Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა

ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა


„ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“ – ამგვარი ლაკონური, თუმცა უმნიშვნელოვანესი დანაწესით განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსი სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მოთხოვნას. სამოქალაქო ბრუნვის გამართულობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრუნვის მონაწილეთა მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებასთან: თითოეული ჩვენგანი მოვალეა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც სხვადასხვა საფუძვლით წარმოიშობა. თუმცა საინტერესოა, რას წარმოადგენს თავად ვალდებულება?

როგორც გერმანული სამოქალაქო კოდექსის 241-ე პარაგრაფში ვკითხულობთ, ვალდებულება არის სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ძალითაც კრედიტორი უფლებამოსილია რაიმეს შესრულება ან მისგან თავის შეკავება მოითხოვოს. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილიც. შესაბამისად ვალდებულების ცნებასთან დაკავშირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერმინი: კრედიტორი, მოვალე, რაიმეს შესრულება (თავის შეკავება). სამოქალაქოსამართლებრივი ვალდებულება კრედიტორსა და მოვალეს ისე აკავშირებს, რომ ეს უკანასკნელი ვალდებული ხდება შეასრულოს გარკვეული ქმედება (გადაიხადოს თანხა, დაამზადოს ნაკეთობა) კრედიტორის სასარგებლოდ. მაგალითად ავიღოთ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ყველაზე გავრცელებულ ხელშეკრულების ტიპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამყიდველი მოვალეა, მყიდველს გადასცეს ნივთზე მფლობელობა და საკუთრება. შესაბამისად მას აქვს წარმოშობილი გარკვეული სახელშეკრულებო ვალდებულება. თავის მხრივ, იმავე მუხლის მეორე ნაწილი მოვალეს აკისრებს შეთანხმებული საფასურის გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ორ ასპექტში იქნას განხილული: 1) ნივთის გადაცემა – რა შემთხვევაშიც მოვალე გამყიდველია, კრედიტორი – მყიდველი; 2) თანხის გადახდა – როდესაც მყიდველი და გამყიდველი როლებს ცვლიან.

ვალდებულების არსებობა აუცილებლად მოითხოვს განსაზღვრულობის პრინციპის დაცვას, ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ცალსახად უნდა იკვეთებოდეს კრედიტორი და მოვალე. თუმცა ცხადია ეს არ გულისხმობს მხოლოდ ერთი მოვალის ან კრედიტორის არსებობას, ან თუნდაც მესამე პირის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადების შესაძლებლობის გამორიცხვას.  მაგრამ, ცხადია, ვალდებულების შინაარსის დაზუსტება არის წინაპირობა ნამდვილი ვალდებულების არსებობისა.

როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი გვამცნობს, „ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.“ როგორც ვხედავთ, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები სხვადასხვაა, თუმცა მათ შორის უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულებას, როგორც მხარეთა ნების ავტონომიურობის გამოვლინებას.

სამოქალაქო სამართალი აღიარებს pacta sunt servanda-ს პრინციპს, რომელიც მოითხოვს იმას, რომ ხელშეკრულება უნდა შესრულდეს. მსგავსი დანაწესი სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლითაც არის განმტკიცებული. მაგალითებს კი წარმოადგენს ნასყიდობის, ქირავნობის, იჯარის და სხვა ხელშეკრულებები (ასევე სხვა გარიგებები). კანონის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების თვალსაჩინო მაგალითია დელიქტური ვალდებულებები, უსაფუძვლო გამდიდრების სამართალი და დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება. ამ შემთხვევაში უკანა პლანზე გადადის მხარის ნება, დაამყაროს ურთიერთობა სასურველ პირთან და გარკვეული ვალდებულება უშუალოდ კანონის საფუძველზე წარმოშობა, მაგ: პირი ანადგურებს სხვის წიგნს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცნობს ნივთის მესაკუთრეს. დელიქტური სამართლისთვის აუცილებელი არაა მხარეებმა წინასწარ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, არც მათი შეთანხმებაა საჭირო. ვალდებულების წარმოშობა მათი ნების თანხვედრას სულაც არ უკავშირდება.

მართალია, ვალდებულება, როგორც წესი, აუცილებლად უნდა შესრულდეს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ამგვარ ბოჭვას შესაძლოა წერტილი დაესვას. ერთ-ერთია სწორედ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რომელიც ცელსიუსსა და ძველ რომაულ სამართალს (დიგესტებს) უკავშირდება, თუმცა არც დღეს კარგავს აქტუალობას. პრინციპი „Impossibilium nulla est obligatio“ განსაზღვრავს, რომ არავინ არის ვალდებული შეასრულოს შეუძლებელი.

სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვადაგადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ შეუსრულებლობა ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომლებზეც მოვალე არ აგებს პასუხს. აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი ბრალის არარსებობაა, ბრალი კი გულისხმობს გაუფრთხილებლობასა და განზრახვას.

ეს სამართლებრივი ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული ვალდებულების შესრულება ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებების გამოა შეუძლებელია. ჰერკულესის ძალისხმევის გამოვლენას კი სამოქალაქო სამართალი არავის სთხოვს.

ყველაზე ზოგადი კლასიფიკაციით ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა ორ ტიპად გაიყოფა: ნამდვილ და არანამდვილ შეუძლებლობად. ნამდვილი შეუძლებლობა შესაძლოა გულისხმობდეს ობიექტურ ან სუბიექტურ შეუძლებლობას. პირველ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება შეუძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მაგ: როდესაც გასაყიდი ნივთი ნადგურდება. სუბიექტური შეუძლებლობა კი გულისხმობს შემთხვევას, როდესაც შესრულება შეუძლებელია უშუალოდ მოვალისთვის (და არა სხვა პირებისთვის), მაგ: როდესაც გაყიდულ საყვავილეს მყიდველისთვის გადაცემამდე მოიპარავენ, გამყიდველს აღარ აქვს მასზე არც წვდომა და არც მისი გადაცემის შესაძლებლობა, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ სხვების მიერ იმავე ვალდებულების შესრულების შესაძლებლობაც გამორიცხულია.

ნამდვილი შეუძლებლობის ერთ-ერთი სახეა სამართლებრივი შეუძლებლობაც. ამ შემთხვევაში შესრულება ფაქტობრივად შესაძლებელია, თუმცა კანონით ან სხვა აქტით არის აკრძალული, ანუ შესრულებას სამართლებრივი საფუძვლები უშლის ხელს. თუმცა აუცილებელია, რომ ეს კანონი ან აქტი (რომელიც კრძალავს შესრულებას) ხელშეკრულების დადების (ვალდებულების წარმოშობის) მომენტისთვის არ არსებობდეს (შემდგომ იყოს მიღებული). წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არა სამართლებრივი შეუძლებლობა, არამედ კანონსაწინააღმდეგო და არანამდვილი გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი).

რაც შეეხება არანამდვილ შეუძლებლობას, იგი შესაძლოა გულისხმობდეს პიროვნულ (მორალურ) და პრაქტიკულ შეუძლებლობას. საინტერესო ისაა, რომ არანამდვილი შეუძლებლობის ორივე სახე წარმოადგენს შესაგებელს, ანუ იმისათვის, რომ ისინი გათვალისწინებული იყოს საქმის განხილვისას, აუცილებელია მხარემ მასზე თავად მიუთითოს (განსხვავებით ნამდვილი შეუძლებლობისგან, რომელიც თავისთავად მოწმდება, მითითების გარეშე).

პრაქტიკული შეუძლებლობა მოიცავს შემთხვევებს, როდესაც შესრულება შესაძლებელია, თუმცა „მძიმე ფასად“ (ამისათვის საჭიროა არათანაზომიერი ხარჯები კრედიტორის ინტერესეთან შედარებით), რისი მაგალითიცაა ზღვაში ჩავარდნილი ბეჭედი (მისი ამოღება, ცხადია, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული). პიროვნული (მორალური) შეუძლებლობა კი სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე პირადადაა ვალდებული შეასრულოს გარკვეული ქმედება (მაგ: გამორჩეული დიზაინერი, მომღერალი, ხელოსანია), თუმცა ეს მისი პიროვნული მდგომარეობის გამო არ შეუძლია (მაგ: მომღერალმა, რომელსაც კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, მოულოდნელად გაიგო შვილის ავადმყოფობის ამბავი. ასეთი სიტუაციაში მას შესრულება არ მოეთხოვება, თუ ის ამ შესაგებელს გამოიყენებს).

განვიხილოთ შესავალში მოყვანილი მაგალითი: ა მყიდველია, რომელიც მოხიბლულია გარკვეული ტექნიკის (ბეკოს მაცივრის) ფასით (850 ლარით) და სურს დაუყოვნებლივ დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება გამყიდველ ბ-სთან. იმავდროულად, სიჩქარის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ მაღაზიაში ბეკოს უკანასკნელი მაცივარი დარჩა და ამგვარი შანსი ა-ს მეორედ აღარ ექნება. მხარეები თანხმდებიან, რომ ა-მ ნივთი მეორე დღეს 15:00 საათზე უნდა წაიღოს და სწორედ ამ დროს გადაიხდის შეთანხმებულ საფასურს. თუმცა იმ საღამოს, როცა მხარეები შეთანმდნენ და ხელშეკრულება გააფორმეს, ქურდები მაღაზიაში იპარებიან და მაცივარს, ტელევიზორს, მიკროტალღურ ღუმელს, ტელეფონებსა და ლეპტოპებს წაიღებენ. ჩნდება კითხვა: არის კი გამყიდველი ბ ვალდებული, გადასცეს ნივთი ა-ს, მიუხედავად იმისა, რომ ის მოპარულია? ასევე რისი უფლება გააჩნია მყიდველს?

1.მოთხოვნის წარმოშობა – პირველ რიგში გასარკვევია, საერთოდ წარმოეშობა თუ არა ა-ს მაცივრის გადაცემის მოთხოვნის უფლება? ამისათვის აუცილებელია ნამდვილი ხელშეკრულების არსებობა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი წინაპირობების დაკმაყოფილება:

  • ნამდვილი ოფერტი; 
  • ნამდვილი აქცეპტი; 
  • შეთანხმება ყველა არსებით პირობაზე; 
  • გარიგების ნამდვილობის გამაქარწყლებელი ზოგადი საფუძვლების არარსებობა.

ჩვენს შემთხვევაში სახეზეა ა-ს ოფერტი (როგორც სსკ-ის 329-ე მუხლი გვამცნობს, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება, რომლითაც ოფერენტი აცხადებს მზაობას სამართლებრივი ბოჭვისთვის). უპრობლემოდ დგინდება ბ-ს აქცეპტიც. ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს, რომელთა დადგენა სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აუცილებელია, წარმოადგენს 1) მხარეები; 2) ნასყიდობის საგანი; 3) ფასი. რამდენადაც მხარეებმა (რომელთა ვინაობა დადგენილია) ზუსტად განსაზღვრეს ნასყიდობის საგანი (მაცივარი) და მისი ღირებულება (850 ლარი), ეს პუნქტიც დაკმაყოფილებულია.

მეოთხე პუნქტი მოითხოვს შემოწმდეს გარიგების ბათილობის ზოგადი საფუძვლები, როგორებიცაა ამორალურობა, კანონსაწინააღმდეგობა, არასერიოზული ნება, ფორმის დაუცველობა და სხვა. ჩვენს შემთხვევაში სახეზე არცერთი მათგანი არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია, მოთხოვნა კი წარმოშობილი.

2.მოთხოვნის შეწყვეტა – სწორედ ამ ეტაპზე არის მნიშვნელოვანი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის განხილვა. როგორც მაგალითიდან ჩანს, მაცივარი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, ქურდებმა წაიღეს. შესაბამისად, მისი ა-სთვის გადაცემა მოვალისთვის შეუძლებელია. საინტერესოა, რამდენად შეიძლება ეს ნიშნავდეს სუბიექტური შეუძლებლობის არსებობას. ამის განსაზღვრა შეიძლება ორი ფაქტორის გათვალისწინებით:

  • ნივთის ბუნების განსაზღვრა (ინდივიდუალურად განსაზღვრული თუ გვაროვნული ნივთია სახეზე) 
  • კონკრეტიზაციის მომენტის დადგენა გვაროვნული ნივთის შემთხვევაში (იმის მიხედვით, მიტანის, წაღების თუ გაგზავნის ვალდებულებაა).

ჩვენს შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან ბეკოს მაცივრის გადაცემაზე. ზოგადად ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება, გვაროვნულ ნივთად მიიჩნევა (სსკ-ის 382-ე მუხლი). ამის მაგალითია ერთი სერიის ავტომობილები, ტექნიკა, ბოსტნეული… გვაროვნული ნივთები განსხვავებით ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთებისგან საერთო ნიშნებით ხასიათდება. ასეთ დროს მიიჩნევა, რომ ვალდებულება მანამ უნდა შესრულდეს, სანამ „გვარი“ არსებობს. თუმცა მაღაზიაში ბეკოს ფირმის ერთადერთი მაცივარი იყო დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები სწორედ ამ კონკრეტულ ტექნიკაზე შეთანხმდნენ და ნივთი ინდივიდუალურია. როგორც წესი, ინდივიდუალურობისა და გვაროვნულობის განსაზღვრა სწორედ მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით შეიძლება, ჩვენს შემთხვევაში კი ფაქტობრივ გარემოებებს სწორედ იქამდე მივყავართ, რომ მაცივარი ინდივიდუალურადაა განსაზღვრული. ამიტომ კონკრეტიზაციის მომენტის განხილვა საჭირო აღარაა, რადგან ის მხოლოდ გვაროვნულ ნივთებს ეხება. ერთადერთი მაცივრის მოპარვა კი შესრულებას ბ-სთვის შეუძლებელს ხდის, რის გამოც წარმოშობილი მოთხოვნა შეწყდება.

შუალედური დასკვნა: ა-ს არ შეუძლია მოითხოვოს მაცივრის გადაცემა.

საინტერესოა, რამდენად შეუძლია ბ-ს მოითხოვოს საფასურის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად გათავისუფლდა შესრულების ვალდებულებისგან. ამის დასადგენად ვიყენებთ სსკ-ის 406-ე მუხლს, რომლის თანახმადაც აუცილებელია

  • ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა – ნასყიდობის ხელშეკრულება მასში თავისთავად იგულისხმება. 
  • მოვალის გათავისუფლება ვალდებულებისგან – სუბიექტური შეუძლებლობა ბ-ს ათავისუფლებს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისგან.
  • შეუძლებლობა არ უნდა იყოს გამოწვეული კრედიტორის ბრალით – რამდენადაც ა-ს არც განზრაც და არც გაუფრთხილებლობით არ გამოუწვევია შეუძლებლობა (ქურდობაში თანამონაწილეობა არ იკვეთება), მისი ბრალეულობა გამოირიცხება და იგი გათავისუფლდება საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

საბოლოო დასკვნა: არც ა-ს და არც ბ-ს არ შეუძლიათ ერთმანეთს მოსთხოვონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინსტიტუტია. მისი გამოყენებით მხარე სრულად თავისუფლდება პირველადი შესრულების ვალდებულებისგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მიმართ მეორეული მოთხოვნების (უპირველესად ზიანის ანაზღაურების) გამოყენება შეუძლებელია (თუმცა ამისათვის საჭიროა ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობის დაკმაყოფილება). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი „ვალდებულება უნდა შესრულდეს“, შეუძლებლობის ინსტიტუტი მისგან მნიშვნელოვან გამონაკლის წარმოადგენს და იურისტთა ყურადღებასაც იმსახურებს.


გამოყენებული ლიტერატურა

  • გ. რუსიაშვილი, ზოგადი ვალდებულებითი სამართალი (კაზუსების კრებული), თბილისი, 2020 წელი 
  • დ. გეგენავა (რედ), ნ. ბეგიაშვილი, სამართლის ჟურნალი, თბილისი, 2011 წელი 
  • ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომეტარები, თბილისი, 2019 წელი 
  • ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, 2009 
  • ი. ბარქაია, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და ფორს-მაჟორის აღრევა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, თბილისი, 2019 წელი

ავტორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი – მარიამ აფაქიძე

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები