Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა - საჭირო ცვლილებები კონსტიტუციაში

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა - საჭირო ცვლილებები კონსტიტუციაში

სახელმწიფოს არსებობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ორგანიზება. საჭიროა რომ ტერიტორიული ორგანიზება ესადაგებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებასა და ფსიქიკას. ეს საკითხი პრობლემატურია საქართველოში, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ჯერ კიდევ ბუნდოვნად და მცირე რაოდენობითაა ტერიტორიული მოწყობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ჩამოყალიბებული, რაც გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციული სახელმწიფოს მიერაა ოკუპირებული და მათი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 

ის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი ტერიტორიული მოწყობა ყოველთვის იყო და არის მეცნიერებს შორის დავის საგანი. ამ სტატიის მიზანია შეაჯამოს სხვადასხვა მეცნიერისა თუ პროფესორის მოსაზრება ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით, გაიმიჯნოს ერთმანეთისგან უნიტარული და ფედერაციული სისტემები, გაირკვეს, თუ რა უპირატესობა აქვს ფედერალიზმს, როგორი სახით გვხვდება, რა ახასიათებს მას და რა პერსპექტივებს უქადის ფედერაციული მოწყობა საქართველოს.

 ფედერალიზმი გულისხმობს ისეთ კომპლექსურ სახელმწიფო ორგანიზაციულ სისტემას, რომელიც შედგება გარკვეული თავისუფლების მქონე სუბიექტებისგან. ეს არის სახელმწიფოების ან რეგიონების თვითორგანიზებადი კავშირი, სადაც გამიჯნულია კომპეტენციები ფედერაციის სუბიექტებსა და ცენტრს შორის. 

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გაიზარდა ფედერალური სახელმწიფოების რაოდენობა და ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1/3 ცხოვრობს ამ სისტემით. ფედერალური სახელმწიფოებია: აშშ, კანადა, მექსიკა, რუსეთი, ავსტრია, ბელგია, გერმანია, შვეიცარია, ინდოეთი, პაკისტანი, ეთიოპია და სხვა.

ფედერალიზმი საკმაოდ საკამათო და კომპლექსური საკითხია. ხშირად ვერ თანხმდებიან პოლიტიკოსები, მეცნიერები, იურისტები, ფილოსოფოსები იმაზე, თუ რომელია ტერიტორიული მოწყობის უკეთესი ფორმა - ფედერალიზმი თუ უნიტარიზმი. ასეთ დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფედერალიზმის სხვადასხვა ფორმა არსებობს და იგი სპეციფიკურია ყველა ქვეყანაში და მეტ-ნაკლებად მორგებულია მათზე. 

საინტერესოა, რა უპირატესობები აქვს ზოგადად ფედერალიზმს უნიტარიზმთან შედარებით და რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ. ამ საკითხზე დავისას ხშირად ამტკიცებენ, რომ ფედერაციულ სახელმწიფოში მეტია შანსი მხარეებს შორის გაუცხოვების, სეპარატისტული მოძრაობების გაძლიერებისა და სახელმწიფოს დაშლის. ხოლო უნიტარული სახელმწიფო უფრო მეტად ცენტრალიზებული და ერთიანია. თუმცა, რეალურად, ფედერალიზმის ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ „ჩაახშოს კონფლიქტი ცენტრსა და სუბიექტებს შორის, განამტკიცოს მათი თანამშრომლობა და უზრუნველყოს მოცემულ პირობებში მართვის ყველაზე უფრო მიზანშეწონილი მეთოდების გამოყენება.“ რაც მთავარია, ფედერაციულ სახელმწიფოში აკრძალულია სეცესია, რაც ამ სახელმწიფოს ერთიანობის გარანტიაა. ასევე, დაუშვებელია უფლებამოსილების, საზღვრების ცალმხრივად შეცვლა. ცენტრისა და სუბიექტების კომპეტენციები გამიჯნულია ერთმანეთისგან, ამასთან, ცენტრი კანონით დადგენილ ფარგლებში ზედამხედველობს სუბიექტებს, მაგრამ არ იჭრება მათ კომპეტენციაში. ფედერალურ კანონმდებლობას უზენაესი ძალა გააჩნია ფედერაციის სუბიექტის სამართალთან შედარებით. ამ უკანასკნელის მიერ გამოცემული აქტები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ძირითად კონსტიტუციასთან. სინამდვილეში არ გააჩნიათ სათანადო ბერკეტი სუბიექტებს, რათა გამოეყონ ფედერაციას. ასეთ დროს უკიდურეს სიტუაციაში ერთვება ფედერაციული ინტერვენციის ინსტიტუტი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ სურვილი გამოეყონ სახელმწიფოს. ფედერალიზმი კი ამ სეპარატიზმის შებოჭვის საკმაოდ კარგი მექანიზმია. როდესაც ფედერაციის სუბიექტებად იყოფა სახელმწიფო, ხალხს, სეპარატისტებს უჩნდებათ ილუზია დამოუკიდებლობის, ასე  ვთქვათ, კმაყოფილდებიან შედარებით მეტი თავისუფლებით. რადგან მათ გარკვეული კომპეტენციები გააჩნიათ. ცენტრი აძლევს მათ საშუალებას თავიანთ საზღვრებში თავად გადაწყვიტონ რიგი საკითხები. ადგილობრივების ინტერესები უფრო მეტადაა დაცული, და საქმე გვაქვს კოლექტიურ თავისუფლებასთან. ხალხი გრძნობს, რომ ისინი იღებენ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში. ამით ხდება ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებისა და იმ განცდის მინიმალიზაცია, რომ „ყველაფერი ზევიდან წყდება“.

 ცენტრალური ხელისუფლება, გარკვეული თვალსაზრისით, მართლაც, რომ შებოჭილია, რადგან უფლებამოსილებები გადანაწილებულია ფედერაციის სუბიექტებზე და თავიდანაა აცილებული ცენტრალური ხელისუფლების ტირანია. უფლებამოსილებებთან ერთად გადანაწილებულია სახელმწიფო რესურსები და არ არის იგი ქვეყნის ერთ წერტილში თავმოყრილი. ეს კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეკონომიკის თანაბარ განვითარებას უწყობს ხელს. აქვე, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოში იქმნება კონკურენტული გარემო, რაც ხელს უწყობს რეგიონების სწრაფ წინსვლას. 

როგორც გერმანელი მეცნიერი შტეფან ოეტერი სვამს კითხვას -„ არის კი ფედერალიზმი ყველა პოლიტიკური პრობლემის მოგვარების უნივერსალური საშუალება, და თავადვე პასუხობს - რა თქმა უნდა, არა.“ფედერალური სახელმწიფოები თავის თავში მოიცავენ რისკს, რომ მოახდინონ პოლიტიკური ძალაუფლების თვითლიკვიდაცია, რაც შეიძლება გადაიზარდოს სუვერენული სახელმწიფოს დამბლაში, პოლიტიკურ ვაკუუმშიც კი, კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება ჩაუვარდეთ ხელში სეპარატისტებს და საფრთხე შეექმნას სახელმწიფოს ერთიანობის პრინციპს. თუმცა ალოგიკურია ამ მოსაზრების რადიკალიზაცია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე ფედერალიზმის ავკარგიანობა სხვა ფაქტორებზეცაა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მოახერხებს ხელისუფლება ძალაუფლების სწორ გადანაწილებას, ფედერაციის სუბიექტების შებოჭვას და მათ ერთიან მექანიზმში გაერთიანებას. ფედერაციამ კი არ უნდა დაანაწევროს სახელმწიფო, არამედ უფრო მეტად უნდა გაღვივდეს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის უნარი. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და განსხვავდება ქვეყნის სპეციფიკის მიხედვით, ამიტომ რთულია ამ საკითხზე აბსტრაქტულად მსჯელობა და სჯობს კონკრეტული სახელმწიფოს მიხედვით ფედერალიზმის დადებით და უარყოფით ასპექტებზე საუბარი. რადგან თუ ერთ ქვეყანაში ამართლებს ეს სისტემა (აშშ), შეიძლება მეორეგან არ გაამართლოს. ამ უკანასკნელის კლასიკური მაგალითი კი გახლავთ იუგოსლავია. 

2004 წელს გამოქვეყნდა კონცეფცია „საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ“. ეს კონცეფია შეიმუშავეს ქართველმა ექსპერტებმა, მათ შორის იყვნენ: ი.ხაინდრავა, ა.გეგეშიძე, კ.კუბლაშვილი და პ.ზაქარეიშვილი. ეს დოკუმენტი გულისხმობს საქართველოს დეცენტრალიზაციის იდეას. აფხაზეთს უნდა მინიჭებოდა განსაკუთრებული სტატუსი და ფედერაციული ხელშეკრულებით კავშირში შესულიყო საქართველოსთან. ჩამოყალიბდებოდა ორსუბიექტიანი ფედერაციული სახელმწიფო. მოხდებოდა არა უფლებამოსილებათა დელეგირება ცენტრიდან აფხაზეთზე, არამედ სახელმწიფო გაიყოფოდა შუაზე საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ეს უკანასკნელი ფედერაციაში შევიდოდა არა როგორც ნაწილი, არამედ როგორც წევრი სუვერენული სახელმწიფო. აფხაზეთის წარმომადგენლებს სენატშიც ექნებოდათ გაფართოებული უფლებები, პარლამენტში ხმათა კვოტა იყო საკმაოდ მაღალი, რათა არცერთი საკითხი არ გადაწყვეტილიყო აფხაზი დეპუტატების ხმების გარეშე. ამ კონცეფციაში არ იყო გათვალისწინებული სამხერთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც კი სამხრეთ ოსეთი კონფლიქტური რეგიონი იყო და ამ საკითხსაც სჭირდებოდა მოწესრიგება. ეს კონცეფცია, რომელიც გულისხმობს ორსუბიექტიან და თანაბარუფლებიან ფედერაციას, არ არის მიზანშეწონილი, რადგან თავის თავში მოიცავს საკმაოდ დიდ რისკებს. ისტორიულად აფხაზეთი საქართველოს ორგანული ნაწილია, მაგრამ „უკანასკნელი 100 წლის მანძილზე რუსულმა იმპერიულმა მანქანამ იგი მოწყვიტა საერთო-ქართულ სამყაროს და რუსულ კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში მოაქცია.“ შესაბამისად, ამ კონცეფციაში, როდესაც მითითებაა, რომ აფხაზეთი არა როგორც ნაწილი, არამედ როგორც სუვერენული წევრი ისე უნდა შევიდეს ფედერაციაში, ვგულისხმობთ, რომ აფხაზეთი არაა საქართველოს ნაწილი და მის დამოუკიდებლობას ვაღიარებთ. რაც არის „მთავარი იდეოლოგიურ-ისტორიოგრაფიული პოსტულატი აფხაზური სეპარატისტული მოძრაობისა.“ ამით, ასევე, ხდება ეთნოწმენდის გამართლება. ხოლო ორსუბიექტიანი ფედერაციული სახელმწიფო იმთავითვე შეიცავს დეზინტეგრაციის იდეას, განსაკუთრებით სეპარატისტული მოძრაობების პირობებში. 

საქართველოს ფედერალიზაციის შემთხვევაში ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციით დადგენილ ნორმებში. უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს ფედერაციის სუბიექტების სტატუსი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ტერიტორია დაიყო ფედერაციულ სუბიექტებად, ანუ მხარეებად. რომელთა შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ექნებათ განსაკუთრებული სტატუსი და მეტი უფლებამოსილებები მინიჭებული. მათი უფლებამოსილებების სფეროები იქნება: ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, გარემოს დაცვა, კულტურა, ტურიზმი - რომელიც იქნება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და ის უფლებები, რომლებიც არ მიეკუთვნება ხელისუფლების ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს. ამასთან ერთად, კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს, რომ ეს უფლებამოსილებები მომდინარეობს არა მათი სუვერენიტეტის იდეიდან, არამედ დელეგირებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. მხარეებს ეყოლებათ თავიანთი მთავრობა და მინი პარლამენტი. 

ფედერაციის მთავრობას, მინი პარლამენტის წევრს ან კომიტეტს, ასევე ფედერაციის სუბიექტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა გარკვეულ რაოდენობას ექნებათ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. 

რაც შეეხება პარლამენტის დაკომპლექტების წესს, ეს განსაზღვრულიც არის საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, სადაც წერია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს პარლამენტის ფორმირების წესი და გახდეს ორპალატიანი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ქვედა პალატა იქნება რესპუბლიკის საბჭო, ხოლო ზედა პალატა - სენატი. ამ მუხლით ასევე დადგენილია, რომ სენატში უნდა შევიდნენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სახელმწიფოს დანარჩენი ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისგან. ეს კონკრეტული წესი უნდა შეიცვალოს ფედერალიზაციის შემთხვევაში და სენატი უნდა დაკომპლექტდეს ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლებით პროპორციული პრინციპის შესაბამისად. ეს მიზანშეწონილია, რასაც ადასტურებს კიდევ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მათი აზრით ერთპალატიანი პარლამენტი უმრავლესობის დომინირებას უწყობს ხელს, რაც საფრთხისმომცველია. შემოღებულ უნდა იქნეს ბიკამერალური პარლამენტი, რითაც შესაძლებელი გახდება ხელისუფლების შტოების უკეთ კონტროლი, მათი დაბალანსება და პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

არ უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი. მხოლოდ და მხოლოდ უნდა შეიცვალოს იმ საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა, რომელიც კონსტიტუციის 50-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით პრეზიდენტს ირჩევს და შედგება 300 წევრისგან. მათი დაკომპლექტება უნდა მოხდეს შემდეგი წესით: „ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან წევრებს ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების დაცვით.“ მთავრობის ფორმირება კი უნდა მოხდეს საპარლამენტო წესით, რაც დამოკიდებული იქნება პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე. სახელმწიფოს მეთაური წამოაყენებს მთავრობის მეთაურისა და წევრების კანდიდატურებს, რასაც სჭირდება პარლამენტის მიერ დადასტურება.

საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის პროცესი აქტუალურობას არ კარგავს. უამრავი მეცნიერი, პროფესორი, იურისტი, პოლიტიკოსი თუ ისტორიკოსი ამ პრობლემის მოგვარების გზად ხედავს მოლაპარაკებების დაწყებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარესთან. თუმცა როგორც ზევით აღვნიშნე რეალურად ამ ორი მხარის უკან აგრესორი რუსეთი დგას, რომელიც არ დაუშვებს საერთოდ რაიმე მოლაპარაკებების წარმართვასა და პოლიტიკური კონსენსუების არსებობას.

 დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური კლიმატიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციულ სახელმწიფოს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ამ ათწლეულებში უნდა ველოდოთ მის დაშლას. ეს პროცესი გარდაუვალია და გარკვეულ შედეგებსაც გამოიწვევს. საინტერესოა, რა ბედი ელის აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის დაშლის შემდეგ. საქართველომ ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლოს და ჰქონდეს დაწყებული გეგმა-პროექტი, რომელსაც კონფლიქტურ მხარეებს შესთავაზებს და დაიწყება მოლაპარაკებები მათი გაერთიანებისთვის. ლოგიკურია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნიტარული მოწყობის საქართველოს არ შემოურთდებიან და საჭიროა მათთვის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, იმ გარკვეული თავისუფლების მიცემა, რასაც ითხოვდნენ სეპარატისტები  კონფლიქტის პერიოდში. თუმცა, ამავდროულად, ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ უფლებათა და უფლებამოსილებათა გამიჯვნის პროცესში არ შეასუსტოს ცენტრალური ხელისუფლების ძალები. საქართველო უნდა გადავიდეს ფედერაციულ ტერიტორიულ მოწყობაზე. ქვეყანა დაიყოფა დაახლოებით 10 ან ოდნავ მეტ ფედერაციის სუბიექტად. სახეზე იქნება ასიმეტრიული ფედერალიზმი. 

საჭიროა, რომ შიდატერიტორიული საზღვრები არ დაემთხვეს კულტურულ, ენობრივ და ეთნიკურ საზღვრებს. ვინაიდან ეს გარკვეულ რისკებთან ასოცირდება. კერძოდ, საქართველოში ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის რაოდენობრივად ჭარბობენ აზერბაიჯანელები (წარმოადგენენ მთლიანი მოსახლეობის 6,6%ს) და ასევე, სომხები (5,6%).  ქვემო ქართლი კომპაქტურად არის დასახლებული აზერბაიჯანელების მიერ, ხოლო სომხურენოვანი მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთის 95%-ს შეადგენს. არსებობს გამოწვევები ამ მხრივ, რადგან შესაძლებელია, რომ ეთნიკურ უმცირესობებში გაჩნდეს სეპარატისტული ჯგუფები, რაც მოსალოდნელია კიდევაც, რადგან უამრავი სოფელი არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ერთი ქართული ოჯახიც არ ცხოვრობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივების სურვილი გამოეყონ ქართულ სახელმწიფოს და ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს ან სომხეთს მიუერთდნენ.  ენობრივი და რელიგიური განსხვავება არსებობს ამ ქართულ რეგიონებს შორის, რაც გაუცხოვებას იწვევს ზოგჯერ. ეს ტენდენცია ძალიან ნელა იცვლება ახალ თაობაში. ეთნიკური უმცირესობები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მათ არ აქცევს დიდ ყურადღებას და მათი ინტერესები ნაკლებადაა გათვალისწინებული. ეს ყველაფერი ქმნის დეზინტეგრაციის საფრთხეს. 

თავიდანვე უნდა შევძლოთ ამ პრობლემის მოთოკვა, რათა არ მიიღოს სეპარატიზმის სახე. თუ ქვეყანა იქნება ფედერაციული, თან ისე, რომ ტერიტორიული საზღვრები არ დაემთხვევა ეთნიკურ საზღვრებს ანუ მაგალითად ფედერაციის ერთ სუბიექტში არ მოექცევა მთლიანად აზერბაიჯანული ან სომხური ეთნოსის წარმომადგენელი მოსახლეობა და იქნებიან ქართულენოვან ქალაქებთან/სოფლებთან ერთად. ამით შევბოჭავთ იმ იდეას, რომ მთლიანმა ფედერაციის სუბიექტმა მოისურვოს გამოყოფა. ვინაიდან ამ რეგიონში არ იქნებიან მხოლოდ ერთი ეთნოსის წარმომადგელები და, ასევე, ისინი ვერ დათმობენ თავიანთი ეთნოსით დასახლებულ ტერიტორიებს, რომელიც მათ საზღვრებში არ შედის. ეს იგივე პრინციპია, როგორც ბელგიაში, სადაც ბრიუსელი ასრულებს ფლანდრიელებსა და ვალონელებს შორის დამაკავშირებელ რგოლს. ფლანდრია აქამდე დიდი ხნის გამოყოფილი იქნებოდა ბელგიიდან, რომ არა ბრიუსელი, რომელსაც ვერ დათმობს. ეს მრავალი მეცნიერის მიერ შეფასებული და გამოცდილი მეთოდია, რისი გამოყენებაც შეგვიძლია.

საქართველოს ფედერაციაში აფხაზეთი უნდა შევიდეს როგორც ფედერაციის სუბიექტი და არა წევრი სახელმწიფო, მაგრამ უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული სტატუსი და მეტი უფლებამოსილებები. ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ მოხდეს ქართველ დევნილთა, „ეთნოწმენდის მსხვერპლთა დაბრუნება თავიანთ სახლ-კარში, რაც ლეგიტიმურია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და დადასტურებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს ათეულობით რეზოლუციით.“აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნილ ქართველთა სრულად დაბრუნებით გარკვეულწილად მოირყევა აფხაზეთის ავტონომიურობის ის ხარისხიც კი, რაც გააჩნდათ საბჭოთა პერიოდში. საჭიროა შეიქმნას ორპალატიანი პარლამენტი, რომლის ზედა პალატაც დაკომპლექტებული იქნება ფედერაციის სუბიექტების წარმოომადგენლებით და ეს იქნება მათი ინტერესების დაცვისა და გათვალისწინების გარანტია. 

ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის ფედერალიზაცია დადებითად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი ამ საკითხს პირიქით ხედავს და ფიქრობს, რომ ფედერაციული სახელმწიფო აპარატების შენახვას უფრო მეტი თანხები სჭირდება. ამის მაგალითად მოჰყავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წლიური ხარჯები. მაინც ეს დამოკიდებულია პოლიტიკის სწორად წარმართვაზე, სისტემის დაგეგმარებაზე და, ასევე, თუ გამოყენებულ იქნება სწორად ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რასაც ფედერაციული მოწყობა სთავაზობს ქვეყანას. რეგიონის კეთილდღეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ამ რეგიონის რესურსებზე, როგორც მოხდა ბელგიაში, სადაც ფლანდრია ეკონომიკურად ბევრად დაწინაურდა ვიდრე, ბელგიის მეორე მხარე და ამან დაპირისპირება გამოიწვია ამ ორ სუბიექტს შორის. უნდა შეიქმნას ეფექტიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც რესურსები გონივრულად და პროპორციულად მოხმარდება ყველა რეგიონს. მაშინ პირიქით ფედერაცია ფინანსური თვალსაზრისით ქვეყანას წინ წასწევს. მზარდი ეკონომიკური კავშირები, რესურსების გაცვლა, ერთიანი საბაზრო ეკონომიკის შენარჩუნება ხელს შეუწყობს ფედერაციის სუბიექტების ინტეგრაციას. ამასთან ერთად, თბილისი წარმოადგენს საქართველოს ცენტრს ყველანაირი თვალსაზრისით. აქ ცხოვრობს მთლიანი მოსახლეობის ერთი მეოთხედი. რასაც სავალალო შედეგები მოაქვს. კერძოდ, შრომის ბაზარზე თბილისში მოთხოვნა იკლებს, რადგან კადრების რაოდენობა მოჭარბებულია. ქვეყნის რესურსებისა და ფინანსების დიდი წილი დედაქალაქს ხმარდება. ფედერალიზაციის შემთხვევაში კი ეს საკითხი დასტაბილურდება და რესურსები და ფინანსები გონივრულად გადანაწილდება ყველა ფედერაციაზე. შესაბამისად, განვითარდება რეგიონები, აღარ იქნება დასაქმების პრობლემები, რაც გამოიწვევს თბილისიდან დიდი რაოდენობის ხალხის დაბრუნებას ფედერაციებში, რეგიონები თანაბრად განვითარდება, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური დარგის განვითარებასა და ზოგადად ქვეყნის წინსვლას.

ჩვენს დროში ეთნიკური კონფლიქტები უდავოდ არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საერთაშორისო უსაფრთხოების,  დემოკრატიისა და განვითარებისთვის. გასათვალისწინებელია ორი ასპექტი, თუ რატომ იწყება სამოქალაქო ომები და როგორ შეიძლება დასრულდეს ისინი. ეთნიკური მშვიდობა არ არის უხილავი ხელის შედეგი, არამედ არის ჩამოყალიბებული რეჟიმის მმართველი ინსტიტუტების დამსახურება, რომელსაც ძალუძს უმრავლესობა-უმცირესობის კონფლიქტის მშვიდობიან ინტერეთნიკურ კოჰაბიტაციად გარდაქმნა. ასეთი რეჟიმის ჩამოყალიბება კი შეუძლებელია ფედერალიზმის გარეშე.

ფედერალიზმი შეთანხმებული თანამშრომლობის იდეაზე დამყარებული სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაციის დინამიური მექანიზმების ჩამოყალიბების შესაფერისი მეთოდია, რომლის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა კომპლექსურ საზოგადოებაში მოქმედების წესების დადგენა.

სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემების გლობალურ განზომილებაში რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაფართოების შედეგად, ადგილი ჰქონდა ძალაუფლების უდაო ცვლას და ნორმატიული სისტემის აშკარა ნაკლებობას სოციალური და თუნდაც პოლიტიკური აგრეგაციის დონეზე. ამ ხარვეზის დასაკმაყოფილებლად და სისტემის ახალ მახასიათებლებზე დასახვედრად, ვფიქრობ, რომ ფედერალური ტექნიკა წარმატებით იქნა გამოკვლეული მსგავს სიტუაციებში და აჩვენა თავისი უნარი ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გარდა ამისა, ფედერალური პრინციპები შეიძლება იყოს ეფექტური გზა, რათა შეიქმნას მყარი პლატფორმა ახალი სამართლებრივი სისტემის ასაშენებლად, გლობალიზებული სამყაროს საჭიროებების შესაბამისად. 

საქართველომ და მსოფლიო საზოგადოებამ კი მხედველობაში უნდა მიიღოს თომას ჯეფერსონის სიტყვები, რომ „მთავრობა ხდება კარგი არა ხელისუფლების კონსოლიდაციით ან კონცენტრაციით, არამედ მისი სწორად განაწილების შედეგად.“


ბიბლიოგრაფია: გოგიაშვილი გ., შედარებითი ფედერალიზმი, თბ., 2000.

გორაძე გ., ფედერალიზმის პერსპექტივები საქართველოში, თბ., 2012.

ხუბუა გ., ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი, თბ., 2000.

Alberto Lopez-Basaguren, The Ways of Federalism in Western Countries and the Horizons of Territorial Autonomy in Spain, New-York, 2013.

Coppieters B.,"The Boden Document" on the delimitation of powers between Tbilisi and Sukhumi. Federalism and Delimitation of Powers in Abkhazia, Tbilisi, 2002.

Laursen F., The EU and Federalism: Polities and Policies Compared, Federalism: From Classical Theory to Modern Day Practice in the EU and Other Policies, Farnham, England, 2011.

Stefan Oeter, Föderale zuständigkeitsordnung und der Grundsatz dezentraler Aufgabenerledigung. Tbilisi, 2003.

Belgium Has No Future, Interview with Flemish Separatist De Wever, Spiegel, 2010.

Stevens, R. M., Assimetrical Federalism, The Journal of Federalism, Philadelphia.


ავტორი: თამარ მაზანიშვილი


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები