Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსი

პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსი



პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვას დიდი ისტორია აქვს. მის საწყისად შეიძლება მივიჩნიოთ ძველი ბერძნული და რომაული პოლიტიკური ფილოსოფიისთვის მნიშვნელოვანი, კერძო და საჯარო სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხი. ამაზე მიანიშნებს არისტოტელეს და სოკრატეს შეხედულებები, პიროვნებისა და სახელმწიფოს როლის შესახებ.

პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის სამართლებრივ საწყისს უკავშირდება 1881 წლის მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ ზიანის ანაზღაურება დააკისრა პირს, რომელიც ქალის მშობიარობას მისი თანხმობის გარეშე აკვირდებოდა. სასამართლოს განმარტებით, ქალს ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, საკუთარ სახლში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიები ჰქონოდა.

“მარტო დარჩენის უფლება” მოგვიანებით ერთ-ერთ სასამართლო გადაწყვეტილებაში მოსამართლე თომას ქულიმაც ახსენა. 1873 წელს ზემოაღნიშნულს მოჰყვა სერ ჯეიმს, ფიცჯეიმს სტეფანის ფილოსოფიური ნაშრომი, სადაც საუბარი იყო პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე.  ხოლო საბოლოოდ ამ ცნების განვითარება სემუელ უორენისა და ლუის ბრანდეისის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის ჟურნალში 1890 წელს გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება. სტატიაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ, თუ ადრე თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ ფიზიკურ შეზღუდვას მოიაზრებდა, მოგვიანებით სამართალში “პირის სულიერი მხარის, მისი გრძნობებისა და ინტელექტის” შეზღუდვის ცნებები შემოვიდა და დღესდღეობით ის „მარტო დარჩენის უფლებასაც“ გულისხმობს.

ევროსასამართლოს განმარტებით, პირადი ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ინდივიდის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას, მის ხელშეუხებლობას, პირის უფლებას იცხოვროს ისე, როგორც მას სურს. პირადი ცხოვრების პატივისცემა ასევე მოიცავს, გარკვეულ ფარგლებში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა და განვითარების უფლებას. თუმცა, სასამართლოს განმარტებით, ეს არ არის ,პირადი ცხოვრების“ ამომწურავი განმარტება, ის მოიცავს საკითხთა გაცილებით ფართო წრეს. უპირველეს ყოვლისა, პირადი ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს პირის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას. პირადი ცხოვრება არ არის მხოლოდ პიროვნების შინაგანი სამყარო, არამედ ის არის პირის შესაძლებლობა და უფლება იქონიოს კონტაქტი გარე სამყაროსთან. ასევე მას მიეკუთნება პირის პროფესიული საქმიანობის გარშემო დამყარებული ურთიერთობები. პირადი ცხოვრების არეალს მიეკუთნება პირის სქესობრივი ცხოვრება, მათ შორის ორიენტაცია. პირის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაცია მოქცეულია პირადი ცხოვრების არეალში. ასევე პირის სურვილის არსებობის შემთხვევაში გასაიდუმლოებული უნდა იყოს.

სქესის შეცვლის შემდგომ ძველი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია.

პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს პირის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. მასში შედის იძულებითი სამედიცინო მკურნალობა ან ანალიზი, მათ შორის სავალდებულო ვაქცინაციაც.

ევროპის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეხმიანება ადამიანის უფლებათა და  ძირითად თავისუფლებათა ევროპული კოვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად: „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერა“.

სახელმწიფოს ან მესამი პირის მიერ პირადი ინფორმაციის შეგროვება ითვლება პირად ცხოვრების არელაში შეჭრად, ასევე პირადი კომინიკაციების დარღვევა მისი შინაარსის მუხედავად. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ნაწილია სახელმწიფო ორგანოში შენახული საკუთარი პირადი მონაცემების ხელმისაწვდომობა. პირის ინტიმურ სამყაროში ჩარევაც ჩაითვლება პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევად. ასევე, პირის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, სხეულებრივი სასჯელები, თუ იგი ცდება დაშვებულ ფარგლებს, წარმოადგენს ევროკონვენციის დარღვევას. შესაბამისად, თუ არ იქნება დაცული გარკვეული მოთხოვნები, იძულებითი მოქმედება ჩაითვლება პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევად.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კერძო ცხოვრების დაცვის უპირველესი გარანტია კონსტიტუციაა, რადგან სწორედ ის უდევს საფუძვლად პირადი ცხოვრების დაცვის მთელ სისტემას. საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია.” ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ სწორედ ეს მუხლი წარმოადგენს პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის ძირითად კონსტიტუციურ გარანტიას. ეს მუხლი წარმოადგენს საწყისს პირადი ცხოვრების არსის განსაზღვრისას.

კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიხედვით „ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე...“ რადგან ამ კონკრეტულ მუხლში ვხვდებით სიტყვა „ჯანმრთელობა“-ს შესაძლოა ვთქვათ, რომ ზოგიერთი პირადი უფლება დაბადებით წრმოიშობა.

საქართელოს კონსტიტუციაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფლების ერთ-ერთ გარანტიას კი პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვა წარმოადგენს, თუმცა თავისუფლება არ არის შეუზღუდავი. სამართალი დაცული თავისუფლების შეღუდვას იწყებს იქ, სადაც სხვისი კანონიერი ინტერესები დაირღვევა.

ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის ნორმები და საქართველოს საკონსტიტუციო პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის უფლება. გარდა კონსტიტუციისა, უფლების დაცვის მექანიზმები განაწილებულია საქართველოს მთლიან საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც დამატებითი გარანტიებია, რათა სრულყოფილად განხორციელდეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რეალირება და დაცვა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლში დაცულია ადამიანის პირადი ხელშეუხებლობა, რომელშიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ პიროვნების თავისუფლების ხელშეუვალობა, თავისუფლების აღკვეთის ან მისი სხვაგვარად შეზღუდვის დაუშვებლობა. საჭიროა მკაფიოდ გამოიკვეთოს პიროვნების თავისუფლების უფლებები, როგორც არამატერიალური უფლება, რის შემდეგაც მკაფიო გახდება მისი ადგილი სამოქალქო სამართალში. ეს დებულება საკმაოდ ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონში არსებულ სტანდარტებს, განსაკუთრებით გარდაცვლილი პირის პირად მონაცემებს. საკამათოდ რჩება საკითხი, აქვს თუ არა გარდაცვლილ პირს პირადი საიდუმლოება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით არაქონებრივ უფლებებში მოიაზრება: სახელი, პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების საიდუმლოება და პირადი ხელშეუხებლობა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსზე საუბარი ამოუწურავად შეიძლება, რადგან მისი მოწესრიგების სფერო მეტად ფართოა. ამასთან, პირადი ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის თავისუფლებასთან და ხელშეუხებლობასთან, რაც მისი არსის განსაზღვრას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.


ბიბლიოგრაფია

მიხეილ ბიჭია, „პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვა სამოქალაქო სამართლის მიხედვით“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,    2012

ბროშურა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები“ თბილისი 2005

J. Stephen, Liberty, Equality, Fraternity, second edition, SMITH, ELDER, & CO., 15 \VATERLOO PLACE, 1873,

James, Fitzjames Stephen, Liberty, Equality, Fraternity (1st ed. 1873)

Harry H. Wellington, Common Law Rules and Constitutional Double Standards: Some Notes on Adjudication, 83 Yale Law Journal 221, 249-51 (1973)

Niemietz v. Germany, 16/12/1992 წლის გადაწყვეტილება

Dungeon v. the United Kingdom, 22/09/1997 წლის გადაწყვეტილება

8 B v. France, 25/03/1992 წლის გადაწყვეტილება

Peters v. the Netherlands, 6/04/1994 წლის გადაწყვეტილება

Gaskin v. the United Kingdom 7/06/1989 წლის გადაწყვეტილება


ავტორი: მარიამ არსენიძე


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები