Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სამართლიანობის თეორიების გამოვლინება პრაქტიკაში

სამართლიანობის თეორიების გამოვლინება პრაქტიკაში

რა არის სამართალი? სამართლის უნივერსალური ცნება არ არსებობს, თუმცა  სამართლის ამოსავალ წერტილს სამართლიანობა წარმოადგენს. სამართლიანობის  500-მდე თეორია არსებობს, მათ შორის უტილიტარიზმი, ლიბერტარიანიზმი და ტელეოლოგიური თეორია. თუმცა ამ თეორიათა პრაკტიკული გამოყენება, შესაძლოა იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. შესაბამისად, შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ ვლინდება თითოეული თეორია პრაკტიკაში შემდეგ კითხვაზე პასუხის ძიებით: "ვის ეკუთვნის ფლეიტა? ბავშვს, რომელმაც დაამზადა ფლეიტა, ბავშვს, რომელმაც იცის მასზე პროფესიონალურად დაკვრა, თუ ბავშვს, რომელსაც არასდროს ჰქონია სათამაშო?"

ეს კითხვა არაერთხელ გამხდარა დავის საგანი იურისტებისათვის. ხშირად აღნიშნავენ, რომ "სადაც ორი იურისტია, იქ სამი აზრია". იურისტების მიზანი ხშირად არა ერთადერთი, ჭეშმარიტი და სამართლიანი გადაწყვეტილების პოვნა, არამედ რამდენიმე სამართლიანი გადაწყვეტილებიდან ყველაზე  გონივრულის, სამართლიანისა და მიზანშეწონილის ამორჩევაა.

პირველი ქართველი პროკურორი - იაგორ ჭილაშვილი აღნიშნავდა, რომ თითოეული ადამიანი ისწრაფვის ბედნიერებისკენ, ინდივიდის მიზანია იყოს ბედნიერი და თავიდან აიცილოს უბედურება. ხოლო უტილიტარისტების სლოგანია "მაქსიმალურად დიდი კეთილდღეობა მაქსიმალურად ბევრი ადამიანისათვის". უტილიტარისტებიც მიზნად - ადამიანის ბედნიერებასა და კეთილდღეობას ასახელებენ, იმ განსხვავებით, რომ უტილიტალიზმს აინტერესებს არა თითოეული ინდივიდის ბედნიერება, არამედ ბედნიერება  საზოგადოებისა. ამ მიმდინარეობის დამფუძნებლის, იერემია ბენდამისათვის, სამართლიანი ის, რასაც მაქსიმალურად მეტი ბედნიერება მოაქვს მაქსიმალურად ბევრი ადამიანისათვის. სამართლიანი იქნება ფლეიტა საკუთრებაში იმ ბავშვისათვის დაგვეტოვებინა, რომელმაც იცის მასზე დაკვრა, რადგან ამის შედეგი იქნება მელოდიურიობით ნასიამოვნები უმრავლესობა. თუმცა , განა შეუძლია ადამიანს განსაზღვროს, თუ რა შეიძლება ანიჭებდეს ბედნიერებას სოციუმს? ჩვენ არ ვიცით, რამდენად ბედნიერები იქნებიან ფლეიტაზე დამკვრელი ბავშვის მეზობლები, რომლებიც გამუდმებით მოისმენენ ფლეიტის ჟღერადობას. არც ის ვიცით, რამდენად უყვარს სოციუმს მუსიკა. იქნებ, იმ კონკრეტული საზოგადობის 80%-ს არც იზიდავს მუსიკა და დაინტერესებულია მეცნიერული საქმიანობით. ამ შემთხვევაში, ფლეიტა გამაღიზიანებელიც კი შეიძლება გახდეს უმრავლესობისათვის. დავუშვათ რომ ფლეიტაზე დაკვრის ხმა ტკივილს აყენებს ადამიანებს, რომელთაც ყურის ორგანოს დაავადება აქვთ. რამდენად სამართლიანი იქნება ბედნიერებათა ჯამის პრინციპის საფუძველზე  უმრავლესობისთვის სიამოვნების მინიჭება უმცირესობის ფიზიკური ტანჯვის ხარჯზე?! არ არის გამორიცხული  ისიც, რომ რეალურად ფლეიტის გაჭირვებული ბავშისთვის გადაცემა ბევრად უფრო მეტ ადამიანს მოუტანდეს სიამოვნებას. მსგავსი ნაბიჯი აგრძნობიბეს  სოციალურად დაბალ ფენას, რომ სახელმწიფოს ისინი არ მიაჩნია მეორეხარისხოვან სოციუმად. ამასთანავე, მცდელობა, სახელმწიფომ გადაწყვიტოს თუ რა არის ბედნიერების მომნიჭებელი საზოგადოებისათვის, სახიფათოა. დემოკრატიულ სახელმწიფოებში, კონსტიტუციით აღიარებული უმთავრესი ღირებულება არის  ადამიანი და მისი კეთილდღეობა და არა კოლექტიური ბედნიერება. დიახ, დემოკრატიაც უმრავლესობით არსებობს, თუმცა, "უმრავლესობის ბედნიერება" მარტივად შეიძლება გადაიქცეს "უმრავლესობის დიქტატურად".

ლიბერტარიანული თეორიის თანახმად, ფლეიტის მესაკუთრე მისივე შემქნელი უნდა იყოს, ვინაიდან ლიბერტარიანიზმი აგებულია ადამიანის უფლებებზე, მისთვის მნიშვნელოვანია  ადამიანის შრომისა და საკუთრების უფლება. ამიტომ, სავსებით სამართლიანი შეიძლება იყოს, ინდივიდის საკუთრებაში იყოს ის, რაც თვითონ დაამზადა.  თავდაპირველი საკუთრების უფლებაც სწორედ  ფლეიტის შემქმნელ ბავშვს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, მასვე ეკუთვნოდა  მასალაც, რომლისგანაც  დაამზადა საკრავი. მასვე ეკუთვნოდა ინიციატივა ფლეიტის დამზადებისა და რომ არა მისი ინიციატივა,  ფლეიტა არც იარსებებდა. შესაძლოა, ამ ბავშვისთვის ფლეიტაზე საკუთრების უფლების უარყოფის შემტხვევაში, მან კვლავაც დაამზადოს საკრავი, მაგრამ ისევ გამოჩნდებიან სხვა მოდავეები, რომლებიც განაცხადებენ პრეტენზიას ფლეიტის საკუთრების უფლებაზე. ასეთ შემტხვევაში, ამ ბავშვის შრომა მისთვის ფუჭი აღმოჩნდება, რადგან ყოველ ჯერზე, პრიორიტეტი იქნება სხვა ინდივიდი. შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტა საერთოდ დაუკარგავს ფლეიტის შემქმნელ ბავშვს იმის შესაძლებლობას, რომ საკუთრების უფლება გაუჩნდეს მის მიერ დამზადებულ ნივთზე. ხოლო საკრავის გადაცემა იმ ბავშვისათვის, რომელსაც არ ჰქონია სათამაშო, შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ეკონომიკური თანასწორობის დამყარების მცდელობა. თითქოს, სახელმწიფო შედის რობინ ჰუდის ამპლუაში, ართმევს მდიდრებს და აძლევს ღარიბებს. ამასთანავე, რატომ დაამზადა ბავშვმა მაინცდამაინც ფლეიტა და არა რაიმე სხვა სათამაშო, რომელსაც უფრო სარფიანად გამოიყენებდა?  ჩნდება ლოგიკური ვარაუდი, რომ ფლეიტის შემქმნელს შეიძლებოდა ჰქონოდა მიზნად ამ ფლეიტაზე დაკვრის შესწავლა და ამ მიზნითვე დაამზადა იგი. თუმცაღა, იმის მტკიცება, რომ ყველაფერი რაც ჩვენი შექმნილია, ჩვენ გვეკუთვნის, საკმაოდ რთულია, იმის გათვალისწინეით, რომ გარკვეულწილად, საკუთარი სხეულიც კი არ გვეკუთვნის ბოლომდე, უფროსწორად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეულის მესაკუთრენიც და მფლობელებიც ჩვენ გახლავართ, ჩვენ ვერ  განვკარგავთ მას ბოლომდე ისე,  როგორც მოგვესურვება. გარკვეული შინაგანი მოთხოვნილებები გვაიძულებენ ჩავიდნოთ კონკრეტული ქმედებები. ამასთანავე,  სადავოა, აქვს თუ არა ადამიანს უფლება თვითმკვლელობისა, საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენებისა. შესაბამისად, თუ კი ჩვენს საკუთარ სხეულსაც კი ვერ განვკარგავთ ბოლომდე ჩვენი სურვილისამებრ, მაშინ ვერ ვიტყვით გადაჭრით იმას, რომ საკუთრების უფლება ადამიანისთვის უნივერსალურია, მიუხედავად იმისა, რომ ნივთი მან დაამზადა.

რაც შეეხება ტელეოლოგირ თეორიას. ტელეოლოგიური სამართლიანობა არისტოტელესეული თეორიაა. მისი ამოსავალი წერტილი გახლავთ მიზანი, ე.წ. ტელოსი.5 ტელეოლოგიური თეორიის საფუძველზე, ფლეიტის მესაკუთრე უნდა გახდეს ბავშვი, რომელმაც იცის ამ საკრავზე დაკვრა. მიმაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტა საკიტხისა მოცემულ ვერსიებს შორის ყველაზე გონივრული იქნება, ვინაიდან ფლეიტის, როგორც საგნის მიზანი, ფუნქცია და დანიშნულება არის არა თამაში ან მისი ყურებით ტკბობა, არმედ მასზე დაკვრა და ესთეტიური სიამოვნების მიღება. ამიტომ, საკითხის გადაწყვეტისას უნდა ამოვიდეთ სადავო ნივთის მიზნიდან. ფლეიტა არ არის სათამაშო, შესაბამისად მისი იმ ბავშვისათვის გადაცემა, რომელსაც სათამაშო არ ჰქონია, ნაკლებად გონივრულია, ვინაიდან ფლეიტის მიღებით ის სათამაშოს არ შეიძენს. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რომ მან ამ ფლეიტის მეშვეობით ისწავლოს დაკვრა, მაგრამ მაშინ მთავარი მიზეზი ფლეიტის მისთვის საკუთრებაში გადაცემისა (სათამაშოს არ ქონა) მეორეხარისხოვანი ხდება.


ბიბლიოგრაფია

სამართლის თეორია, გიორგი ხუბუა, გამომცემლობა "მერიდიანი", 2015 წელი, გვ.32 

ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, ივანე სურგულაძე, 2002 https://ka.m.wikipedia.org


ავტორი: ნატალი ეგნატაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი;


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები