Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როცა განქორწინების დროს მეუღლეები დავობენ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე

როცა განქორწინების დროს მეუღლეები დავობენ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე

ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური გახდა განქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები, ბევრი კითხვა ჩნდება საზოგადოებაში განქორწინების სამართლებრივ ნაწილთან მიმართებით.


ჩვენმა საადვოკატო ბიურომ 2017 წლიდან დღემდე წარმართა ათეულობით განქორწინების საქმე სასამრთლოსა და იუსტიციის სახლში წარმატებით. ხშირად დაინტერესებული პირები მოდიან და იღებენ დეტალურ და კვალიფიციურ რჩევებს/რეკომენდაციებს კონსულტაციის ფარგლებში, რომელთაც სურთ მოემზადონ განქორწინებისთვის და აინტერესებთ სამართლებრივი შედეგები, როგორია განქორწინების პროცესი და რა ეტაპებია გასავლელი.


წლების მანძილზე ასევე ჩვენი საადვოკატო ბიუროს სერვისით სარგებლობს ათეულობით დაინტერესებული პირი, რომელთა ინტერესებს და უფლებებს განქორწინების და სხვა ტიპის დავის ფარგლებში აქტიურად ვიცავთ.


საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავები საკმაოდ მრავალფეროვანია და ისინი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • განქორწინება;
  • ქორწინების ბათილად ცნობა;
  • მეუღლეთა ქონების/თანასაკუთრების გაყოფა;
  • ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება;
  • მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება;
  • ბავშვის მამობის დადგენა;
  • მარტოხელა მშობლის სტატუსი;
  • მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ;
  • სხვა საკითხები, რომელბიც უკავშირდება ოჯახს.

როცა ოჯახის წევრები ვერ აგვარებენ ერთმანეთთან პრობლემას, ხშირად სასამართლოში ინაცვლებენ. საოჯახო დავებს კანონი არეგულირებს. ასეთ დავებში მონაწილეობა ჩვენს საადვოკატო კომპანიას ხშირად უწევს, რამდენიმე საინტერესო კითხაზე გიპასუხებთ საადვოკატო კომპანია,,ნაკაშიძე და პარტნიორები''ს მმართველი პარტნიორი და დირექტორი: ნათია ნაკაშიძე  


თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე რამდენად ხშირად მოგმართავენ პირები განქორწინების თაობაზე და რა ტიპის დავების ყველაზე მეტი მომმართვიანობა? 

მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მკითხველებს. სამწუხაროდ მომმართვიანობა განქორწინებასთან დაკავშირებით საგრძნობლად გაიზარდა, საოჯახო სამართლიდან გამომდინარე, დავები საკმაოდ მრავალფეროვანია და ისინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: განქორწინება; მეუღლეთა ქონების/თანასაკუთრების გაყოფა; ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება; მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება; ბავშვის მამობის დადგენა; მარტოხელა მშობლის სტატუსი; მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ; ასევე - სხვა საკითხები, რომელიც უკავშირდება ოჯახს. ხშირია არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანის პრობლემა, რადგან არის შემთხვევები, მშობელს უნდა ბავშვის წაყვანა და მეორე მშობელი თანხმობას არ აძლევს. ხშირად ასეთი წყვილები განქორწინებულები არიან და უარის გამო იძულებულია მხარე, სასამართლო გზით მოიპოვოს ეს უფლება. ასეთი სარჩელები ხშირად შედის სასამართლოში.


მოდი, დავიწყოთ განქორწინების თემით, რაც ძალზე აქტუალურია. როგორც წესი, ხშირად წყვილები შვილზე დავობენ. ბევრი სასამართლოს გზით განქორწინებას არიდებს თავს, რადგან თვლის, რომ ეს დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. განვუმარტოთ საზოგადოებას, რა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი?

- ჩვენმა საადვოკატო ბიურომ წარმართა ათეულობით განქორწინების საქმე სასამრთლოსა და იუსტიციის სახლში წარმატებით. ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს განქორწინება. თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, მაშინ განქორწინება ხდება სასამართლო წესით, სხვა შემთხვევაში განქორწინებას ახდენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო. განქორწინება სასამართლო წესით ხდება, ამისთვის საჭიროა, ერთმა მხარემ მიმართოს განცხადებით სასამართლოს. ეს, ძირითადად, იმ დროს ხდება, თუ ერთ-ერთი მეუღლე თანახმა არ არის განქორწინებაზე, ასევე, ქონების გაყოფის საკითხზეც თუ დავობენ ისინი და თვლიან, რომ სასამართლოს გზით ამის მოგვარება უკეთესია. სასამართლო ვალდებულია განიხილოს მეუღლეთა ქონების გაყოფის საკითხიც. გაიყოფა ის ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. საერთო საკუთრება არის ის ქონება, რაც მეუღლეთა მიერ შეძენილ იქნა ქორწინების შემდგომ პერიოდში. თუ, მაგალითად, ქორწინების პერიოდში ერთ-ერთ მეუღლეს აჩუქეს ან მემკვიდრეობით გადასცეს რაიმე სახის ქონება, ეს ქონება განქორწინების დროს არ იყოფა, მაგრამ თუ თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ბინა, ეს ქონება აუცილებლად გაიყოფა. ხშირია, როცა განქორწინების დროს მეუღლეები დავობენ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე და მათ სარჩენად გადასახდელი სახსრების ოდენობაზე, სასამართლო მოვალეა, დაადგინოს შვილი რომელ მშობელთან დარჩება და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა დაეკისროს ალიმენტი. ესეც იმ შემთხვევაში ხდება, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. სხვა შემთხვევაში, როცა ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე, ალიმეტის საკითხებიც გარკვეული აქვთ ერთმანეთში, მაშინ განქორწინება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოშიც შეიძლება. მხარეები იუსტიციის სახლში მისვლით მოაგვარებენ ამ პრობლემას.



- ალიმენტისთვის რა თანხა შეიძლება დააკისროს სასამართლომ მეორე მხარეს?

- ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ოდენობის განსაზღვრისას ის მხედველობაში იღებს რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. უმუშევარი მშობლის შემთხვევაში, სასამართლო, პრაქტიკის თანახმად, მაინც აკისრებს პირს ალიმენტის გადახდას, ოღონდ - მინიმალური ოდენობით. არსებობს შემთხვევები, როცა ალიმენტის საფასურის შესამცირებლად ან პირიქით, თანხა რომ გაიზარდოს, მხარე ხელახლა მიმართავს სასამართლოს და ახალი გარემოების, მაგალითად, სამსახურში ხელფასის გაზრდის გამო ან მეორე მხრივ - შემცირების გამო, საქმის ხელახლა შესწავლას ითხოვს. ანუ ამ დროს სასარჩელო მოთხოვნა არის ალიმენტის თანხის შემცირება ან გაზრდა. მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებშიც, რომელიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).


ზოგადად, ალიმენტი მიმართულია ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისაკენ, თუმცა ცხოვრებაში იჩენს ისეთი პრობლემები თავს, რაც დამატებით ხარჯებს საჭიროებს, რომელსაც არ ჰყოფნის ალიმენტის თანხის ის ოდენობა, შესაბამისად, ალიმენტის გადამხდელ მშობელს ვალდებულება აქვს, დამატებითი ხარჯების შევსებაშიც მიიღოს მონაწილეობა. კანონით, არასრულწლოვან შვილებზე ვრცელდება მშობლების საალიმენტო ვალდებულება, ხოლო სრულწლოვან შვილთან მიმართებაში, სიტუაცია განსხვავებულია და მშობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ვალდებულება, თუ შვილი დახმარებას აუცილებლად საჭიროებს.


ძირითადად, სასამართლოში დავა გაყრილ მშობლებს აქვთ, მაგრამ კანონი არ ამბობს, რომ მაინცდამაინც წყვილი გაყრილი უნდა იყოს. ბავშვის მშობლები შესაძლოა გაყრილები არ იყვნენ, მაგრამ ოჯახში იყოს პრობლემა. არის ფაქტები, როცა მამა პასუხისმგებლობას გაურბის, იმის ნაცვლად, რომ თანხა ოჯახს მოახმაროს, კაზინოში, სასმელში, რესტორნებში ფლანგავს. ასეთი საქციელით ბავშვი სარჩოს გარეშე რჩება. ასეთ დროსაც ცოლს შეუძლია, სასამართლოს გზით მოითხოვოს და ქმარს, შვილების სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა დააკისროს. ასევე, მეუღლეები მოვალენი არიან, არჩინონ ერთმანეთი, რაც გამოიხატება მატერიალურ დახმარებაში. კერძოდ, მეუღლე ვალდებულია, არჩინოს მეორე, თუ ეს უკანასკნელი არის შრომისუუნარო და საჭიროებს მატერიალურ დახმარებას; ასევე, ქმარი მოვალეა არჩინოს ცოლი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში. თუ მეუღლე ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ ვალდებულებას, სასამართლო უფლებამოსილია დაავალოს მას აღნიშნულის განხორციელება.


- როცა წყვილი არ არის კანონიერ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი, მამობის დასადგენად რა გზა უნდა გაიაროს?

- დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ბავშვის მამობის დადგენა სასამართლოში ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე ხდება, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე, თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად.


- მარტოხელა მშობლის სტატუსი ვის ენიჭება?

- მარტოხელა მშობელია პირი, რომელსაც გააჩნია მარტოხელა დედის ან მამის სტატუსი. მარტოხელა დედაა, თუ ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე, პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.


- ბავშვის უფლებებზე კიდევ რამეს ხომ არ იტყვით?

- შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ საკუთარი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა, მშობლებს ევალებათ, დაიცვან საკუთარი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. ბევრმა, ალბათ, არც კი იცის, რომ შვილებსაც აკისრიათ მშობლების მიმართ ვალდებულება.


- კონკრეტულად რა ვალდებულებას გულისხმობთ?

- როგორც მშობლებს აკისრიათ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ვალდებულება, ასევე, შვილებს აკისრიათ თავიანთი მშობლების მიმართ ვალდებულებები. თუკი შვილი შრომისუუნარო, ხანში შესულ მშობელზე არ ზრუნავს, მატერიალურად არ ეხმარება, ამ შემთხვევაში მშობელს უფლება აქვს, სარჩელი სასამართლოში შეიტანოს და შვილისგან ალიმენტი მოითხოვოს. შვილები მოვალენი არიან, იზრუნონ მშობლებზე და დაეხმარონ მათ. შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას. მშობლისა და შვილის ურთიერთობა, სამართლებრივი თვალსაზრისით, არის შეთანხმება, რომელსაც თავისი ვალდებულებები და უფლებამოსილებები გააჩნია, რომელსაც სამოქალაქო კანონმდებლობა ზედმიწევნით არეგულირებს. მშობლების მიერ თავიანთი უფლება-მოვალეობების სწორად და ეფექტიანად განხორციელების ლოგიკური შედეგია ის სულიერი და მატერიალური მხარდაჭერა, რასაც მშობლები შემდეგ ღებულობენ თავიანთი სრულწლოვანი შვილებისაგან. უმრავლეს შემთხვევაში, შვილები მშობლების მიმართ მატერიალურ მხარდაჭერას ნებაყოფლობით, შეგნებულად გამოხატავენ და მათი ეს მოვალეობა ჩვეულებრივ საოჯახო სამართლებრივ ვალდებულებად მიაჩნიათ.


- ოჯახის სხვა წევრსაც შეიძლება დაეკისროს ალიმენტი?

- დიახ, დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დედმამიშვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და მათ თუ არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ შრომისუუნარო სრულწლოვანი დედმამიშვილის მიმართაც. შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, ასევე, მოვალეა, არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, თუ ისინი დახმარებას საჭიროებენ და თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგან. თავად პაპასა და ბებიასაც აქვთ საალიმენტო მოვალეობანი შვილიშვილების მიმართ. პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ, თუ ჰყავთ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილი და, ანალოგიურად, მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. კანონში წერია მამინაცვლისა და დედინაცვლის საალიმენტო მოვალეობაც. ისინიც მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები. თავად გერის საალიმენტო მოვალეობა კი არის, თუ აქვს საკმაო სახსრები, არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას. სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვალის ან/და დედინაცვლის რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, აგრეთვე, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობას. კიდევ ერთ შემთხვევაზე გავამახვილებ ყურადღებას - თუკი პირი იმყოფებოდა მუდმივად აღსაზრდელად სხვასთან, ის მოვალეა, მისცეს სარჩო თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა და საჭიროებს დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისაგან.


- ქალებს ხშირად ყოფილი მეუღლეები უარს ეუბნებიან შვილის საზღვარგარეთ წაყვანაზე, არადა, ბევრი ქალია წასული სამუშაოდ ქვეყნიდან და უნდა შვილის წაყვანა, ამ პრობლემას როგორ აგვარებთ?

- როცა ერთი მშობლის სურვილია, არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ, მას არასრულწლოვნის პასპორტის ასაღებად აუცილებლად სჭირდება მეორე მშობლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არასრულწლოვანმა მიაღწია 16 წელს. როცა ვერ თანხმდება ამ საკითხზე მეორე მშობელი, მაშინ ვცილობთ, მეორე მხარესთან მოლაპარაკებას, რომ დავარწმუნოთ ამაში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოში მივდივართ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქმეში ერთვება სოცმუშაკი, ფსიქოლოგი და ყველა დასკვნის საფუძველზე იღებს სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას. აქვე იმასაც გეტყვით, საოჯახო დავებთან დაკავშირებით, სადაც ბავშვის საკითხი ფიგურირებს, აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ისეთი ადვოკატი, რომელიც სპეციალიზებულია ბავშვთა უფლებებში. ადვოკატს ეს სპეციალიზაცია უნდა ჰქონდეს მინიჭებული, სხვანაირად ის ვერ მიიღებს მონაწილეობას.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები