Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

„საქართველოში მოქმედი საკონტროლო მექანიზმები ოპერატიულ საქმიანობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა“

„საქართველოში მოქმედი საკონტროლო მექანიზმები ოპერატიულ საქმიანობაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა“



ბუნებრივია რომ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დიდი ნაწილი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე   შეუმჩნეველი რჩება  საზოგადოებისთვის,  რაც თითქმნის გამორიცხავს მასზე საზოგადოების კონტროლის შესაძლებლობას. კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე კონტროლის სამ სახეს ითვალისწინებს, ესენია უწყებრივი, საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობა.  ჩამოთვლილთაგან საკანონმდებლო ჩანაწერი სასამართლო კონტროლის რეალური არსის და საფუძვლების თაობაზე შინაარსს მოკლებულია, რადგან კანონში არ დარჩა არცერთი ოპერატიული ღონისძიება, რომელიც სასამართლოს სპეციალურ ნებართვას საჭიროებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ცალკეული უფლების შეზღუდვისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების სახით დამატებითი ფორმალური კრიტერიუმის არსებობა ხაზს უსვამს ამ უფლების (თუ მისი ცალკეული უფლებრივი კომპონენტის) ბუნებას და იმ ფაქტს, რომ ამ ურთიერთობაში მაღალია აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების თვითნებობის საფრთხე და არსებობს სასამართლოს, როგორც ნეიტრალური და მიუკერძოებელი ორგანოს მხრიდან კონტროლის განხორციელების საჭიროება“. ზედმეტი არ იქნებოდა ჩაფიქრება  ოპერატიული ღონისძიებების სახეების მიხედვით განსხვავებული კონტროლის  შემოღების აუცილებლობაზე. თავად კანონი საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებას, რომელიც ოპერატიულ ღონისძიებათა ბუნების გათვალისწინებით, განსხვავებულ რეჟიმს დააწესებს, ერთი მხრივ, სამძებრო მეორე მხრივ კი, საგამოძიებო მიზნებისთვის ოპერატიული ღონისძიებების გამოყენებაზე და მათ ნაწილს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასახავს.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს უფლებას, რომ პირს აცნობონ მის პირად ცხოვრებაში ჩარევის შესახებ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს.

ევროპულმა სასამართლომ საქმეში „Klass and Others v. Federal Republic of Germany“ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალდებულია (post factum) პირს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მის მიმართ ჩატარებულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, პირმა უნდა იცოდეს რომ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. ამ საქმეში  დადგინდა რა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, პირის ინფორმირების აუცილებლობაზე. წარმოდგენილ მსჯელობიდან და ზემოთ განხილულ  სამძებრო ღონისძიებების ფაქტობრივ რეალიზაციის კვალიფიციურ შედეგებიდან  გამომდინარე,   გვეძლევა იმ რეზიუმირების გაკეთების შესაძლებლობა რომ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში გათვალისიწნებული ღონისძიებები საჭიროებენ მათი დეტალურ და სიღრმისეულ გადახედვას, ზოგიერთი ღონისძიება თავისი ინტენსიურობიდან, ჩარევის ბრუტალობიდან და გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით საჭიროებს სასამართლოს ნებართვას მათ უშუალო რეალიზაციამდე და პარალელურად სპეციალურ ზედამხედვლობას   განხორციელების პროცესში.  დღესდღეობით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება უფლებამოსილი ამა თუ იმ უწყების ნებართვის საფუძველზე და სულაც არაა საჭირო ყოველ ამგვარ ქმედებაში სასამართლოს თანხმობა და სპეციალური მეთვალყურეობა, უფრო ზუსტად  საგამონაკლისო შემთხვევებში არის მხოლოდ სავალდებულოდ საჭირო სასამართლოს ნებართვა/განჩინება რაც კიდევ ერთ ხარვეზს წარმოადგენს.  ზემოთ როგორც აღინიშნა ცნობების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთ მძიმე ხარვეზსს წარმოადგენს ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების თაობაზე ინფორმირებულობის ნაკლობება საქართველოში, კერძოდ ფარული საგამოძიებო მოქმედებებისაგან განსხვავებით, პირმა არ იცის და ვერასდროს ვერც გაიგებს, რომ მის მიმართ ხორიცელდებოდა  ესა თუ ის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რაც კანონმდებლობის ხარვეზად ითვლება. ამავდროულად და პარალელურად იმის თავიდან ასაცილებლად რომ არ იძენდეს ოპერატიული საქმიანობა თვითნებურ ხასიათს, საჭიროა   კანონმდებლობაში დეტალურად  იმ დანაშაულთა კატეგორიების წრის ჩამოყალიბება, რომელზეც შესაძლებელი იქნება ამ სახის ღონისძიებების გამოყენება, რაც დასადგურებულია მსოფლიოს რიგ ქვეყანებში, როგორიცაა მაგ. გერმანია. აღნიშნული ნაკლოვანების არარსებობის სავალალო შედეგები დღესდღეობით საქართველოში საგრძნობლად თავს იჩენს. წარმოდგენილი  მსჯელობა ნათელყოფს რომ, პირი ვის მიმართაც ადგილი აქვს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება,  მოკლებულია დაცვის ქმედით და ძალაუნარიან საშუალებებს, რაც აუცილებელია  დაბალანდეს ჩატარებული ღონისძიების შესახებ შეტყობინების და შემდგომ გასაჩივრების მექანიმზებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო ორგანოსა და კონსტიტიუციური კონტროლის განმახორციელებლის როლი კოლოსალურად დიდია ადამიანის უფლებათა მყარი, ქმედითი და გარანტირებული დაცვის საქმეში. მისმა პრაქტიკამ  მნიშნველოვანი როლი შეასრულა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩამოყალიბებაში.  „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერები, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ძირითადად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით ხდებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს და ცხადყოფს იმას რომ ამგვარ ჩარევებს ადამიანის პირად ცხოვრებაში  ხშირ შემთხვევაში მოსდევს უხეში და ბრუტალური ხასიათის შედეგები, რითაც ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა ემსახურება კანონის მოთხოვნების განუხრელ დაცვას და აღმასრულებელი ორგანოების შეცდომის ან/და თვითნებობის შედეგად უფლების დარღვევის გამორიცხვას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ გაუსვამს ხაზი ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში, „ეს უფლება სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის“.

ნათელია რომ, ოპერატიული საქმიანობა მუდმივად კონტრასტულ დამოკიდებულებაშია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია რომ შეზღუდვისას  გარდა ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, რომელთა შესახებ  ზემოთ იქნა განხილული, პირადი ცხოვრების, მათ შორის, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს უფლების შეზღუდვის მატერიალურ კრიტერიუმსაც. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის სულისკვეთებით,  შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს და ამავე დროს იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების  მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“.

ნიშანდობლივია რომ, ოპერატიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო– „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე პარლამენტის წინააღმდეგ“, – შემდგომში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების კონსტიტუციური განმარტების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა სახელმწიფოში.

საკონსტიტუციო სასამართლომ, თავის პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მეშვეობით, პირადი სივრცის კონტროლის გონივრული ვადით შეზღუდვის და ამავე ვადის სასამართლო კონტროლის აუცილებლობას. ოპერატიული საქმიანობის ვადებთან მიმართებით, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდა კანონის ჩანაწერი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით და პროკურორის თანხმობით, ოპერატიული ღონისძიების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას უშვებდა 6 თვით.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შესაბამისი დავალება მის/მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე. რაც მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც გამოძიება უკვე დაწყებულია და რეაგირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფარგლებში უნდა წარიმართოს. ცხადზე უცხადესია რომ, საქართველოში ოპერატიული საქმიანობის, როგორც გამოძიების პარალელური მექანიზმის არსებობა მთლიანი საგამოძიებო სისტემის უმწვავესი პრობლემაა.  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენ-მოქალაქეები ვერ ვამჩნევთ, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ შეიძლება რაღაც ფორმით გვიწევდეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან შეხება, უფრო სწორად, ამ ღონისძიებების ფარგლებში ჩვენი უფლებები სხვადასხვა ფორმით იზღუდებოდეს. თვითონ კანონმდებლობაა ძალიან ბუნდოვანი და ხშირ შემთხვევაში სწორედ კანონმდებლობა იძლევა არასწორი და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველი პრაქტიკების არსებობას ქვეყანაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების როლი, ოპერატიული საქმიანობის კონკრეტულ შემთხვევებში უფლებათა დაცვის სტანდარტების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უდავოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ კანონის კონკრეტული რეგულაციების კონსტიტუციურობის კონტროლი, შემდგომი სრულყოფილი და ჯეროვანი ცვლილებების პოლიტიკური ნების გარეშე, ოპერატიული საქმიანობის ძირეული რეფორმირებისთვის საკმარისი მექანიზმი არ აღმოჩნდა.  საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკა ერთგვარ სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს კომპეტენტურ ორგანოებისთვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას. პრიორიტეტეული და პრეველირებადი ადგილი უნდა მიენიჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას.   მიზანშეწონილად ვთვლი  და  ამავდროულად აუცილებლად  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის რეგულაციების ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, არსებული ბერკეტების გაძლიერება, სპეციალური კონტროლუნაირანი ჩარჩოების შექმნა რაც მინიმუმამდე დაიყვანდა ადამიანის კონსტიტუციურად დაცულ უფლებების არამართლზომიერ და თვითნებურ შეზღუდვებს და პარალელურად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას გახდის უფრო  ტრანსპარანტულსა და ნათელს.


გამოყენებული ლიტერატურა:

1)სასამართლო გადაწყვეტილებები: 

1.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-109. 

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს   2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება № 1276 საქმეზე: „  გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 

4. საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის N2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

2)ეროვნული ლიტერატურა: 

1. ა.ნასრაშვილი, ნ.ახალაძე, ს.ჩხაიძე, ქ.კუკავა. ჟურნალ, „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში, მიღწევები და არსებული გამოწვევები“, 2021წ. გვ.123, 124, 88, 87. 

2. თ.გვასალია, კვლევა „ოპერატიული საქმიანობა სამართალდამცავ ორგანოებში“  2019 წ. გვ.21. 

3. ი.აქუბარდია, „სამართლის ჟურნალი“ №1, 2020  გვ.228. 

4. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უკონტროლობაზე“, გ.იმაძე,(https://www.youtube.com/watch?v=-rM8RYKD1Yw )

3)საერთაშორისო ლიტერატურა: 

1. Klass and Others v. Federal Republic of Germany, [1978], ECHR 1978, (Ser. A.). 

2. Weber and Saravia v. Germany, [2006], ECHR No54934/00, 135; Shimovolos v. Russia, [2011], ECHR No30194/09, 68.


ავტორი-თ.ს.უ-ის, იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი არტურ ჩობანიანი


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები