Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

გენდერული თანასწორობა, როგორც თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი

გენდერული თანასწორობა, როგორც თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი


გენდერული თანასწორობა ნიშნავს ქალისა და კაცის, გოგოსა და ბიჭის თანაბარ უფლებებს, პასუხისმგებლობებსა და შესაძლებლობებს. თანასწორობა არ გულისხმობს, რომ ქალი და კაცი იდენტურნი უნდა გახდნენ, თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანის სქესი არ უნდა განსაზღვრავდეს მის უფლებებს, პასუხისმგებლობასა და შესაძლებლობებს. გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ როგორც ქალების, ასევე კაცების ინტერესები, საჭიროებები და პრიორიტეტები მიიღება მხედველობაში ქალებისა და კაცების ჯგუფების მრავალფეროვნების გათვალისწინებით.

 საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი და კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ , უზრუნველყოფს ქალებისთვის და კაცებისთვის თანაბარ უფლებებს და შესაძლებლობებს, ასევე აღიარებს განსაკუთრებული ზომების მიღების აუცილებლობას ქალებსა და კაცებს შორის არსებითი თანასწორობის მისაღწევად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. 

2006 წლის საქართველოს გენდერული თანასწორობის კონცეფციის მიხედვით, გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია. იგი გულისხმობს ქალთა და კაცთა თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებასა და თანასწორ მონაწილეობას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში. ამასთანავე, გენდერული თანასწორობა მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული განვითარების წინაპირობა და მაჩვენებელია.

 გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალებისა და გოგოების გაძლიერება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ნაწილია. სქესის ნიშნით გაყოფილი რაოდენობრივი მონაცემები არა მხოლოდ ქალებისა და კაცების მდგომარეობას ასახავს საქართველოში, არამედ, ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

   საქართელოს კონსტიტუცია განამტკიცებს თანასწორობის ზოგად ნორმას,პრინციპს და იგი კრძალავს ნებისიმიერ,მათ შორის,სქესის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას.სქესთა შორის თანსწორობის საკითხი კონსტიტუციის დონეზეა მოწესრიგებული,კერძოდ  საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია,რომ : „ყველა ადამიანი  სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში გამოხატული თანასწორობის პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს და ამავდროულად მის  მიზანს წარმოადგენს, რაშიც,რა თქმა უნდა, გენდერული თანასწორობაც მოიაზრება, რადგანაც მითითება გვაქვს სქესის ნიშანზეც. თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის (გენდერული თანასწორობა) გულისმობს ქალების, მამაკაცების, გოგონების და ბიჭების თანასწორ უფლებებს, პასუხისმგებლობებს და საშუალებებს. თანასწორობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალი და მამაკაცი ერთი და იგივე გახდება, არამედ იმას, რომ ქალების და მამაკაცების უფლებები, პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები არ განისაზღვრება იმით, ქალად არიან დაბადებული თუ კაცად. გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ მხედველობაში მიიღება ქალების და მამაკაცების ინტერესები, საჭიროებები და პრიორიტეტები, ქალების და მამაკაცების ჯგუფების განსხვავებულობის აღარებით. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა ადამიანის უფლებაც არის და ხალხზე ორიენტირებული მდგრადი განვითარების წინაპირობა და ინდიკატორიც.

გენდერი შეეხება ქალის და მამაკაცის როლებთან დაკავშირებულ სოციალურ ატრიბუტებს და შესაძლებლობებს, და ურთიერთოებებს ქალებს, მამაკაცებს, გოგონებს და ბიჭებს შორის. რადგან გენდერი სპეციფიურია დროში და კონტექსტში, ეს ატრიბუტები, შესაძლებლობლები და ურთიერთობები სოციალურად კონსტრუირებულია. გენდერი განსაზღვრავს, რა არის მოსალოდნელი, დასაშვები და დასაფასებელი ქალში და მამაკაცში მოცემულ კონტექსტში. საზოგადოებების უმეტესობაში არსებობს განსხვავებები და არათანასწორობა ქალებს და მამაკაცებს შორის მათთვის მინიჭებული პასუხისმგებლობების, საქმიანობების, რესურსების ხელმისაწვდომობის და კონტროლის, და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ამბობს,რომ :“სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“ აღსანიშნავია, რომ ეს დებულება არაა წარმოჩენილი,როგორც ძირითადი უფლება, არამედ ის როგორც  სახელმწიფოს ვალდებულების გამომხატველი ნორმა,ისე გვევლინება, რამდენადაც მამაკაცებისა და ქალებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას მოითხოვს.

 ქალები პოლიტიკაში დღემდე უმცირესობაში არიან, იმ ფონზეც, როდესაც ბევრი პოლიტიკური ლიდერი ქალი ახსოვს ისტორიას. გენდერული თანასწორობის ნათელი მაგალითი ჩვენი ქვეყნის ისტორიას ჯერ კიდევ მე-12 საუკუნიდან ახსოვს,როდესაც თამარი გამეფდა.  დღეს კი  უკვე იქამდე მივედით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქალია. 

მართალია, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მისაღწევად და ზოგადად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად წლების განმავლობაში სახელმიწიფოები და საზოგადოება ძალისხმევას არ იშურებდნენ,თუმცაღა ამ ყველაფრის მიუხედავად,მაინც ნათელია,რომ დღემდე სახეზე გვაქვს დისბალანსი ქალებსა და კაცებს შორის. მიუხედავად სანდო მტკიცებულებებისა, რომლებიც ცხადყოფს ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას სიღარიბის აღმოფხვრისთვის, განვითარების ხელშეწყობისთვის და მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, გენდერული თანასწორობა მიუღწეველ პირობად რჩება.ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია - მათ შორის გენდერული ნიშნით ძალადობა, ეკონომიკური დისკრიმინაცია, უთანასწორობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საზიანო ტრადიციული პრაქტიკა - უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და მდგრადი ფორმაა. ჰუმანიტარული კრიზისების, განსაკუთრებით კი შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ქალები და გოგონები საშინელ სირთულეებს და გაჭირვებას განიცდიან.

სწორედ ამიტომ,გარდა იმისა,რომ ეს საკითხი კონსტიტუციით იყოს მოწესრიგებული გენდერული ბალანსის დასაცავად სახელმწიფოებმა შექმნეს დამატებითი ბერკეტები,შეიქმნა სპეციალური დებულებები,რომლების საშუალებითაც დამატებითი კონსტიტუციური ვალდებულებებით შეიბოჭა ხლისუფლება.

 

 

ჩვენს რეალობაში ვხვდებით სიტუაციებს, სადაც გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკიც შეუძლებელია. სამწუხაროს, დღემდე გენდერული თანასწორობა მიუღწეველ პირობად რჩება. გენდერული თანასწორობის ცნებასთან პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციის აკრძალვა. დისკრიმინაცია ადამიანებისადმი უთანასწორო და უსამართლო მოპყრობაა რაიმე ნიშნის გამო, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. გენდერული თანასწორობის მიღწევა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ დიდ პრობლემად რჩება. მიუხედავად ქალების როლის ევოლუციისა, აქტუალურია სექსიზმის, გენდერული დისკრიმინაცის, სელექციური აბორტსა და ოჯახში  ქალების მიმართ ძალადობის საკითხები. მამრობითი სქესის პრიორიტეტულობაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი,რომ საქართველოში უფრო მეტი ბიჭი იბადება, გოგონების რაოდენობა კი მცირდება. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში 2020 წელს ბავშვების სქესის გამო 19000 აბორტი ჩატარდა. სტატისტიკის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, მოქალაქეების 46% ბიჭის ყოლას ამჯობინებს, 45%-ისთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლა მხოლოდ 9%-ს სურს. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა გენდერული დისკრიმინაციის რადიკალური გამოვლინებაა, ის ნეგატიურ გავლენას ახდენს, არა მხოლოდ ქალების მნიშვნელობის აღქმასა და გაზრდაზე, არამედ ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც.

მნიშვნელოვანია, ასევე ქალების პოლიტიკური აქტიურობის საკითხიც, საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 28 დეპუტატია ქალია, თუ ამ მონაცემს შევადარებთ ისეთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში არსებულ რეალობას, როგორიც ,მაგალითდ,გერმანიაა, რომლის ბუნდესტაგში 630 დეპუტატიდან 223 (31.4%) ქალია, დისბალანსი ნათელი გახდება.

 მნიშვნელოვნად თვალშისაცემია ასევე სხვაობა ანაზღაურებებს შორის. ქალების საშუალო ხელფასი კაცების ხელფასს 36,2%-ით ჩამოუვარდება, რაც საგანგაშოა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოში ხელფასებს შორის სხვაობის საშუალო მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატება. 

ასევე,ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7 ქალიდან 1 არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის 2 270 ფაქტი გამოვლინდა. მსხვერპლთა შორის 1 875, ანუ 83% ქალი იყო. უწყების მიერ, იგივე პერიოდში, გამოვლენილია 2 141 ოჯახში მოძალადე — 1 818 კაცი, ხოლო 323 ქალი. ნათელია, რომ ძირითადად მოძალადეებს კაცები წარმოადგენენ, მსხვერპლთა უმეტესობა კი ქალები არიან. 

ამ ყველაფრის შემდეგ  გვიჩნდება შეკითვა, არის თუ არა საკმარისი ის ბერკეტები რაც კონსტიტუციურად გვაქვს მონიჭებული დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის უფლების დასაცავად?ნათელია,რომ არა.

მიუხედავად იმისა,რომ საქართველო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოა, საქართველომ მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება, ამასთან საქართელოს სისხლის სამართალი დასჯადად აცხადებს ოჯახში ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, მიღებულია სპეციალური კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, რომელიც ადგენს ქალისა და მამაკაცის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს, განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროებში მათი განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებსა და პირობებს, შემაშფოთებელია ამ ყველაფრის ფონზე,გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მკვეთრი გამოვლინება.ეს ყველაფერი ნათლად წარმოგვიჩენს იმას ,რომ ამ ყველაფრის მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება არ გვაძლევს ქმედით შედეგებს და მიზნის მიღწევა შეუძლებელია სხვა ქმედითი ნაბიჯების გარეშე.

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებულ, სპეციალურ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთ გავრცელებულ, თუმცა საკამათო ბერკეტს წარმოადგენს „გენდერული კვოტირება“ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მეტი ჩართულობისთის. მართალია, ქალები აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობენ შეუფერხებლად, მაგრამ  დღემდე გაცილებით მცირეა მათი რაოდენობა არჩევით თუ დანიშვნით პოლიტიკურ თანამდებობებზე, ამ მიზეზით, ქალთა კვოტირება საქართველოში აქტუალური თემაა 2011 წლიდან, როდესაც წარმოიშვა ინიციატივა, პარლამენტში ქალების მინიმუმ 30%-ით წარმომადგენლობის შესახებ.  

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, რომ არა ხელოვნური ბარიერები, რომლებიც ქალების ცხოვრებაში არსებობს, ისინი უფრო მეტი რაოდენობით იქნებოდნენ პარლამენტში წარმოდგენილნი და ამდენად, მამაკაცთა 75 პროცენტზე მაღალიწარმომადგენლობა  არაბუნებრივად მიიჩნია.  ქალთა წარმომადგენლობის სწორედ ამ ხელოვნური შემცირებითა და ბარიერებით,  საზოგადოება უარს ამბობს საუკეთესო კანდიდატები შეარჩიოს ქვეყნის მოსახლეობის ნახევრიდან, ქალებიდან, რაც უსამართლობაა. სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მისი მოსახლეობის რესურსის და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და იმ ხელოვნური ბარიერების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც მოსახლების ნახევარს არ აძლევს საკუთარი უნარების სხვების თანასწორად გამოვლენის შესაძლებლობას პარლამენტში. 

საბოლოოდ,ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ,რომ გენდერული თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების შექმნა არასაკმარისი ბერკეტია  თანასწორობის დასაცავად და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.ყველაზე მნიშვნელოვანია,რომ არსებული დებულებები არ დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და არ მიეცეს დავიწყებას. აღნიშნული დებულებები პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ ,უნდა ავუმაღლოთ ცნობიერება მოსახლეობას ამ საკითხებთან მიმართებით.ყველამ უნდა იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი გენდერული თნასწორობის დაცვასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.ნათელია,რომ გენდერული თნასწორობის მიღწევისკენ და ხელშეწყობისკენ არა მხოლოდ ქალები,არამედ კაცებიც უნდა ილტვოდნენ.


გამოყენებული ლიტერატურა:

1.საქართველოს კონსტიტუცია.

2.საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“

3.კონსტანტინე კუბლაშვილი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მეხუთე გამოცემა;

4.საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მეორე თავი, გამომცემლობა შპს“პეტიტი“, თბილისი, 2013;

5.ქეთევან ერემაძე, ძირითადი უფლებები თავისუფლებისთვის, თბილისი, 2020;

6.ქალი და კაცი საქართველოში ,სტატისტიკური პუბლიკაცია ,თბილისი 2020;

7. ESU - The European Students‘ Union - EQUALITY HANDBOOK.

ავტორი:ანა ზაზაძე,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  მე-3 კურსის სტუდენტი.


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები