Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საერთაშორისო სამართლის წყაროები

საერთაშორისო სამართლის წყაროები



სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, განასხვავებენ სამართლის წყაროს მატერიალური გაგებით და სამართლის წყაროს იურიდიული გაგებით. საერთაშორისო სამართლის წყაროს მატერიალურ გაგებაზე საუბრისას მასში უნდა მოვიაზროთ მთელი რიგი ეკონომიკური თუ საწარმოო ურთიერთობანი სახელმწიფოთა შორის და ამ ეკონომიკური ურთიერთობებით განპირობებული პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავენ გარკვეული სოციალური ჯგუფების სურვილსა და ინტერესს, რათა შექმნან კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა. რაც შეეხება საერთაშორისო სამართლის წყაროს იურიდიული გაგებით, მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ერთგვარად თავისებური, სპეციფიკური ფორმა, რომელშიც გამოიხატება სახელმწიფოთა ნება-სურვილი, რომ ესა თუ ის ქცევის წესი იყოს სავალდებულო იმ მხარეებისათვის, რომლებიც მასზე შეთანხმდნენ და ცნეს სავალდებულოდ. ამ მხრივ თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ორ ძირითად წყაროს იცნობს, კერძოდ ესაა საერთაშორისო ხელშეკრულება და საერთაშორისო სამართლებრივი ჩვეულება.

საერთაშორისო სამართლებრივი ჩვეულება ესაა დაუწერელი ქცევის წესი, რომელიც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შედეგად ყალიბდება. ჩვეულებასთან მიმართებით საგულისხმოა ის, რომ სახელმწიფოთა შორის მოქმედი ქცევის წესი საერთაშორისო სამართლებრივ ჩვეულებად რომ იქცეს, ამისათვის, როგორც წესი, გარკვეული პერიოდია ხოლმე საჭირო, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფოები ერთნაირად იყენებენ ამ ქცევის წესს ან როგორც მინიმუმ არ აპროტესტებენ მაინც მის გამოყენებას საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში. ამასთან, ეს პერიოდი, რაც ქცევის წესის ჩვეულებად ჩამოყალიბებას სჭირდება, შეიძლება მოიცავდეს თვეებს, წლებს ან სულაც საუკუნეებსაც კი, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, რომ ქცევის წესს ნორმად ჩამოყალიბებისათვის წამები დასჭირდა, რაც შეიძლება არც იყოს გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებისა და ზოგადად სამყაროს განვითარების ტემპს, რომელსაც სამართალი ყოველთვის უწყობს ფეხს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვეულებამ რომ სავალდებულო ძალა მიიღოს, ამისათვის საჭიროა მისი აღიარება სახელმწიფოთა მხრიდან, ეს აღიარება კი შეიძლება გამოიხატოს, როგორც დუმილში, ისე ოფიციალურ განცხადებაში.  შესაბამისად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფოთა უმრავლესობა ან გარკვეული ჯგუფი აღიარებს ამ ქცევის წესს თავისთვის სავალდებულოდ, იგი იქცევა საერთაშორისო სამართლის წყაროდ, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ეს ქცევის წესი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმპერატიულ ნორმებს. მნიშვნელოვანია ასევე სახელმწიფოს „ფსიქოლოგიური მიდგომის“ მომენტი ქცევის წესის სავალდებულოობასთან დაკავშირებით, კერძოდ აქ იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოს უნდა სჯეროდეს, რომ ეს წესი იურიდიულად სავალდებულო ხასიათს ატარებს,თუმცა ასეთი მოთხოვნა ცოტა ბუნდოვანი და გაუგებარია. შესაბამისად ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ჩვეულება არის სავალდებულო ქცევის წესი, რომელიც სახელმწიფოთა შორის პრაქტიკის შედეგად ყალიბდება და რომელიც სავალდებულო ძალას სახელმწიფოთა მხრიდან მისი აღიარებით იძენს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ნორმა სავალდებულო შეიძლება იყოს მხოლოდ მათთვის ვინც მას ცნობს და არა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ ქცევის სავალდებულოობას არ აღიარებს, რამეთუ აღიარებული პრინციპის თანახმად არ შეიძლება მას თავს მოეხვიოს ეს ქცევის წესი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამკრძალავი ხასიათი აქვს. ასევე აღვნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო სამართლის ჩვეულებითი ნორმა, რომელიც ყველა ან უმრავლესი სახელმწიფოების მიერაა აღიარებული, „საყოველთაოდ აღიარებულ ნორმად“ ითვლება.

რაც შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულებას, ისიც თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. თუ ჩვეულება დაუწერელი ქცევის წესი იყო, ხელშეკრულება დაწერილი, მხარეთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე შექმნილი ნორმაა, რომელიც ბევრად უფრო მყარ და სტაბილურ ქცევის წესს ქმნის, რაც თავისთავად პირდაპირ ახდენს გავლენას თავად საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომლებიც ასევე ხელშეკრულებათა გავლენით უფრო მეტ სიმყარესა და სტაბილურობას იძენენ. აღნიშნული კი თავის მხრივ განაპირობებს საერთაშორისო ხელშეკრულებათა უფრო ფართო გამოყენებას, როგორც ზოგადად საერთაშორისო სამართალში ისე ჩვეულებითი ნორმების კოდიფიკაციის საქმეში. სწორედ ამიტომ თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ძირითადად სახელშეკრულებო სამართლის სახეს იღებს. თავის მხრივ საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი არის იმ ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო ხელშეკრულებათა იურიდიულ ბუნებას, მათ სახეებს, დადების წესებს, სტრუქტურას, მათი ძალაში შესვლის ვადებს და ა.შ.

გარდა ზემო აღნიშნულისა მნიშვნელოვანია აგრეთვე საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რომლებიც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ზოგად სახელმძღვანელო საწყისს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის სისტემა და ცალკეული დარგების ნორმები უნდა შეესაბამებოდეს.

საერთაშორისო სამართალი ასევე იცნობს „დამხმარე წყაროებსაც“, რომლებიც მართალია უშუალოდ არ წარმოადგენენ სამართლის წყაროს, მაგრამ მნიშნველოვან ზემოქმედებას ახდენენ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის ჩამოყალიბებაზე. ასეთ „დამხმარე წყაროებს“ განეკუთვნება შიდასახელმწიფოებრივი კანონი, საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილებანი და სასამართლოს პრეცედენტები და მეცნიერთა ნაშრომები.

შიდასახელმწიფოებრივი კანონი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საერთაშორისო სამართლის წყარო მისი სამართლებრივი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, თუმცა თუ სხვა სახელმწიფოები აღიარებენ ამ ქცევის წესს, იგი შეიძლება, რომ გადაიქცეს საერთაშორისო სამართლის წყაროდ, თუმცა ისევ და ისევ საერთაშორისო ხელშეკრულების ან საერთაშორისო ჩვეულების ძალით. შესაბამისად ნათელია, რომ მას მართლაც „დამხამრე წყაროს“ სახე უფრო აქვს.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების დადგენილებებს, ისინიც შიდასახელმწიფოებრივი კანონების მსგავსად არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის უშუალო წყაროს. ამ ორგანიზაციათა გადაწყეტილებანი მიიღება არსებული წესდებების შესაბამისად და ვრცელდება მხოლოდ ორგანიზაციის წევრებზე. ძირითიადად ეს აქტები სამართლის ნორმის გამოყენების ან საერთაშორისო სამართალში უკვე დაკანონებული ან ახალი პრინციპებისა და ნორმების დეკლარირების ხასიათს ატარებენ. შესაბამისად, ასეთი დადგენილებანი არ ქმნიან ახალ სამართლებრივ ნორმას, არამედ მიმართულია უკვე არსებულის რეალიზაციისკენ. აქტები, რომლებიც უკვე არსებული ან ახალი ნორმების დეკლარირებას ახდენს სამართლის წყაროდ ფორმირების გზაზე დგას, მაგრამ საბოლოოდ ამ აქტებში ფორმულირებული ახალი ნორმები აღიარებულად რომ იქცნენ მაინც საერთაშორისო ხელშეკრულების ან ჩვეულების ფორმა უნდა მიიღონ. საბოლოოდ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დადგენილებანი არაა საერთაშორისო სამართლის წყარო, არამედ ასე ვტქვათ წყაროს ნაირსახეობას წარმოადგენს, მაგრამ დიდ ზეგავლენას ახდენენ ნორმების ფორმირების პროცესზე. სასამართლო პრეცედენტებსა და მეცნიერთა შრომებთან მიმართებით უნდა აღვნიშნოთ, რომ დასკვნები, გამოკვლევანი, მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმათა არსებობის დადგენის დამხმარე საშუალებაა, რასაც იყენებენ საერთაშორისო ორგანოები სახელმწიფო დავების გადაწყვეტის დროს.


ავტორი: გიორგი აბაშიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.


გამოყენებული ლიტერატურა: 

ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბილისი, 2015.


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები