Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

დავალების ხელშეკრულება და ურთიერთობის მხარეები

დავალების ხელშეკრულება და ურთიერთობის მხარეები



ადამიანები ვურთიერთობთ, ვამყარებთ კომუნიკაციას ერთმანეთთან ყოველდღიურად და ვდებთ ხელშეკრულებებს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტს არც/ვერც კი ვიაზრებთ. არადა მნიშვნელოვანია, რომ გათვითცნობიერებულები ვიყოთ იმ საკითხებში, რომელთა ნაწილი თავად ვართ და რომელნიც ჩვენთან სამართლებრივად უშუალო კავშირშია. ინფორმირებულობა გვეხმარება ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას, ახალი სახის სამართლებრივ ურთიერთობებს, არ აღმოვჩნდეთ არასასურველ მდგომარეობაში და გადავდგათ მყარი, მტკიცე, ასჯერ გაზომილი და ამის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები. დავალების ხელშეკრულება საკმაოდ გავრცელებულია, ჩვენ ამა თუ იმ მიზეზს გამო ზოგჯერ არ შეგვიძლია უშუალოდ განვახორციელოდ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში ჩვენი უფლებები და მოვალეობები,  დავალების ხელშეკრულება კი გამოსავლად გვევლინება. ასე რომ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ გაეცნოთ აღნიშნულ სამართლებრივ ხელშეკრულებას, შეიტყოთ მისი თავისებურებების შესახებ,  გაიგოთ თქვენი უფლება-მოვალეობები, შესაძლებლობები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, ეს სტატია სწრედ თქვენთვისაა.

ზოგადი მიმოხილვა

დავალების ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, მისი მხარეებია: მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის და რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე. დავალების ხელშეკრულების მხარეები შესაძლოა იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. მარწმუნებელი მოვალეა, რომ ხელი შეუწყოს და დაეხმაროს რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესრულებაში. თავის მხრივ რწმუნებული მოქმედებს მარწმუნებლის სახელით და მის ხარჯზე. აღნიშნული ურთიერთობა მნიშვნელოვანია ეფუძნებოდეს ურთიერთნდობასა და საიმედოობას.

სასყიდლიანი თუ უსასყიდლო?

დავალების ხელშეკრულება შესაძლოა იყოს როგორც უსასყიდლო, ისე სასყიდლიანი. გასამრჯელოს შესახებ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში უნდა იყოს მითითებული, ხოლო თუ კანონით არის გათვალისწინებული რწმუნებულის მიერ სასყიდლიანი მოქმედების განხორციელება, მაშინ ამის თაობაზე ხელშეკრულებაში სპეციალურად მითითება აღარ არის საჭირო. თუმცა თუ მზერას გერმანიის კანონმდებლობას მივაპყრობთ, იქ ამოვიკითხავთ, რომ სახელშეკრულებო შეთანხმება ასევე უნდა ეხებოდეს იმ ფაქტს, რომ რწმუნებული განსახორციელებელი მოქმედებისთვის არ მიიღებს ანაზღაურებას. მიუხედავად ამისა, მას ხშირ შემთხვევაში შეუძლია, მარწმუნებლისგან მოითხოვოს დანახარჯების ფულადი სახით ანაზღაურება. დაკონკრეტებულია, რომ დავალების მიღებით რწმუნებული კისრულობს ვალდებულებას, აწარმოოს უსასყიდლოდ მარწმუნებლის მიერ მისთვის მიცემული საქმე.

ვადა და ფორმა

დავალების ხელშეკრულების დადება შესაძლებელია განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. თუ იგი გაფორმებულია განსაზღვრული ვადით, ის ძალას კარგავს ამ ვადის გასვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დავალების ხელშეკრულების ვადა დამოკიდებულია რწმუნებულის მიცემული დავალების ხასიათზე. მომწესრიგებელ ნორმებში გათვალისწინებული არ არის სპეციალური მოთხოვნა ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, ამიტომ იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით.

ურთიერთობა მესამე პირთან

რწმუნებული მესამე პირთან ურთიერთობას ვერ დაამყარებს მინდობილობის გარეშე, მარტო დავალების ხელშეკრულებით. რწმუნებული მარწმუნებლის სახელით ვერ გამოვა სასამართლოში მინდობილობის გარეშე, მისი სახელით ვერ გააფორმებს სამოქალაქო ხელშეკრულებას და ა.შ. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. უნდა აღვნიშნოთ, რომ დავალების ხელშეკრულების ვადა დაკავშირებული უნდა იყოს რწმუნებულისათვის მიცემული მინდობილობის ვადასთან, რადგან დავალების ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მინდობილობის ვადაზე ნაკლები, ამ შემთხვევაში მინდობილობის ნამდვილობის სამართლებრივი საფუძველი არ იარსებებს.

დავალების გადანდობა

როგორც უკვე აღვნიშნე, ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენი სურვილისამებრ არ ხდება და ზოგჯერ აღმოვჩნდებით ხოლმე ისეთ სიტუაციებში, რომ დგება გეგმების შეცვლის საჭიროება. უმეტესად მსგავს სიტუაციებში იყენებენ დავალების გადანდობის შესაძლებლობას, იგი წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებაში რწმუნებულის შეცვლის განსაკუთრებულ შემთხვევებს, რადგან ამისათვის საჭიროა მარწმუნებლის ნებართვა ან კიდევ გარკვეულ გარემოებათა გამო რწმუნებული იძულებული უნდა იყოს, რომ შეცვალოს სხვა პირით მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად.

რწმუნებულისა და მარწმუნებლის უფლება-ვალდებულებები

რწმუნებული მოქმედებს ძირითადად საკუთარი შეხედულებებისამებრ სამუშაოს შესრულებისას, მაგრამ მისი მოქმედება უნდა განხორციელდეს იმ მინდობილობის ფარგლებში, რომელიც გაცემული იქნა მარწმუნებლის მიერ. თუ რწმუნებულს აქვს შესაძლებლობა შეეკითხოს მარწმუნებელს დავალებული პირობების შეცვლის შესახებ და არ შეეკითხება, ან პასუხს არ დაელოდება, მაშინ ყველა უარყოფით შედეგზე პასუხს აგებს რწმუნებული. თუ რწმუნებული იძულებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს მითითება, მაშინ იგი მოვალეა პირველივე შეძლებისთანავე აცნობოს ამის შესახებ მარწმუნებელს. რწმუნებული მოვალეა არ გაახმაუროს მარწმუნებლის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ეს ვალდებულება ძალაშია დავალების ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც. თუ მარწმუნებელმა დავალებული საქმეების განსახორციელებლად საქმის საჭიროებისათვის რწმუნებულს  მისცა გარკვეული ფულადი თანხა, მაგრამ დავალების ხელშეკრულების პერიოდში რწმუნებულმა დახარჯა ეს ფული და თავისთვის, პირადი საჭიროებისთვის გამოიყენა, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ იგი მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს არა მარტო ეს თანხა, არამედ მისი პროცენტიც. თუ რწმუნებულმა დავალებული საქმეები განახორციელა საკუთარი ხარჯებით, მაშინ დავალების ხელშეკრულების შესრულების შემდეგ მას უფლება აქვს მოსთხოვოს მარწმუნებელს ამ ხარჯების ანაზღაურება, ხოლო მარწმუნებელი კი მოვალეა აანაზღაუროს ეს ხარჯები. ამ შემთხვევაშიც მსგავსებაა გერმანულ კანონმდებლობასთან, ეს უკანასკნელი გვეუბნება, რომ თუ რწმუნებული, დავალების შესრულების მიზნით, სწევს ისეთ ხარჯებს, რომლებსაც, გარემოებებიდან გამომდინარე, იგი აუცილებლად მიიჩნევს, მაშინ მარწმუნებელი ვალდებულია, აანაზღაუროს ასეთი ხარჯები. გერმანული კანონმდებლობა ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ მარწმუნებელს ეკისრება რწმუნებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვალდებულება.

დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა

რწმუნებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას დავალებაზე, ხოლო მარწმუნებელს უფლება აქვს შეწყვიტოს დავალების ხელშეკრულება. ანუ დავალების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს მხარეთა შეხედულებისამებრ ცალმხრივად. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ხეშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი ზიანი ჰქონდა.

მარწმუნებლის ან რწმუნებულის გარდაცვალების შედეგები

მარწმუნებლის სიკვდილი ან მისი ქმედუნარიანობის დაკარგვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, თუ ამის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ან მინდობილობის შინაარსი მიუთითებს აღნიშნულზე. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება აუცილებელია ქმედუუნაროდ ცნობილი  პირისათვის ან გარდაცვლილი მარწმუნებლის მემკვიდრებიისთვის, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს ხელშეკრულება. აღნიშნული გაგრძელდება იქამდე, სანამ მარწმუნებლის მემკვიდრე ან კანონიერი წარმომადგენელი არ მიიღებს აუცილებელ ზომებს ინტერესების დასაცავად. რწმუნებულის გარდაცვალებაც არ იწვევს უპირობოდ დავალების ხელშეკრულების შეწყვეტას, რადგან შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით რწმუნებულის უფლება-მოვალეობანი გადაეცეს მის უფლებამონაცვლეს ან მემკვიდრეს. ბოლოს, მოცემული სტატიის ძირითადი მიზანია, ის რომ ინფორმირებული იყოს საზოგადოება, ვინაიდან ეს გასაღებია იმისა, რომ დაცული ვიყოთ მოტყუებისაგან, შეცდომაში შესვლისა და არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩენისაგან.

გამოყენებული ლიტერატურა: 

1) ჭანტურია ლ., (რედ), ზოიძე ბ., ნინიძე თ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი IV, თბილისი, 2001 წელი. 

2) კროპჰოლერი ი.,  გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, დარჯანია თ., ჭეჭელაშვილი ზ., (მთარგმ.), ჩაჩანიძე ე., (რედ.), თბ.2014 წელი.


 ავტორი - გიო ფანჩულიძე


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები