Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია


მფლობელობა პირის ფაქტობრივი ნებითი  ბატონობაა ნივთზე.  მფლობელობაში ფაქტისა და უფლების კავშირის საუკეთესო გამოხატულება  მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია. (სსკ-ის 158-ე მუხლი). ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ მფლობელს და მესაკუთრეს, თუმცა სამართალი ამ ორ კატეგორიას მკაცრად განასხვავებს ერთმანეთისგან. როგორც რუდოლფ ზომი იტყოდა, საკუთრება ნივთზე იურიდიული ბატონობაა, მფლობელობა კი ფაქტობრივი. მფლობელობის ცნება ისეთივე დამოკიდებულებაშია საკუთრების ცნებასთან, როგორც ფაქტის ცნება უფლების ცნებასთან. ფეოდალიზმის ხანაში საკუთრება თითქოს ჩაფლულია მფლობელობაში. სამოქალაქო კოდექსის ავტორებმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ შეძლეს ის, რომ მფლობელობას ცალკე ადგილი დათმობოდა და არ ჩაკარგულიყო საკუთრებაში.   საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ: მფლობელი არის პირი, ვინც ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას და შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ მესაკუთრედ. ამასთან ერთად, ვინც მფლობელობას ახორციელებს, ხშირ შემთხვევაში მესაკუთრეა, მაგრამ არა ყოველთვის. 

კონტინენტური ევროპის სამართალში მფლობელობა ინარჩუნებს რომის სამართლიდან მომდინარე შინაარსს. ის გულისხმობს ორი ელემენტის არსებობას: მატერიალურს (ობიექტურს_ corpus possesionis), რაც ნივთის ფაქტობრივი დაუფლების მდგომარეობაა და ნებითს (სუბიექტურს –animus possesionis), რაც გამოიხატება პირის ნებაში ფლობდეს ნივთს საკუთარი ინტერესებისთვის. ამგვარად, მფლობელობის მოსაპოვებლად საჭიროა ნივთზე უშუალო, ემპირიული ზემოქმედება, რომელსაც თან ახლავს მფლობელის ნება მოეპყრას ნივთს, როგორც საკუთარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

•ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

კოდექსის ამ დებულებას დიდი ხნის ისტორია გააჩნია. თავდაპირველად გამოიკვეთა ნივთის ხელთპყრობის, ჭერის მდგომარეობა. რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა ეს ურთიერთობა, მით უფრო ძლერდებოდა ადამიანში იმის შეგნება, რომ მისია ყველაფერი, რაც მას ხელთ უპყრია. ნივთის პყრობა და ჭერა მასზე საკუთრების გაფორმებით მფლობელობად იქცა. შესაბამისად, თანდათან ერთადერთ მფლობელად მხოლოდ მესაკუთრე გამოიკვეთა. დებულების სახით შეიძლება ითქვას, რომ ,,ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.’’  სამოქალაქო ბრუნვის განვითარებამ ხელი შეუწყო ამ აქსიომის ვარადუდათ ქცევას. სსკ-ის 158-ე მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევას, როდესაც ბრუნვის მონაწილეებისათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლებები. ამ დროს სამართლებრივი წესრიგი ჩვენგან მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი მივიღოთ როგორც ნივთის მესაკუთრე. ესპანეთის სამოქალაქო კოდექსის 1950 მუხლში, ეს პირდაპირ გვაქვს მითითებული. მის თანახმად: ,, მფლობელთა კეთილსინდისიერება მოიცავს რწმენას, რომ პირი, რომლისგანაც მან მიიღო ნივთი, იყო მისი მფლობელი და შეეძლო მისი საკუთრების გადაცემა.’’   მფლობელობაში საკუთრების ვარაუდი მისი უკეთესი დაცვის გარანტიაა. შეიძლება მფლობელი არ იყოს მესაკუთრე, მაგრამ ყველა შემთხვევაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ჩვენ ვიცავთ საკუთრების უფლებას.  

მფლობელში მესაკუთრის პრეზუმფცია დაშვებულია მხოლოდ მოძრავ ნივთებთან მიმართ. ეს წესი არ გამოიყენება იმ ნივთების მიმართ, რომელთა მესაკუთრე საჯარო რეესტრიდან უნდა გამოვლინდეს. ასეთი ნივთები კი უძრავი ნივთებია. ეს განსხვავება განპირობებულია მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების წარმოშობის განსხვავებული რეჟიმით. თუ მოძრავი ნივთების შეძენისთვის საკმარისია ნივთის ერთი პირის ხელიდან მეორის ხელში მარტოოდენ გადაცემის ფაქტი, უძრავი ნივთი შეიძინება მხოლოდ მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით.   საქართველოს უზენაეს სასამართლო, ერთ-ერთ საქმის გადაწყვეტისას სწორედ ამას ამბობს: ,,სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სსკ-ის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.’’ 

მეუღლეებს შორის მფლობელობითი ურთიერთობები, ხშირად ცალსახად არ არის გამიჯნული. გარდა ამისა არსებობს საშიშროება, რომ მეუღლეები კრედიტორის მოთხოვნების განხორციელებას ხელს შეუშლიან. მეუღლეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში, მფლობელობით საკუთრების მტკიცების წესი უნდა გავრცელდეს მხოლოდ პირადი მოხმარების ნივთებზე, რომლებიც, თავიანთი განსაკუთრებული და ექსკლუზიური ხასიათის გამო, მხოლოდ ერთი მეუღლის საკუთრება შეიძლება იყოს. 158-ე მუხლის პრეზუმფცია ასევე გამოიყენება მეუღლეთა საერთო ქონების მიმართ და ივარაუდება, რომ ნივთები მეუღლეთა საერთო საკუთრებაა, ერთ-ერთი მეუღლის ვალდებულებისათვის მათი დაყადაღება კი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიება.   სააპელაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან (სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლი), საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის უფლებიდან (სამოქალაქო კოდექსის 1155-ე მუხლი), თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება-მოვალეობებიდან (სამოქალაქო კოდექსის 1159-1160-ე მუხლები) გამომდინარე, პრეზუმირდება, რომ ის, რაც შეძენილია რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. ამ საქმეზევე არის მითითებული, რომ სადავო უძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოპასუხეს, რომელმაც სარწმუნოდ უნდა ადასტუროს, რომ სადავო უძრავი ქონების ნახევარზე არ წარმოშობილა მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის შეძენილი ქორწინების განმავლობაში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად  და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას (სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი) და სხვ. 

 გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მოძრავი ნივთის მფლობელის სასარგებლოდ ივარაუდება, რომ იგი არის მისი მესაკუთრე. გერმანიის სამოქალაქო კოდექსში მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას აწესრიგებს §1006. 

(1) მოძრავი ნივთის მფლობელის სასარგებლოდ ივარაუდება, რომ იგი არის ნივთის მესაკუთრე. თუმცა, ეს წესი არ მოქმედებს იმ წინა მფლობელის მიმართ, რომელსაც ნივთი მოჰპარეს, მან ნივთი დაკარგა, ან ეს უკანასკნელი სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება ფულს ან საწარმდგენლო ფასიან ქაღალდებს. 

(2) წინა მფლობელის სასარგებლოდ ივარაუდება, რომ იგი თავისი მფლობელობის განმავლობაში იყო მესაკუთრე.

(3) არაპირდაპირი მფლობელობის შემთხვევაში პრეზუმფცია მოქმედებს არაპირდაპირი მფლობელის მიმართ.  

ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შექმნილია გერმანიის სამოქალაქო კოდექსზე დაყრდნობით, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საკითხშიც ბევრი მსგავსება იკვეთება. 1. ორივე კოდექსის თანახმად, ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. 2. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება ძველი მფლობელის მიმართ. 

სსკ-ის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: 

•,, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.’’

რომ შევაჯამოთ ეს საკითხი, შეუძლებელია, ერთდროულად დავუშვათ საკუთრების ვარაუდი, როგორც ნივთის ძველი მფლობელის, ისე ახალი მფლობელის მიმართ. ძველი მფლობელის მიმართ საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. ამიტომაცაა, რომ ძველი მფლობელი მესაკუთრედ ივარაუდება, მანამ ვიდრე მისი ხელიდან აღნიშნული გზით გამოვიდოდა ქონება. ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთრების ვარაუდისთის მთავარია ნივთის მფლობელობის აქტი.  

შესაბამისად, საკუთრების პრეზუმფცია დაშვებულია იმ პირის მიმართ ვის ხელშიც არის მოძრავი ნივთი და ვინც ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას. საქართველოს უზენაეს სასამართლო, ერთ-ერთ საქმის გადაწყვეტისას სწორედ ამას ამბობს: ,, სკ-ის 158-ე მუხლით მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია არსებობს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მოძრავი ნივთი პირის მფლობელობაშია“.  

158-ე მუხლის მიზანია, სავინდიკაციო სარჩელის აღძვრის შემთხვევაში დაეხმაროს მოპასუხეს, რათა მოსარჩელემ, რომელსაც არ აქვს ნივთზე მფლობელობა, დაამტკიცოს არა მხოლოდ მის მიერ ადრე შეძენილი საკუთრება ნივთზე, არამედ მისი საკუთრების უწყვეტად არსებობა.

 ასევე, ნორმის მიზანია, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების დაცვა. სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში,მფლობელობის გადაცემა კეთილსინდისიერ პირზე საკუთრების მოპოვებისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებაა, რითიც კეთილსინდისიერი შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე და ეს ფაქტი მის წინააღმდეგ აღძრულ სავინდიკაციო სარჩელს უსაფუძვლოს ხდის, რადგან მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს ქმედების შემადგენლობის ნიშანს ,,საკუთრებას“. მხარეებს შორის არსებული პროცესუალური წესების თანახმად, მესაკუთრემ უნდა დაამტიცოს საკუთრების უფლება და არა მფლობელმა. 

ნეგატორული სარჩელი (actio negotoria) მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთით სარგებლობისა და განკარგვისთვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას.

ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი, ხოლო სერვიტუტის უფლების მქონე პირს სანივთო სარჩელებიდან მხოლოდ ნეგატორულ სარჩელზე აქვს უფლება, მას შეუძლია მოითხოვოს როგორც სერვიტუტის მიზნების განხორციელებაში ხელშემშლელი გარემოებების აღკვეთა, ისე იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მფლობელობის ხელყოფის გამო.

იერინგი მფლობელობით დაცვის მიზეზს ეძებდა საკუთრების უფლების უკეთესად დაცვის ინტერესში. ეს მფლობელობის დაცვის კერძოსამართლებრივი საწყისია. ცხოვრებაში ნივთის მფლობელი წესისამებრ, არის კიდეც მისი მესაკუთრე, აქედან გამომდინარეობს პრეზუმფცია მფლობელში მესაკუთრის არსებობის თაობაზე. მფლობელობის დაცვით სამართალი იცავს მის უკან არსებულ უფლებას. მფლობელობითი დაცვა გამარტივებული დაცვაა, რადგან არ არის დაკავშირებული უფლების არსებობის მტკიცებასთან, რაც მესაკუთრისთვისაც ხელსაყრელია. მფლობელობითი დაცვა, სადაც იურიდიული ყოფიერების მტკიცებით, მისთვისაც მისაღებია. ამგვარად, პროსესორულ პროცესში საკუთრების უფლების დაცვის ინტერესია გამოკვეთილი: იმ შემთხვევაში, თუ პირს მფლობელობა არ დაუკარგავს, ამ პროცესის არსის გათვალისწინებით, ის გათავისუფლებულია ნივთზე უფლების არსებობის მტკიცებისგან, ხოლო თუ დაკარგა მფლობელობა, მესაკუთრეს ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია ნივთზე ნებისმიერი პირის მფლობელობის დაცვის გზით, რაც მესაკუთრის მიერ ნივთის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების გარანტია. 

პრეზუმფცია

პრეზუმფცია ეფუძნება მფლობელობისა და საკუთრების მოპოვების ერთობლიობას. პრეზუმფცია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ვარაუდს. სამართალში მას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. პრეზუმფციის ძალით სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაზღვრული დებულება ჭეშმარიტია, სანამ მოწინააღმდეგე მხარე საპირისპიროს დამტკიცებას ვერ შეძლებს. დაუდასტურებელი მოვლენა ან ფაქტი მიიჩნევა, ივარაუდება არსებულად, დადასტურებულად და მას სამართლებრივი შედეგები უკავშირდება. მაგალითად, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, თუ სამოქალაქო სამართალში ასეთი ვარაუდი არ იქნებოდა, მაშინ ეჭვი უნდა შეგვეტანა ყველა ადამიანის კეთილსინდისიერებაში და ყველაფერი, რასაც ისინი ფლობენ, არ უნდა მიგვეჩნია მათ საკუთრებად. 

მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია სააღსრულებო სამართალში

ქართულ სასამართლო პრაქტიკაში 158-ე მუხლით გათვალისწინებული წესი გამოიყენება სააღსრულებო სამართალში. აღნიშნულ ნორმასთან ერთად, მფლობელობის ფაქტის უკან საკუთრების უფლების ვარაუდი გამომდინარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადებიდან, რომლის თანახმადაც, ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.  ერთ-ერთი საქმეში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტებით, მესაკუთრედ ყოფნის უფლება დამყარებულია ვარაუდზე, რადგან შესაძლებელია ნივთის მფლობელი არც იყოს ნივთის  მესაკუთრე. შესაბამისად, მხოლოდ ნივთის მფლობელობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ამ ნივთზე, თუ დამტკიცდება, რომ საკუთრების უფლება ნივთზე მოპოვებულია სხვა, მაგალითად, ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე. ამ საქმეში, მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელე  არ ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია და დაყადაღებულია სადავო მოძრავი ნივთები და შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით  იგი არ წარმოადგენს ამ ნივთების მფლობელსა და მოსარგებლეს.  

საბოლოოდ, მფლობელობაში ფაქტისა და უფლების კავშირის საუკეთესო გამოხატულება მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციაა. ამ ვარაუდის საფუძველი ნივთის დაუფლების ფაქტიდან მომდინარე საკუთრების უფლების წარმოშობის პროცესია.მფლობელობა წარმოიშობოდა პირველადი ან ნაწარმოები გზით, რაც გახდა საკუთრების უფლების წარმოქმნის საშუალებაც ნივთის დაუფლებით თუ გადაცემით. პირველად საშუალებებს განეკუთვნება, მაგალითად,  განძი, ნაპოვარი, შეძენითი ხანდაზმულობა. უპატრონო ნივთის საკუთრად ფლობის განზრახვით დაუფლება მასზე აბსოლუტურ უფლებას წარმოშობდა, უპატრონობის თვისება ვრცელდება ნაპოვარსა და განძზეც.  ,,ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.’’  სამოქალაქო ბრუნვის განვითარებამ ხელი შეუწყო ამ აქსიომის ვარადუდათ ქცევას. ამ დროს სამართლებრივი წესრიგი ჩვენგან მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი მივიღოთ როგორც ნივთის მესაკუთრე.  საკუთრების სანივთოსამართლებრივი დაცვის საშუალება _ სავინდიკაციო სარჩელი, რაც  გულისხმობს არამფლობელი მესაკუთრის მოთხოვნას უკანონო მფლობელისგან ინდივიდუალური ნივთის დაბრუნების შესახებ. მფლობელობით საკუთრების მტკიცების წესი არ უნდა გავრცელდეს მეუღლეების მიერ თანაცხოვრების მანძილზე შეძენილ ქონებაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. რაც შეეხება სადავო  უძრავ ნივთს, მასზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება. პრეზუმფცია ეფუძნება მფლობელობისა და საკუთრების მოპოვების ერთობლიობას. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მოცემული საკითხი წესრიგება, გერმანული სამოქალაქო კოდექსის მსგავსად. ორივე კოდექსის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე. საკუთრების უფლება არ გამოიყენება ძველი მფლობელის მიმართ. ის მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში მოქმედებს. შესაბამისად, საკუთრების პრეზუმფცია დაშვებულია იმ პირის მიმართ ვის ხელშიც არის მოძრავი ნივთი და ვინც ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას.


გამოყენებული ლიტერატურა

სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, ლადო ჭანტურია, გამომცემლობა ,,სამართალი’’ 2015

სანივთო სამართალი თამარ ზარანდია. 2019

ქართული სანივთო სამართალი, ბესარიონ ზოიძე, თბილისი 2003

გერმანიის სამოქალაქო კოდექსი სამართლის ჟურნალი N2, 2009

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები წიგნი II, თბილისი 2018.

სასამართლო გადაწყვეტილება №ას-1640-1537-2012

ქოჩაშვილი, მფლობელობა, როგორც საკუთრების არსებობის საფუძველი. თსუ 2012.

http://www.court.ge/geo_dictionary#letter_%E1%83%9E

სასამართლო გადაწყვეტილება  ას-1365-1491-04.  16 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

სასამართლო გადაწყვეტილება საქმე №ას-102-95-2015 საქმე №ას-32-2019     5 ივლისი, 2019 წელი   ქ. თბილისი

http://lawlibrary.info/ge/books/2019giz-ge_BGB_GE.pdf?fbclid=IwAR1VEHzEt8fhevfuCXKiH_gOCgTgU8LE_zNZDzpoJgIZ1dvBKuKBh093sw4 http://derechocivil-ugr.es/attachments/article/45/spanish-civil-code.pdf

ავტორი: ლიკა გოგიშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები