Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

დამცავი ორდერი და მისი მოქმედება

დამცავი ორდერი და მისი მოქმედება




ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება, თუ სამართალდარღვევა, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების შესაბამისად.

საქართველოს კანონი, ოჯახური ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, იყენებს დამცავ და შემაკავებელ ორდერებს.

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, განისაზღვრება ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები. ეს ღონისძიებები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

 შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც, ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში.

შემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი, უშუალოდ, ფაქტზე რეაგირების დროს (კონკრეტული ძალადობის ფაქტის დროს პოლიციის გამოძახებისას) გამოსცემს და იგი დაუყოვნებლივ შედის ძალაში. შემაკავებელი ორდერის ასლი, ასევე დაუყოვნებლივ ეგზავნება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება; ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

სასამართლო, უფლებამოსილი პირის განცხადების მიღებიდან, 10 დღის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

კანონის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან პირს, მსხვერპლის თანხმობით, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. აღნიშნულის თაობაზე ხსენებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასამართლოს.

დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების  კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში, და დამატებით – არა უმეტეს 3 თვისა, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე თუ მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

მოძალადეს დამცავი ორდერით ეზღუდება მსხვერპლთან, ან მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან მიახლოება; თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა; არასრულწლოვანთან ურთიერთობა; იარაღის შეძენა, შეძენაზე ნებართვის მოპოვება, მათ შორის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით სარგებლობის უფლება. შესაძლოა, ორდერის გამოცემისას ერთდროულად დადგეს ყველა სახის შეზღუდვა.

წყარო : ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები