Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სტატისტიკის მიხედვით, აბიტურიენტები უცხო ენაში უფრო მაღალ ქულებს იღებენ, ვიდრე ქართულში.

სტატისტიკის მიხედვით, აბიტურიენტები უცხო ენაში უფრო მაღალ ქულებს იღებენ, ვიდრე ქართულში.

დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრი, პედაგოგი, free academy- ორი ფილიალის ადმინისტრატორი, ნინო ნაკაშიძე.


2013 წლიდან ამზადებს აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს- ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 2015 წლიდან კი მაგისტრებსა და პედაგოგებს გამოცდებისათვის.  ასწავლიდა კერძო და საჯარო სკოლებში. მუშაობდა რადიოში- საინფორმაციო გადაცემის წამყვანად. დროდადრო აქვეყნებს სტატიებს, აქვს youtube-ზე ქართულის ვიდეო- გაკვეთილების არხი, facebook – ზე  ღია და დახურული ქართულის  ჯგუფი, რომელსაც იყენებს სასწავლო პროცესის დროს.

youtube ლინკი იხილეთ აქ:

facebook პირადი გვერდი იხილეთ აქ:

     - ქალბატონო ნინო როგორ აირჩიეთ პროფესია „ მასწავლებელი“? გინდოდათ პედაგოგობა? 

არა. არასდროს მიოცნებია და არც მიფიქრია ამაზე, მაგრამ დღეს გაკვეთილზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. როგორ და ძალიან საინტერესოდ გამიჩნდა ინტერესი ქართულის მიმართ. მე ვარ ძალიან ჯიუტი, ნუ სვანი ვარ ნაწილობრივ და ნაწილობრივ ფიცხი გურული, გავაბრაზე ქართული სკოლის მასწავლებელი, მერე ჯიბრში ჩამიდგა, როგორც იცოდნენ ხოლმე და მეც ჯიბრზე ყოველთვის მზად მქონდა გაკვეთილი, კარგად ვწერდი თემებს, მერე ჰუმანიტარულ ლიცეუმში გადამიყვანეს, დროთა განმავლობაში ბუნებრივი ინტერესი გაჩნდა და ამის შემდეგ მახსოვს დედაჩემი როგორ ეძებდა ნაცნობებში ვინმეს ვინც უნივერსიტეტში „ საქმეს ჩაგვიწყობდა“. მივადექით ბანბანერკით ხელში  ვიღაც ძალით გამოჩეკილ ნათესავს, რომელმაც მახსოვს ეს ბანბანერკა ეზოსთან გამოგვართვა, სახლშიც კი არ შეგვიპატიჟა- რისი ჩამწყობი იყო თავადაც მიხვდებით.. სულზე მომისწრო ეროვნულმა გამოცდებმა( იცინის). ჩავაბარე მომზადების გარშე. 


    - მოგვიყევით როგორ დაიწყო თქვენი პედაგოგიური გზა ,..

პირველი სამსახური ბაღდათიდან დაიწყო .მიუხედავად სირთულეებისა ძალიან კარგად მახსენდება მამიდასთან ცხოვრება- დილით 6 საათზე ვდგებოდი და ველოდებოდი სოფლის სამარშუტო ტაქსს. ყოველ დღე დამქონდა 5-6 წიგნი. ვკითხულობდი და ვგეგმავდი გაკვეთილებს ყველგან- სამასწავლებლოსა თუ სახლში. მერე რამდენიმე პედაგოგი ველოდებოდით სანატრელ სამარშუტო ტაქსს, რომლის მძღოლი ხან სად სვამდა და  ხან ვის სახლში ეძინა არავინ იცოდა.  ერთხელ დისკი ვაჩუქე მძღოლს. მიხვდით ალბათ რატომ. ჩემდა ბედად გაფუჭდა და სულ სამ სიმღერაზე ჩაიხვია. ბოლოს თავს  ვიწყევლიდი მთელი საათ ნახევარი ჯექსონი და  უიტნი ჰიუსტონი მღეროდნენ ერთსა და იმავეს და ასე გრძელდებოდა კვირეები...


იქ იყო რამდენიმე განსაკუთრებული მოსწავლე. მახსოვს როგორ უხაროდა კითხვა რომ დაიწყო. მართალია ყველაფერთან ერთად დისლექციაც ჰქონდა, მაგრამ  მაინც. დღესაც მახსოვს როგორ უჭირდა გაკვეთილზე  ბოლომდე გაჩერება.. შუა გაკვეთილზე დგებოდა და მთხოვდა თუ შეიძლება ფანჯარასთან დავდგებიო- უყურებდა იმ ფანჯრიდან როგორ თამაშობდნენ სხვები. მეორე ჩემს სადამრიგებლოში იყო. ყოველ მეორე დღეს დირექტორის კაბინეტთან ვიდექით. ყველაფერს აფუჭებდა, ამტვრევდა, ჩხუბობდა, ზოგჯერ მართლა შემთხვევით მოსდიოდა, მაგრამ ხომ იცით სახელის გატეხვას..  სკოლიდან გადასვლისას მითხრა რომ თქვენ ერთადერთი პედაგოგი ხართ ვისაც ჩემი გადასვლა არ უხარიაო.. ეს მართლ;ა ასე იყო- მე ვიზრდებოდი ასეთ მოსწავლეებთან ურთიერთობით, რადგან სწორედ განსხვავებულები გვაიძულებენ ვიფიქროთ,  მათ ყალიბში ვერ ჩავსვამთ არ ერგებიან...


    - შემდეგ?

შემდეგ თბილისში გამოვიპარე ორჯერ. პირველად ტესტირება ჩავაბარე მასწავლებელთა სახლში, შემდეგ გასაუბრება და როდესაც ხელშკრულება გავაფორმე მხოლოდ შემდეგ ვუთხარი მშობლებს რომ განათლების სამნისტროს პროქტში ჩართული ვიყავი და უარს ვეღარ ვიტყოდი ხელშეკრულების გამო. ასე აღმოვჩნდი ბათუმის მაღალმთიან სოფელში სადაც ერთი წელი ვასწავლიდი. იქ გასაოცარი ბავშვები იყვნენ. ყოველ დღე 7კილომეტრის  დაფარვა უწევდათ ფეხით  სკოლაში მოსასვლელად ...წერდნენ ლექსებს, რამდენიმე დღეში ისრუტავდნენ დიდტანიან ნაწარმოებებს და პარალელურად მშობლებს ეხმარებოდნენ.



    - იქაური პედაგოგები როგორ შეგხვდნენ?

იქ, როგორც მითხრეს, განათლების სამინისტროდან მიგზავნილი ჯაშუში ვეგონე.(იცინის) ხალხი გარბოდა მიწაზე სამუშაოდ და მე მასწავლებლის ჟურნალის განსახილველად ვტოვებდი- რა მექნა? გეგმაში შედიოდა და უნდა გამეკეთებინა.


    - კიდევ რა შედიოდა გეგმაში?

ბევრი რამ, ერთ- ერთი ღონისძიების მოწყობა იყო. ერთ დღესაც გავაღეთ წლების წინ დაბოქლომებული  ძველი საკონცერტო დარბაზი, რომელზეც მაფრთხილებდნენ, რომ შეიძლება იატაკი ჩავარდნილიყო, მშობლებმა საგულდაგულოდ დაალაგეს ამ ღონისძიებისთვის, მოსწავლეებმა ფარდები სახლიდან მოიტანეს, მამაკაცებმა შუქი შეიყვანეს- დანარჩნი ჩემზე იყო. არასდროს მომწონდა სტანდარტული ლექსების  და სიმღერების სასკოლო ღონისძიებები, ამიტომ პროექტი დავწერე და დადგმა  გავაკეთე, სადაც  უფრო თეატრალიზებული იყო ყველაფერი, მელოდიები, ჩაცმულობა, სცენარი, გაფორმება ყველაფერზე მუშაობა მე მიწევდა.  რეპეტიციებიც გავიარეთ, ქართულის საცეკვაო ფორმეებიც ვიშოვე და  ვიდეო გადაღებაც მოვახერხეთ. მოკლედ მთელი სოფელი ესწრებოდა ამ სასკოლო ღონისძიებას.  



    - რატომ ტოვებდით სამსახურებს?

მეც არ ვიცი. იმ პერიოდში ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი დიდხანს, რაღაც ახალს ვეძებდი, ჩემი ნებით მოვდიოდი ყველა სამსახურიდან. მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა იმ დროს“ აგორებული ქვა ხავსს ვერ მოიკიდებსო. შემდეგ თბილისის რამდენიმე სკოლა და სასაწვლო ცენტრები და ამჯამად აქ ვარ ხავსმოკიდებული „ თავისუფალ აკადემიაში“


    - სკოლაში რატომ აღარ ასწავლით?

ბევრი მიზეზია. უპირველესად ჩემთვის კომფორტულია იმ მიზნობრივ ჯგუფთან მუშაობა, რომელმაც იცის რისთვის დადის პედაგოგთან. საშინლად არ მიყვარდა ნიშნების წერა და ქაღალდომანია.  საერთოდ არ მომწონს  ამჟამინდელი სკოლის სისტემა... სისტემა სადაც მაპატიეთ და პარასკევს ელოდება ყველა... (თითქმის)



    - წლებია ამზადებთ მოსწავლეებს გამოცდებისთვის. რას გვეტყვით  ეროვნულ გამოცდებში შეტანილ ცვლილებებზე?

ჩემი აზრით, გამარტივდა, თუმცა საინტერესო სტატისტიკა გვაქვს. ბავშვები უცხო ენაში უფრო მაღალ ქულებს იღებენ, ვიდრე ქართულში. ამას ბევრი მიზეზი აქვს ამაზე სხვა დროს...


    - რა სირთულეებს აწყდებით სწავლებისას?

მოსწავლეებს თხრობა ამბის გადმოცემა უჭირთ, ტექსტი თითქოს გააჩოჩა ამ სისტემამ  და მოსწავლეები იწყებენ მსჯელობას, მაშინ როცა არ იცნობენ  ტექსტს, წიგნებს არ კითხულობენ, , აღარაფერს ვამბობ გრამატიკის არცოდნაზე...  მასწავლებლის მოწოდებულ ინფორმაციას ყლაპავენ გადაუმოწმებლად  და თვალდახუჭული, თუმცა ყველა ასე არაა, რა თქმა უნდა...



    - როგორი ადმინსტრატორი ხართ?

ეგ არაა დიდად ჩემი საქმე, მაგრამ ასე მოხდა. საინტერესოა მაგალითად გასაუბრებებზე დასწრება. ზოგადად ძალიან ცოტაა კარგი პედაგოგი. ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელმაც გარკვეულწილად ჩემს შეხედულებებზე  გავლენა მოახდინა.


ავირჩიეთ ორი მათემატიკის მასწავლებელი ძალიან კარგი ბიოგრაფიებით და შესანიშნავი გადმოცემის უნარით. სწავლის დაწყების დღეა და მოდიან მშობლები, პედაგოგების გასაცნობად. ადმინისტრაციის ოთახში შემოდის მაღალი, სიმპათიური, ვარდისფერპერანგიანი და დახვეწილი დიზაინის შარვალ- კოსტუმით  მათემატიკის მასწავლებელი, რომლის დანახვისთანავე მის მიმართ სიმპათიით განეწყობით. ხუთი წუთის შემდეგ კი ოთახში ქოშინით შემოდის პუტკუნა ახალგაზრდა პედაგოგი შორტებით და შავ სანდლებზე- თეთრი ნასკებით.  მაშინ  ძალიან არასწორი გადაწყვეტილება მივიღე.  შემეშინდა რომ მშობლები არ აირჩევდნენ მეორე პედაგოგს და პირველ მასწავლებელს უფრო ბევრი ჯგუფი ჩავაბარე. რამდენიმე თვეში სიმპათიურ პედაგოგს თავში აუვარდა ასეთი პოპულარობა- ამდენ ჯგუფთან ერთად და მოსწავლეები მათთვის  ძირითადად ფულის კეთების წყარო გახდა, რაც შეხება პუტკუნა პედაგოგს, მის გაკვეთილზე სიხარულით შედიოდნენ ბავშვები. პირველად ვნახე რას ნიშნავდა მხიარული მათემატიკა და მოვისმინე  მოსწავლის შეფასება: „მათემატიკის გაკვეთილზე კი არ ვიღლები -  ვისვენებ.



    - რას ურჩევდით აბიტურიენტებს?

სწორად აირჩიონ პროფესია.ამისთვის დღეს უამრავი გზა არსებობს. შეგიძლია დაესწრო იმ ფაკულტეტის რამდენიმე ლექციას რომელზეც სწავლას აპირებ. ღია კარის დღეებში გაეცნო და გაესაუბრო იმ ლექტორებს , რომლებიც თქვენთვის სასურველ პროფესიას შეგასწავლიან. სხვათაშორის აკადემიას ჰქონდა პანდემიამდე ძალიან კარგი პროექტი- „როგორ ავირჩიოთ პროფესია?“ წარმატებული ადამიანები მოდიოდნენ სტუმრად და ხვდებოდნენ აბიტურიენტებს. ესაუბრებოდნენ  საკუთარ გამოცდილებასა თუ არჩევანზე, იმაზე თუ როგორ გახდნენ წარმატებულნი... მსგავსი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა.



    - თქვენ აბიტურიენტების გარდა ასწავლით პედაგოგებს და მაგისტრებსაც. როგორ ახერხებთ რომ ყველა მათგანს აბარებინებთ გამოცდას?

მე არა ისინი ახერხებენ. მე ვაძლევ მიმართულებას, ვუქმნი მეგობრულ გარემოს, არ ეშინიათ შეცდომების დაშვების და შეცდომებზე ჩემი რეაქციის. ვცდილობ დრო ყველას თანაბრად დავუთმო, ხშირად ვხუმრობ- ზოგჯერ გამომდის, ვცდილობ საინტერესოდ მივაწოდო მასალა, მათ ენაზე ვისაუბრო.


    - ხშირად ასაჩივრებენ თქვენი მოსწავლეები ეროვნული გამოცდის შედეგებს და ემატებათ თუ არა ქულა?

კი ასეთი შემთხვევებიც მქონია, მაგალითად შეიძლება პედაგოგს ერთი ქულა დააკლდა და ამ დროს უნდა გაასაჩივროს ან მოსწავლემ უნდა დამისაბუთოს რატომ ფიქრობს რომ ქულა დააკლეს. ზოგადად გასაჩივრების წინააღდეგი არ ვარ, თუმცა ისიც ვიცი რომ გამსწორებლები მიზანმიმართულად არავის დააკლებენ ქულას, მაგრამ ადამინები ვართ, კრიტერიუმებიც ზოგადია ამიტომ შეცდომის ალბათობაც არის.



    - რაიმე სახალისო ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებდით?.

კი მოგიყვებით ერთ ბოროტ მასწავლებელზე( იცინის). მოკლედ ტესტირებაა და დაახლოებით ათამდე ბავშვი წერს ერთ ოთახში. უცებ ფანჯრიდან შემოფრინდა კალია და  იატაკზე დაჯდა. ამ დროს პედაგოგი ორი წუთით გასული იყო ქსეროქსის ფურცლების შემოსატანად. კლასში შესვლისას ხედავს შეშინებულ სახეებს, განსაკუთრებით ერთი ბიჭი დგას შეშინებული და იატაკისკენ იშვერს თითს, დანარჩენებიც  საცაა წამოხტებიან სკამებიდან- გააჩნია კალია საით აიღებს გეზს.


მას კალია - ამბობს ფეხზე მდგარი ბიჭი და მთელი ჯგუფი ჯერ კალიას მერე მასწავლებელს უყურებს-ერთი გოგონა ემზადება სკამზე შესახტომად. პედაგოგს ქუსლიანი ეცვა. მშვიდად მივიდა იმ ადგილამდე და წამში კალიის გაჭყლეტვის ხმა გაისმა. უცებ ერთმა  მოსწავლემ, სამეგრელოდან,  თავი ვერ შეიკავა და დიალექტური კილოთი აღშფოთება გამოხატა- მას რა ბოროტი ხართ!  - მითხრა  და მთელი კლასი ცალკე ამ კალიის ამბავზე ცალკე მის სიტყვებზე ხარხარებდა.


იყო სახანძრო განგაშიც გაკვეთილზე შემოვადა 5 კაციანი ჯგუფი ფორმებით, აირწინაღებებით და გვთხოვდა  სასწრაფოდ შენობის დატოვებას- ყოფილმა მოსწავლეებმა ასე გაგვახალისეს.


    - ხომ ვერ გაიხსენებდით რომელიმე თანამედროვე ქართველ მწერალთან შეხვედრას?

ჟურნალისტიკაზე მუშაობისას ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი, თუმცა ბოლო პერიოდიდან ალბათ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა, ყველაზე თბილად დამამახსოვრდა. მქონდა პატივი მასთან ურთიერთობის. ის იყო უბრალო, თავმდაბალი ცოცხალი ლეგენდა. იმ პერიოდში რაღაც დავწერე და ვთხოვე წაკითხვა-გამომართვა დიდი რუდუნებით და მითხრა: მწერლობა დიდი პასუხისმგებლობააო.


ეს ისაა, რაც ადამიანს ყველაფერს გამოაცდევინებს, მათ შორის ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ყველაზე საშინელს..


ეს საზარლად ფშვნადი ყრუ ხმაური მისი საფლავის კუბოზეც გაისმა, მაგრამ მისი შემოქმედება ფარავს ამ საზარელ ხმას და ჩვენ მოკვდავებს დიდ ბედნიერებას გვაზიარებს ზოგს უკვე განცდილ ზოგს კი განსაცდელ ბედნიერებას, რომელსაც მისი ნაწარმოების პირველად წაკითხვის შემდეგ იგრძნობთ.



მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინო ნაკაშიძეს ინტერვიუში მონაწილეობისათვის.

სტატიის ავტორი: თათია ახალაია

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები