Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ ხდება ქონების გაყოფა განქორწინების დროს – ინტერვიუ "ნაკაშიძე და პარტნიორების" იურისტთან ნათია ნაკაშიძესთან

როგორ ხდება ქონების გაყოფა განქორწინების დროს – ინტერვიუ "ნაკაშიძე და პარტნიორების" იურისტთან ნათია ნაკაშიძესთან


ხშირია შემთხვევა, როდესაც განქორწინებული წყვილი ქონებას ვერ იყოფს და სასამართლოში დავის დაწყებამდე იურისტთან კონსულტაციაზე მიდიან, გახშირდა პრაქტიკაში არგუმენტი, რომ "ქორწინების შემდეგ კი შევიძინეთ ქონება, მაგრამ მე ვიხდიდი ფულს". იურისტი განმარტავს, რა შემთხვევაში იყოფა ქონება, რა პირობებით და რა ხდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა ქორწინება რეგისტრირებული არ იყო? ან ისეთ შემთხვევაშ, როცა ბინა ქორწინებამდეა შეძენილისესხით და იპოთეკური სესხი წყვილმა ქორწინების შემდეგ დაფარა? 

- პრაქტიკაში რა არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც განქორწინებული წყვილი სასამართლო დავის გარეშე ქონებას ვერ იყოფს?

შემთხვევები განსხვავებულია, მაგალითად: "ქონება ჩემია, რადგან არასრულწლოვანი ბავშვი ჩემთან რჩება", ან ეს: "ქორწინების შემდეგ კი შევიძინეთ ქონება, მაგრამ მე ვიხდიდი ფულს", შეიძლება იყოს საერთო ვალიდან გამომდინარე, როცა ქორწინების დროს პირი მეუღლეს სესხს გამოატანინებს და განქორწინების შემდეგ სესხია დასაფარი. კანონის მიხედვით კი, ვალიც თანაბრად უნდა გაიყოს, როგორ წილი. 

კაკონით პირდაპირ არის გათვალისწინებულია, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების მიერ ქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება არის თანასაკუთრება. მნიშვნელოვანია თანამესაკუთრედ რეგისტრირება ნებისმიერ მოძრავ და უძრავ ნივთზე, რადგან შესაძლოა ერთ-ერთმა მეუღლემ ქონება განკარგოს შეთანხმების გარეშე. კანონი ორივე მეუღლეს თანამესაკუთრედ მიიჩნევს, თუ ეს პირები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და ქორწინების შემდეგ შეძენილი ნებისმიერი ქონება მიიჩნევა საერთო ქონებად, მაგრამ ამ გზით შესაძლებელია რიკის დაზღვევა, რომ არ მოხდეს მეუღლეებს შორის შეთანხმების გარეშე საერთო ქონების რეალიზება.

 -აქვს მნიშვნელობა, ვინ იყიდა კონკრეტული ქონება? 

თანასაკუთრებად ითვლება ნებისმიერი ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაშია შეძენილი. თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, როცა ერთ-ერთი მათგანი აწარმოებდა საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას, ზრდიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზით არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. 

- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირმა შეიძინა ბინა დაქორწინებამდე იპოთეკური სესხით და სესხი დაფარა ქორწინების შემდეგ? 

მსგავს შემთხვევაში კანონში სპეციფიკური ჩანაწერი არ არის, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსის ნორმა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს თანასაკუთრებად, თუ დგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გარკვეული ხარჯების გაწევის შემდეგ, ამ ქონების ღირებულება გაიზარდა. უნდა დადგინდეს ამ შემთხვევაში, ის რომ მეუღლემ, რომელსაც ეს ბინა არ შეუძენია, მონაწილებდა სესხის დაფარვის პროცესში და ეს სესხი მეუღლეების მიერ ერთობლივად არის გადახდილი. შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების მიხედვითაც სესხისთვის გადახდილი ფულის დაბრუნების მოთხოვნა.

 -ქონების გაყოფისას თუ ქონებას ერთ-ერთი მეუღლე მალავს ან ასხვისებს, რა გამოსავალი არსებობს ამ დროს? 

საერთო ქონების განკარგვას მეუღლეთა შეთანხმება სჭირდება, თუმცა თუ თანასაკუთრება რეგისტრირებული არ არის, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ქონება გაასხვისოს ერთ-ერთმა მეუღლემ და მეორე მეუღლე ვერ მოითხოვს ამ გარიგების ბათილად მიჩნევას იმ მოტივით, რომ არ იცოდა ამის შესახებ, ან არ ეთანხმება გარიგების პირობებს. 

-თუ წყვილი აპირებს განქორწინებას და ერთ-ერთმა მეუღლემ გაყიდა ავტომანქანა. ვერ იდავებს მეორე მხარე მის დაბრუნებაზე? 

იდავებს იმ შემთხვევაში, თუ ეს იყო თვალთმაქცური გარიგება. თვალთმაქცური გარიგებაა, როცა რეალურად ერთ-ერთ მეუღლეს კი არ გაუყიდია მანქანა, ან კი არ უჩუქებია ვინმესთვის, არამედ ეს თვალთმაქცობაა. თუ თვალთმაქცური გარიგება არაა და ნამდვილად გაყიდა ერთ-ერთმა მეუღლემ ავტომობილი, მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი წილი. მაგალითად, თუ ავტომობილი გაიყიდა 30 ათას ლარად, მიიღოს 15 ათასი ლარი. 

-თუ გააჩუქა რეალურად ავტომობილი და ეს არ იყო თვალთმაქცური გარიგება? 

ასეთ შემთხვევაში მხარეს შეუძლია იდავოს ზიანის ანაზღაურების კუთხით, რადგან მისი თანასაკუთრება გააჩუქეს მასთან შეთანხმების გარეშე.

 -რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მეუღლეების გარდა სხვა პირებიც არიან თანამესაკუთრეები, მაგალითად მშობლები? 

თუ წყვილმა ქორწინების შემდეგ შეიძინა ბინა, მაგრამ თანამესაკუთრეები მშობლებიც არიან, მაშინ მათ შორის წილი თანაბრად იყოფა. ხშირად არის დავები, როდესაც გვეკითხებიან: მეუღლის მშობლის საკუთრებაა სახლი, მაგრამ ჩემი ყოფილი მეუღლეა მემკვიდრე და წილი მეკუთვნის? კანონი განსაზღვრავს, რომ იყოფა მხოლოდ და მხოლოდ ის ქონება, რომელიც რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ, თანაცხოვრების პერიოდში არის შეძენილი. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩუქებით და მემკვიდრეობის გზით მიღებული ქონება არ იყოფა განქორწინების დროს. ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინებამდე, ის არ ექვემდებარება გაყოფას. 

-შვილების არსებობა რამდენად ცვლის ქონების გაყოფის პირობას?

განქორწინების დროს ხშირია დავა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე. კანონი ამბობს, რომ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები გააჩნიათ შვილების მიმართ. სასამართლო როცა განსაზღვრავს ვისთან უნდა იყოს ბავშვი, შემდეგ განისაზღვრება ქონების წილი თანასაკუთრების გაყოფის დროს და ამას სასამართლო ინდივიდუალურად აფასებს. 

-შეუძლია თუ არა პირმა მოითხოვოს ქონების გაყოფა, როცა ის არ იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში?

 უფლებებსა და ვალდებულებებს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს. 

-როგორ განისაზღვრება განქორწინების დროს გასაყოფი ქონების ღირებულება და რა უჯდებათ სასამართლო დავა მხარეებს? 

ქონების გაყოფა შესაძლებელია ქორწინების პერიოდშიც, ისევე, როგორც ალიმენტის დაკისრება, თუ, მაგალითად, წყვილი განქორწინებული არ არის, მაგრამ შვილი იზრდება ერთ-ერთ მშობელთან. განქორწინების შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ხანდაზმულობის ვადა - განქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში შეიძლება მოითხოვოს პირმა საერთო ქონების გაყოფა. ქონების შეფასებას აუდიტი ახდენს და ამ ღირებულების 3 პროცენტს იხდიან მხარეები სასამართლოში ბაჟის სახით. ბაჟისთვის მხარეები 1.5 პროცენტს იხდიან, თუ დავის საგნის ღირებულება 5 ათას ლარს არ აღემატება. ასეთ შემთხვევებს მაგისტრატი მოსამართლე განიხილავს. კანონი ითვალისწინებს წილის კომპენსაციას, პროფესიული საქმიანობისთვის შეძენილ ქონებას, რომელიც შეიძლება თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი, თუმცა გადაეცემა ერთ-ერთ მეუღლეს თავისი პროფესიული საქმიანობისთვის და თუ ამ ქონების ნაწილი მის წილს აღემატება, მეორე მხარეს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები