრულებელი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე, რომელიც არ გამოხატავს ამომრჩეველთა რეალურ ნებას, შეიკრიბება საქართველოს ახალარჩეული პარლამენტი, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ვერ მოხდება გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილება.
38. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 131-ე მუხლის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს ერთადერთ სამართლებრივ მოწესრიგებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ამომრჩევლის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული საარჩევნო უფლების ხელყოფის პრევენციას.
39. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს.
40. №1848 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინეს ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, №1848 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმების არაკონსტიტუციურმა ნორმატიულმა შინაარსმა განაპირობა არჩევნების ფარულობისა და ნების თავისუფალი გამოვლენის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა ყველა იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდა. ამასთან, სასამართლოს მეგობარი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ცესკოს უნდა უკრძალავდეს, რეგისტრაციაში გაატაროს საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრები და გასცეს მათზე დროებითი მოწმობა ისეთ ვითარებაში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სადავოდ არის გამხდარი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობა.
41. იმავდროულად, სასამართლოს მეგობარი ყურადღებას ამახვილებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში საყოველთაობისა და თანასწორობის პრინციპების დარღვევაზე და მიუთითებს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს საერთოდ არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ხოლო მათ, ვისაც პროცედურულად შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა, ვერ ისარგებლა ხსენებული უფლებით, საარჩევნო უბნების ადგილმდებარეობისა და იმის გამო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ უზრუნველყო საარჩევნო უბნებზე სათანადო პირობების შექმნა. სასამართლოს მეგობარი აგრეთვე მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის დაუშვებლობაზე შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, აღნიშნული შეზღუდვის დამდგენი საკანონმდებლო დებულებები არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ მათი მოქმედება გავრცელდეს შემთხვევაზე, როდესაც არჩევნები დასრულებულია და აღარ არსებობს, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის უზრუნველყოფის ინტერესი.
42. №1848 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა, აგრეთვე, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, აკრძალვა, რომელიც ზღუდავს საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო პროცედურის მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, თუ იგი შესაბამისი არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით, არ მოქმედებს, რამდენადაც მის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმატიული შინაარსი არჩევნებამდე 15 თვით ადრე წინასწარ არ იყო განჭვრეტადი. სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამომრჩევლის ხმის ფარულობის სისტემური დაცვა. გარდა ამისა, საერთო სასამართლომ საარჩევნო უფლების ხმის ფარულობის კომპონენტს მიანიჭა იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საარჩევნო პრინციპებს. იმავდროულად, სასამართლოს მეგობრის განმარტებით, არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანომ არჩევნების ორგანიზება იმგვარად უნდა შეძლოს, რომ ამომრჩეველს არ დასჭირდეს საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული ინსტრუქციისგან განსხვავებული, დამატებითი, ინდივიდუალური ძალისხმევის გაწევა ან განსაკუთრებული ზომების მიღება.
43. სასამართლოს მეგობარი აგრეთვე მსჯელობს ხმის ფარულობის მასშტაბური დარღვევის გავლენის შესახებ არჩევნების შედეგებზე და აღნიშნავს, რომ ეს წარმოადგენს იმგვარ ფუნდამენტურ ზეგავლენას, რომელსაც შეეძლო არჩევნების საბოლოო შედეგის შეცვლა. სასამართლოს მეგობარი ყურადღებას ამახვილებს საყოველთაობის პრინციპის დარღვევაზეც. ამ კონტექსტში, იგი მიუთითებს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სხვა სახელმწიფოში შესაბამისი უბნების გახსნა იმ ამომრჩევლის ადგილსამყოფელთან ახლოს, რომლებსაც სურდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამასთან, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს პრაქტიკული და ეფექტიანი, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს გასაჩივრებული სამართლებრივი აქტების მოქმედება, რაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ახალარჩეულ პარლამენტს აუკრძალავს შეკრებასა და უფლებამოსილების ცნობას.
44. №1848 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა ასევე ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ფარგლებში, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა ელექტრონული საშუალებებით, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი, რამდენადაც საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა გაფერადებული წრის კვალი. ამასთან, სასამართლოს მეგობრის განმარტებით, კენჭისყრის პროცესში დაფიქსირდა სხვა დარღვევების სიმრავლეც. ამ თვალსაზრისით, სასამართლოს მეგობარი ყურადღებას ამახვილებს მარკირების პროცედურის დარღვევაზე, დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვაზე და ა.შ.
45. სასამართლოს მეგობარი აგრეთვე მიუთითებს არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევაზე. მისი მოსაზრებით, ამომრჩეველთა ნაწილს კენჭისყრის დღემდე ჩამოერთვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რის გამოც მათ არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. სასამართლოს მეგობარი აგრეთვე მიუთითებს საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების არასათანადოდ მოწყობისა და კომისიის წევრების არასაკმარისობის საკითხზე, რის გამოც, საარჩევნო უბნებზე შექმნილი ხანგრძლივი რიგებიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა ნაწილმა ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა. შესაბამისად, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დაცვის თვალსაზრისით. ამასთან, მისი აზრით, დასახელებული პრინციპების დარღვევამ გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, რის გამოც არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მხოლოდ ზოგადად მითითება საკმარისი არ არის სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევისთვის. ამისთვის აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც, გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 11 ოქტომბრის №51/2024 დადგენილებისა და „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად მოსარჩელე მხარე არსებითად მიუთითებს ორ არგუმენტზე. იგი აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ცესკომ ვერ/არ უზრუნველყო საარჩევნო უბნების საქართველოს მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს გახსნა, რითაც მათთვის ხელმიუწვდომელი გახადა არჩევნებში მონაწილეობა. ამავე დროს, მიუთითებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაციაზე (საქართველოში ან საზღვარგარეთ მცხოვრებ) იმ მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებისთვისაც საარჩევნო უბანი გაიხსნა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.
4. არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად საფუძვლიანია, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარეობს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების დარღვევის შესაძლებლობა საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების გეოგრაფიის გამო. ხსენებულთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობა, თავისთავად, დაკავშირებულია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან, მოქალაქეებს, ბუნებრივია, უწევთ საარჩევნო უბნებთან მისვლა, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფლობა, მარკირების გავლა და სხვა. შესაბამისად, ხმის მისაცემად გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება გარდაუვალი, რიგ შემთხვევებში კი სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა. ამდენად, არჩევნებში მონაწილეობაზე გარკვეული ბარიერის დაწესება, მათ შორის, ამა თუ იმ ადგილას საარჩევნო უბნის გაუხსნელობა, თავისთავად, საარჩევნო უფლების დარღვევაზე არ მიუთითებს. უფლების დარღვევა შესაძლოა, სახეზე იყოს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ სახელმწიფოს, გონივრული რესურსების გაწევის პირობებში, ჰქონდა შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მოეხდინა საარჩევნო გეოგრაფიის უფრო ფართო დაფარვა, დამატებით ლოკაციებზე საარჩევნო უბნების გახსნა არჩევნების სათანადოდ ორგანიზების პირობით და მან ეს არ განახორციელა. სწორედ ხსენებული გარემოება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული კონსტიტუციურ სარჩელში.
5. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი აირჩევა „საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე“ ჩატარებული არჩევნების შედეგად. შესაბამისად, საარჩევნო უფლების სათანადოდ რეალიზებისათვის საკმარისი არ არის, ამომრჩეველს, საარჩევნო უბნის გახსნის გზით, ფორმალურად მიეცეს ხმის მიცემის საშუალება. ამავე დროს აუცილებელია, რომ არჩევანი განხორციელდეს თავისუფალ გარემოში, არასათანადო ზეწოლის შედეგად. ხსენებულის უზრუნველყოფა კი შეიძლება მოიცავდეს მრავალ კომპლექსურ საკითხს, მათ შორის, არჩევნების სათანადოდ ორგანიზებას, ორგანიზაციის პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართვას, დაკვირვების ხელმისაწვდომობას, პოლიტიკური პარტიებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის სათანადოდ წარმართვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას და ა.შ.
6. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების არასათანადო გარემოში განხორციელება არსებით გავლენას ახდენს, ზოგადად, არჩევნების პროცესზე, მის სამართლიანობაზე და, შესაბამისად, შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს სხვა ამომრჩეველთა უფლების დარღვევაც კი. ბუნებრივია, თუ ამომრჩეველთა ნაწილი დაექვემდებარება ზეწოლას, არასათანადო ზეგავლენას ან/და სხვა ისეთ ზემოქმედებას, რომელიც არა არის შესაფერისი თავისუფალ საარჩევნო გარემოსთან, ეს დააკნინებს სხვა, თუნდაც თავისუფალ გარემოში მოქმედ ამომრჩეველთა შესაძლებლობას, სამართლიან პირობებში აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი. შესაბამისად, საზღვარგარეთ, ამა თუ იმ მოქალაქეთა ფაქტობრივ საცხოვრებელთან ახლოს, არასათანადოდ ორგანიზებული უბნის ფორმალურად გახსნა ვერ იქნება კონსტიტუციით დაცული საარჩევნო უფლების მოთხოვნა. უბნის გახსნასთან ერთად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უბანზე არჩევნების სათანადოდ ორგანიზება და მოქალაქეთა მიერ არჩევანის თავისუფალ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიური დაწესებულების არმქონე ქალაქებში დამატებითი უბნების სწორედ ზემოხსენებული პირობებით გახსნის შესაძლებლობა უნდა დასაბუთდეს, რათა წარმოჩინდეს, რომ უბნების გაუხსნელობა პოტენციურად ქმნის საარჩევნო უფლების დარღვევის სერიოზულ რისკს.
7. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნა და არჩევნების სათანადოდ ორგანიზება, ბუნებრივია, დაკავშირებულია მნიშვნელოვან ტექნიკურ და, რაც მთავარია, ადამიანურ რესურსებთან. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხერხდეს სათანადო შენობის მოძებნა, რომელშიც შესაძლებელი იქნება საარჩევნო უბნის მოწყობა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, მოხდეს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება და მისი გადამზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სათანადოდ ორგანიზება. ამავე დროს, საქართველოს საარჩევნო კოდექსი, კომისიის დაკომპლექტებისას ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების ჩართულობას. საარჩევნო კომისიის უმრავლესობას ნიშნავენ საარჩევნო სუბიექტები, შესაბამისად, ხსენებული ადამიანური რესურსის მობილიზება უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ პოლიტიკურმა პარტიებმაც. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო სარჩელში დაესაბუთებინა, რომ უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის არმქონე დასახლებებში, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს მსგავსი რესურსის მობილიზების გონივრული შესაძლებლობა გააჩნიათ. საზოგადოდ, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის ან/და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, მათთვის საარჩევნო უბნამდე გასავლელი მანძილის შესამცირებლად, ამა თუ იმ ქალაქში კომისიის წევრების მოძებნა/ჩაყვანის დავალდებულება გონივრული მოთხოვნაა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარე უბრალოდ მიუთითებს, რომ ცესკოს მიერ რიგ ქალაქებში საარჩევნო უბნების გაუხსნელობის გამო, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გაურთულდათ არჩევნებში მონაწილეობა. აღნიშნული, ბუნებრივია, არ გამოდგება სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილში სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საკმარის დასაბუთებად.
8. მოსარჩელე მხარის მითითება საქართველოს მოქალაქეებს შორის დისკრიმინაციაზე, ასევე მოკლებულია გონივრულ დასაბუთებას. ბუნებრივად შეუძლებელია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის იმ ხარისხით უზრუნველყოფა, როგორითაც ეს ხორციელდება საქართველოში. მაგალითად, მხოლოდ ევროკავშირისა და აშშ-ის ტერიტორია, დაახლოებით, ორასჯერ აღემატება საქართველოს ტერიტორიას, ამდენად, საზღვარგარეთ 3000 უბანიც რომ გაიხსნას, მოქალაქეებისათვის უბნამდე მისასვლელი საშუალო მანძილი მაინც ორასჯერ მეტი იქნება, ვიდრე ეს საქართველოშია. ამდენად, საარჩევნო უბნების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, საქართველოს ტერიტორიაზე და მის გარეთ მცხოვრები მოქალაქეები შედარებად სუბიექტებს არ წარმოადგენენ. გონივრულობის ფარგლებში, შეუძლებელია, სახელმწიფოს მოეთხოვებოდეს, საცხოვრებელი სახლიდან საარჩევნო უბნამდე მანძილის თვალსაზრისით, ერთი და იმავე ხარისხით უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის ხელმისაწვდომობა ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ.
9. ზემოთ ხსენებული მაგალითი ასევე ნათლად მოწმობს, რომ საზღვარგარეთ შეუძლებელია უბნების ისე გახსნა, რომ მათ შორის დაშორება რამდენიმე ასეული კილომეტრი არ იყოს. შესაბამისად, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი ადგილიდან საარჩევნო უბნებზე გასავლელ მანძილებს შორის არსებითი განსხვავების არსებობაც ასევე აუცდენელია. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მოქალაქეებს შორის დისკრიმინაციაზე მითითება არ უკავშირდება არც სადავო ნორმების მიზნებს და არც მათი მოქმედების შედეგებს. არჩევნების საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი მეთოდით ჩატარების შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის არსებითად განსხვავებული სირთულის არსებობა პრაქტიკულად გარდაუვალია.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 11 ოქტომბრის №51/2024 დადგენილებისა და „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „დ“, „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტების, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 765 მუხლის, „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ბიულეტენების ფორმებისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახის დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის №265/2024 განკარგულების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; №1848 კონსტიტუციური სარჩელით, აგრეთვე სადავოდ არის გამხდარი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის ,,დ“, ,,დ.ა“ და ,,დ.ბ“ ქვეპუნქტებისა და 724 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, ხოლო №1849 კონსტიტუციურ სარჩელში, დამატებით, სადავოდ არის ქცეული „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის №28/2024 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
12. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ხსენებული ნორმები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან უშვებს საარჩევნო პროცესში ხმის ფარულობის დარღვევას. კერძოდ, მოსარჩელე მხარის პოზიციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენი და მარკერი ისე იყო შერჩეული, რომ ამომრჩევლის მიერ შესაბამისი კანდიდატის გასწვრივ არსებული წრის გაფერადების შემდეგ, გაფერადებული ადგილი აღქმადი იყო საარჩევნო ბიულეტენის როგორც წინა, ასევე უკანა მხრიდან. შესაბამისად, სარჩელში მითითებულია, რომ ხმის მიცემისას, აპარატში ბიულეტენის შეცურების დროს საარჩევნო ურნასთან ახლოს მდგომი პირისათვის, გარკვეული ხარისხით, აღქმადი იყო გაკეთებული არჩევანი (შეიძლება არ ყოფილიყო აღქმადი ზუსტად ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, თუმცა იდენტიფიცირებადი იყო, ხმა მისცა მმართველ პარტიას თუ ოპოზიციას, ასევე, ზოგადად, გააკეთა თუ არა არჩევანი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ).
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოარკვიოს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა (იმ დაშვებით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სიმართლეს შეესაბამება) რამდენად მომდინარეობს სადავო ნორმებიდან.
14. ზემოხსენებული სადავო ნორმები განსხვავებული შინაარსისაა, ისინი, ერთი მხრივ, მიუთითებენ ხმის მიცემის ფარულობის დაცვის აუცილებლობაზე (,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის ,,დ“, ,,დ. ა“ და ,,დ.ბ“ ქვეპუნქტები), საარჩევნო ბიულეტენის ფორმის, ტექსტის, შევსების წესზე, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩო–კონვერტის სახეების განსაზღვრის უფლებამოსილების ცესკოსთვის/უსკოსთვის მინიჭებაზე. ამავე დროს, სადავოდაა გამხდარი ცესკოს აქტები კენჭისყრის პროცედურის განსაზღვრის შესახებ. არც ერთი ზემოთ ხსენებული ნორმა არ მიუთითებს, რომ არჩევნების პროცესში, რაიმე ფორმით, დასაშვებია ხმის მიცემის ფარულობიდან გადახვევა ან/და ბიულეტენის/მარკერის იმ ფორმით შერჩევა, რომ არჩევანის გაკეთების შემდეგ იგი აღქმადი იყოს ბიულეტენის ორივე მხრიდან. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები პირდაპირ მიუთითებს ფარულობის დაცვის აუცილებლობაზე და მათი როგორც შინაარსი, ასევე სულისკვეთება აშკარად მიმართულია კენჭისყრის ჩატარებისას ფარულობის უზრუნველყოფისკენ.
15. სადავო ნორმების კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის დასასაბუთებლად, მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს სადავო ნორმებიდან, წარმოადგენს მათი მოქმედების და არა საარჩევნო ადმინისტრაციის ქცევის შედეგს. კერძოდ, მან უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმები ადგენდა ბიულეტენის ან/და მარკერის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ფორმით შექმნისა და გამოყენების წესს, სადავო ნორმების საფუძველზე მოწესრიგებული კენჭისყრის ჩატარება, ფარულობის დაცვით, შეუძლებელია ან/და სახეზეა ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო ქცევის პირობებში ამ ნორმების საფუძველზე საარჩევნო პროცესის წარმართვა ხმის ფარულობის დარღვევას გამოიწვევდა. ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელებიდან არ იკვეთება არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს ხმის ფარულობასთან დაკავშირებით სადავო ნორმებიდან მომდინარე პრობლემაზე, შესაბამისად აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მიემართება საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებებს (ბიულეტენის ან/და მარკერის შერჩევას) და არა თავად სადავო ნორმების შინაარსს.
16. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხმის ფარულობის ხელყოფა დადგენილი არ არის კანონით, თუმცა გამოწვეულია საკითხის მოუწესრიგებლობით, ფარულობის დაცვის სათანადო მექანიზმების თაობაზე კანონის განუსაზღვრელობით, მაშინ მოსარჩელემ შეიძლება იდავოს ე.წ. „ინსტიტუტის დამდგენი“ ნორმების კონსტიტუციურობაზე. მაგალითად, იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომლებიც ამ პირობებში არჩევნების ჩატარების უფლებამოსილებას ან/და ჩატარებული არჩევნების შედეგებს განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს პროცედურის დამდგენი ნორმების არაკონსტიტუციურობაზე, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელებში არ არის დასაბუთებული, რომ ხსენებული პროცედურის განმსაზღვრელი ნორმები, რაიმე ფორმით, ადგენს ხმის მიცემის ფარულობიდან გადახვევას ან/და ქმნის ისეთ წესრიგს, რომელიც ხმის ფარულობის დარღვევას თავისთავად მოიაზრებს. ამდენად, ირკვევა, რომ მოსარჩელე, საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად დავობს არა სადავო ნორმების საფუძველზე რაიმე დარღვევაზე, არამედ ცესკოს მიერ საარჩევნო ბიულეტენისა და მარკერის არასათანადოდ შერჩევაზე. ხსენებული მოქმედების კონსტიტუციურობის შეფასება კი სცდება ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების ფარგლებს.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „დ“, „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტების, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 765 მუხლის, „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ბიულეტენების ფორმებისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახის დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის №265/2024 განკარგულების კონსტიტუციურობას; ასევე, №1848 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის ,,დ“, ,,დ.ა“ და ,,დ.ბ“ ქვეპუნქტებისა და 724 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას და №1849 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის №28/2024 დადგენილების კონსტიტუციურობას, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმების რეალურ შინაარსს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილშიც №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
18. №1849 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ხსენებული ნორმები განსაზღვრავს საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან მათი ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების გასაჩივრების და საჩივრის განხილვის ვადებს. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ საარჩევნო დავების კომპლექსურობის და განხილვის ვადების სიმცირის გამო სასამართლოებმა ვერ შეძლეს სრულყოფილად გამოეკვლიათ განსახილველი საქმეები, შედეგად, მასიურად არ/ვერ დააკმაყოფილეს შუამდგომლობები, დაკითხეს მოწმეები, არ გამოითხოვეს მტკიცებულებები და ა.შ. ამავე დროს, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში მტკიცებულებათა დალუქვის გამო სასამართლოებმა ვერ შეძლეს ვერიფიკაციის აპარატებში არსებული ინფორმაციის გაცნობა. ამავე დროს სადავო ნორმები არ აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, გადადოს განხილვა გამოძიების დასრულებამდე.
19. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია სრულად უკავშირდება სასამართლოში საქმის სამართლიან განხილვას, რაც განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროს. შესაბამისად, სარჩელი, სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
20. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ გამოძიების მიმდინარეობის გამო სასამართლოებმა ვერ შეძლეს ვერიფიკაციის აპარატებში არსებული ინფორმაციის გაცნობა, თუმცა საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ რომელიმე მოსამართლემ საქმის გადაწყვეტისას რელევანტურად მიიჩნია ხსენებული ინფორმაცია და მან კანონმდებლობაში არსებული შეზღუდვის გამო ვერ შეძლო ხსენებული ინფორმაციის გამოთხოვა. ამავე დროს, ცალსახაა, რომ მსგავსი შეზღუდვა, კანონმდებლობაში რომც არსებობდეს, იგი არ მომდინარეობს სადავო ნორმებიდან. ასევე არ არის დასაბუთებული, თუ რატომ წარმოადგენს გამოძიების დასრულებამდე საქმის განხილვის შეჩერება სამართლიანი სასამართლოს ან/და სხვა რომელიმე უფლების მოთხოვნას და რატომ ვერ შეძლებს სასამართლო, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაადგინოს რელევანტური მტკიცებულებები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
21. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელეთა არგუმენტაცია, რომელიც სადავო ნორმებს უკავშირდება და ამავე დროს გამოდგება კონსტიტუციურ უფლებებთან მათი მიმართების წარმოსაჩენად, შემოიფარგლება საქმის განხილვის ვადის სიმცირეზე მითითებით. სადავო ნორმები ადგენს განხილვის შემჭიდროვებულ ვადებს, რამაც, არ არის გამორიცხული, რიგ შემთხვევებში ხელი შეუშალოს საქმის სრულყოფილად გამოკვლევას. თუმცა ხსენებულთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები მოქმედებს მრავალი წლის განმავლობაში. ხსენებული ნორმების მოქმედების პირობებში საქართველოში უკვე ჩატარდა არაერთი არჩევნები და მოსარჩელე არც კი მიუთითებს, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადის განმსაზღვრელი ნორმა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას წინა შემთხვევებისაგან განსხვავებულად განიმარტა. ამდენად, სადავო ნორმების ხსენებული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობა მოსარჩელეებისათვის ნათელი იყო, მათ შორის, 2024 წლამდე და ჰქონდათ მათი არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არაა უფლებამოსილი, საარჩევნო წელს არაკონსტიტუციურად ცნოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმა, თუ იგი მიღებული არ არის არჩევნებამდე 15 თვის ვადაში ან/და სახეზე არ არის ამ პერიოდში მისი წინასწარ განუჭვრეტადი შინაარსით გამოყენების შემთხვევა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/6/1392 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 4-12).
22. ამავე დროს, №1849 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, რაც არსებითად გულისხმობს არჩევნების კონსტიტუციურობის შეფასებას, შედეგების გაუქმებას, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის დარღვევის წყაროს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები წარმოადგენს. შესაბამისად, ხსენებული კომპეტენციის ფარგლებში წარმოდგენილ სარჩელებზე სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სადავო ნორმები მიიღოს არსებითად განსახილველად, უკვე ჩატარებულ არჩევნებზე მისი გავლენისგან მოწყვეტით და ზოგადი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების მსგავსად, არასაარჩევნო წელს არსებითად გადაწყვიტოს დავა. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების დაუცველობა სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საფუძველს ქმნის.
23. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სარჩელზე მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1849 კონსტიტუციურ სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
24. №1849 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. №1848 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე სადავოდ ხდის ზემოაღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობას ასევე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავო დებულების თანახმად, „არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ“.
25. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციურ სარჩელებში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია ხსენებული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, რა ფორმით ზღუდავს ვინმეს უფლებას ცესკოს მიერ პარლამენტის არჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება და მათზე დროებითი მოწმობების გაცემა. მოსარჩელე მხარე მხოლოდ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედებამ, შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, თუ ახალარჩეული პარლამენტი შეიკრიბება. ამ თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სადავო ნორმა ახალარჩეული პარლამენტის შეკრების წესს საერთოდ არ არეგულირებს. ამავე დროს, კონსტიტუციურ სარჩელებში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ წარმოშობს ახალარჩეული პარლამენტის შეკრება ისეთ შედეგებს, რომლის გამოსწორება შეუძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
26. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა იცნობს გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების მექანიზმს. კერძოდ, თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პარლამენტის შეკრება გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს, მას შეუძლია, მოითხოვოს, მათ შორის, არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერება. ამავე დროს, სადავო აქტების მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუცია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს და არა კონსტიტუციის ის დებულებები, რომლებთან მიმართებითაც, მოსარჩელე მხარე ხსენებულ სადავო ნორმას ასაჩივრებს.
27. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, ერთი მხრივ, არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, მეორე მხრივ კი, არ გააჩნია მიმართება კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომლებთან შეუსაბამობაზეც არის მითითებული კონსტიტუციურ სარჩელებში. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილშიც, №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
28. №1848 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 16 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 ნოემბრის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. იმავდროულად, „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ კონსტიტუციურობას სადავოდ ხდიან №1849 კონსტიტუციური სარჩელის ავტორებიც. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „იხილავს რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას“. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, არჩევნების კონსტიტუციურობა შეაფასოს მხოლოდ მისი მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობასთან ერთად და ჩატარებული არჩევნები გააუქმოს იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობამ არსებითი გავლენა მოახდინა მის შედეგებზე. ამდენად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებიდან მოწყვეტით, ცალკე შეაფასოს ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობა. შესაბამისად, ვინაიდან არ მოხდა არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღება, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების კონსტიტუციურობაზე და სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და მე-6 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
4. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში 599 50 55 78
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში 351 5 47 00 47
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა
მსგავსი სიახლეები
2024 წლის 26 ოქტომბრის, კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი, არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდითსაქართველოში 599 50 55 78