Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ნასამართლობა, მისი გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციები

ნასამართლობა, მისი გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციები



ნასამართლობა, მისი გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციები

ნასამართლობა არის პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იწყება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის საჯაროდ გამოცხადებისთანავე და გრძელდება მისი გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

სისხლის სამართლის კოდექსი ნასამართლობისგან განთავისუფლების ორ გზას აწესებს: ნასამართლობის გაქარწყლება და ნასამართლობის მოხსნა.


სრულწლოვანი პირის ნასამართლობის გაქარწყლების ვადები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებულია ნასამართლობის გაქარწყლების სხვადასხვა ვადა, რაც პირდაპირ კავშირშია შეფარდებული სასჯელის სახესთან და პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიასთან.


სრულწლოვანი პირის შემთხვევაში ნასამართლობა გაქარწყლებულად ითვლება:

 პირობით მსჯავრდების შემთხვევაში - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;

 თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ;

 ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში - სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ; 

 მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში - სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ; 

 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში - სასჯელის მოხდიდან 8 წლის შემდეგ.



აქვე უნდა განიმარტოს, რომ: 

ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას;

მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით;

განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელი 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. 

სასჯელისგან განთავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.



არასრულწლოვანი პირის ნასამართლობის გაქარწყლების ვადები


არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად, ნასამართლობის გაქარწყლების განსხვავებულ ვადებს აწესებს ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი’’.


არასრულწლოვნის ნასამართლობა გაქარწყლებულად ითვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე.


აღნიშნული შეღავათი არ მოქმედებს, თუ არასრულწლოვანი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვნის ნასამართლობა გაქარწყლდება:

პირობით მსჯავრდების შემთხვევაში - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე;

 თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 6 თვის შემდეგ;

ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ;

მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ;

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 5 წლის შემდეგ. 



ნასამართლობის მოხსნა საქართველოს კანონმდებლობა ნასამართლობის მოხსნის რამდენიმე გზას იცნობს. ესენია:


1. ნასამართლობის მოხსნა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე

სასჯელმოხდილ პირს უფლება აქვს ნასამართლობის მოხსნის თაობაზე თხოვნით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური თავად უზრუნველყოფს შეწყალების საქმის მომზადებას, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებებიდან საჭირო დოკუმენტების გამოთხოვას.

თუ პრეზიდენტი შეწყალების თხოვნას არ დააკმაყოფილებს, ახალი თხოვნით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდგომ.

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.


2. ნასამართლობის მოხსნა ამნისტიის საფუძველზე

სასჯელმოხდილ პირს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ.


3. ნასამართლობის მოხსნა სასამართლოს გადაწყვეტილებით

სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულს მოუხსნას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, თუ იგი სასჯელის მოხდის შემდეგ უმწიკვლოდ იქცეოდა.

პროცედურა შემდეგნაირია: სასჯელმოხდილი პირი ნასამართლობის მოხსნის შუამდგომლობით მიმართავს გადაწყვეტილების მიმღებ ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებლის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირველ ინსტანციას.

შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ 3 თვის შემდეგ.


4. ნასამართლობის მოხსნა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ

ნასამართლობის მოხსნის უფლებამოსილება აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო იურიდიულ პირს - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომში - კომისია).

კომისიას პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ბიუროს უფროსი, მსჯავრდებულის (მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის) შესაბამისი განცხადების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელი ვადის მოხდის თავისებურებებს, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის ქცევას პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას, რესოციალიზაციის პერსპექტივასა და მსჯავრდებულის მზაობას - სრულფასოვნად ჩაებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კომისიის გადაწყვეტილებაზე.

თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. 


5. ნასამართლობის მოხსნა სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე

ნასამართლობის მოხსნა დასაშვებია სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე. პროკურორს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. აღნიშნულის შემდგომ, პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა.


რა შედეგები მოყვება ნასამართლობას?

ნასამართლობა გარკვეულწილად ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, იგი მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების საკითხის გადაწყვეტისას.

პირის ნასამართლობას ყურადღება ექცევა საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ნასამართლევი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაძლოა სახეზე გვქონდეს დანაშაულის არაერთგზისობა ან რეციდივი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

ნასამართლობა გარკვეულ გავლენას ახდენს შრომით ურთიერთობებზეც. საქართველოს შრომის კოდექსი კრძალავს მთელ რიგ დაწესებულებებში (ბაღი, სკოლა, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა) ისეთი პირის დასაქმებას, რომელიც ნასამართლევია ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.


ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება (გარდა შესაბამისი მუხლის შენიშვნაში გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოადგენს დანაშაულს.


  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
  • საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება N556
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს N321 ბრძანება 
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • საქართველოს შრომის კოდექსი
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები