Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში



2015 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა არასრულწლოვანთა ინტერესების დასაცავად და მიიღო არასრულწლოვნთა მართლმსაჯულების კოდექსი. აღნიშნული კოდექსი არის არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის გარანტი და მასში გაწერილია ის კონკრეტული პრინციპები, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მბოჭავი ფუნქცია. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების დაცვას. აღნიშნული პრინციპის დაცვა სავალდებულოა სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე და დაკავშირებულია მართლმასჯულების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორიცაა „Ultima Ratio“. ეს უკანასკნელი გულისხმობს ყველაზე მსუბუქი და ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენების ვალდებულებას, თუკი მიზნის მიღწევა შესაძლებელია ნაკლებად მზღუდავი საშუალებების გამოყენებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპი გარანტირებულია როგორც ეროვნულ-სამართლებრივი, ისე საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს თითოეულ ხელმომწერ სახელმწიფოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა ანიჭებდეს არასრულწლოვანთა კეთილდღეობას და უნდა უზრუნველყოს, რომ არასრულწლოვანი სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებული ნებისმერი ღონისძიება ყოველთვის იყოს სამართალდამრღვევისა და სამართალდარღვევის თანაზომიერი“.

აღნიშვნის ღირსია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ. მინისტრთა კომიტეტი მიუთითებს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების შემდეგ ვალდებულებებზე იუვენალურ იუსტიციაში: ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების უფლების კანონმდებლობით უზრუნველყოფა 

ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას: ა) ბავშვის მოსაზრებებს უნდა მიენიჭოს სათანადო მნიშვნელობა; ბ) გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის ყველა სხვა უფლება, მათ შორის, ღირსების, თავისუფლების და თანაბარი მოპყრობის უფლება; გ) გამოყენებული უნდა იქნეს მულტიდისციპლინური მიდგომა ყველა უწყების მიერ, რომელიც შეისწავლის ყველა ინტერესს, მათ შორის, ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, სამართლებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ ინტერესებს. სასამართლოებმა ბავშთა მონაწილეობით საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოიყენონ მულტიდისციპლინური მიდგომა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ  „ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ნიშნავს იმას, რომ როდესაც საუბარია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებზე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი ტრადიციული ამოცანები, როგორებიც არის: რეპრესია ან დასჯა, ნაკლებ პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული, ვიდრე - რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.“

ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის გატაწყვეტილება საქმეზე BLOKHIN v. RUSSIA. აღნიშნული საქმე ეხება გამოძიების დროს არასრულწლოვნის არაერთი უფლების დარღვევას და საუკეთესო ინტერესების შელახვას.  2005 წლის 3 იანვარს განმცხადებელი, რომელიც იმ დროს 12 წლის იყო, იმყოფებოდა თავისი ცხრა წლის მეზობლის ს.-ს სახლში, როდესაც ამ უკანასკნელის დედამ, ქალბატონმა ს.-მ გამოიძახა პოლიცია, რომელიც მოვიდა და განმცხადებელი წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, მას არ აცნობეს დაკავების მიზეზები. არასრულწლოვნის თქმით, ის ჩასვეს საკანში, რომელსაც არ ჰქონდა ფანჯრები და საკანში გამორთული იყო განათება. მას შემდეგ, რაც მან დაახლოებით ერთი საათი გაატარა სიბნელეში, იგი გამოკითხა პოლიციის ოფიცერმა. პოლიციის თანამშრომელმა არასრულწლოვანი გამოძალვაში დაადანაშაულა. მან მოუწოდა არასრულწლოვანს ეღიარებინა დანაშაული და თუ ამას გააკეთებდა, მაშინვე გაათავისუფლებდნენ, ხოლო თუ უარს იტყოდა, თავისუფლებას აღუკვეთდნენ. არასრულწლოვანმა ხელი მოაწერა აღიარებით ჩვენებას. პოლიციელმა მაშინვე დაურეკა მომჩივნის ბაბუას და უთხრა, რომ არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა და შეიძლებოდა მისი სახლში წაყვანა. როდესაც მისი ბაბუა პოლიციის განყოფილებაში მივიდა, არასრულწლოვანმა აღიარა თავისი უდანაშაულობა და თქვა, რომ შიშის გამო მისცა აღიარებითი ჩვენება. ცხადია, აღნიშნულ საქმეზე იმსჯელა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და გააკეთა შემდეგი განმარტება: სასამართლომ აღნიშნა, რომ უდაოა, რომ მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს ისე, რომ არ უთხრეს თუ რატომ აკავებდნენ. მას ასევე მოუწია გარკვეული დროის ლოდინი პოლიციელის მიერ გამოკითხვამდე. თუმცა, არ არსებობს მითითება, რომ განმცხადებელი რაიმე ფორმით  ინფორმირებული იყო, რომ მას უფლება ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში დაერეკა ბაბუას, მასწავლებელს, ადვოკატს ან სხვა ნდობით აღჭურვილ პირს, რათა მოსულიყვნენ და დახმარებოდნენ მას გამოკითხვის დროს. არც რაიმე ნაბიჯი გადადგმულა იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოკითხვის დროს მას სამართლებრივი დახმარება გაეწია. მთავრობის მტკიცება იმის შესახებ, რომ განმცხადებლის ბაბუა ესწრებოდა გამოკითხვას, მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული. უფრო მეტიც, სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი აღიარებით ჩვენებაში - რომლის მტკიცებულება უნდა ჩაითვალოს უკიდურესად საეჭვოდ მისი ახალგაზრდა ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით - არ იყო ნახსენები გამოკითხვაზე პაპას დასწრების შესახებ  და არ იყო მისი ხელმოწერა. პაპას მიერ იმავე დღეს ხელმოწერილი წერილობითი განცხადება, როგორც განმცხადებელი ირწმუნებოდა, შეიძლება ხელმოწერილი ყოფილიყო მოგვიანებით, მას შემდეგ რაც განმცხადებელი გამოკითხა პოლიციის ოფიცერმა და, შესაბამისად, არ ადასტურებს მის ყოფნას გამოკითხვის დროს. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის აღიარებით ჩვენებაში მითითებულია, რომ იგი ინფორმირებული იყო საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემის უფლებაზე. თუმცა, ამ დოკუმენტში არ იყო ნახსენები, რომ განმცხადებელს აცნობეს ადვოკატის ყოლის უფლების შესახებ ან ვინმე სხვას შეეძლო დასწრებოდა გამოკითხვას, ან რომ რომელიმე ასეთი პირი ნამდვილად იმყოფებოდა. შესაბამისად, ევროსასამართლომ დაადგინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის უარყოფა სახელმწიფოს მხრიდან და დაადგინა კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევა.

ბლოხინის საქმე არის  გადაწყვეტილება, რომელიც კონვენციის ხელმომწერმა ნებისმიერმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს და დაიცვას. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპი არის ის ღირებულება, რომლის დაცვაც ნებისმიერ სახელმწიფოს გახდის უფრო დემოკრატიულს, სამართლებრივსა და ჰუმანურს.


ბიბლიოგრაფია: 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (12/06/2015) - კონსოლიდირებული ვერსია 

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (20/11/1989) 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (04/11/1950) 

არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) (29/11/1985) 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება 

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება, 2017 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ CASE OF BLOKHIN v. RUSSIA


ავტორი: გიულჩინ ახმედოვა -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები