Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ოჯახური ძალადობის სახეები

ოჯახური ძალადობის სახეები



ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დარღვევას უგულვებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ქართული კანონმდებლობა ოჯახის წევრის საკმოდ ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს, კერძოდ, ოჯახის წევრად ოჯახში ძალადობის დროს ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ასევე, პირი, რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე.

არსებობს ძალადობის შემდეგი ფორმები:

ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;

სექსუალური ძალადობა - სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

იძულება - ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

უგულვებელყოფა - მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე;

ოჯახში ძალადობის დროს მოძალადე არის პირი, რომელიც ახორციელებს ძალადობას, ხოლო მსხვერპლი არის პირი, ვის მიმართაც ხორციელდება ძალადობა;

მოქმედი კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს.

სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოძალადის მიმართ ძალადობის სავადაუდო ფაქტზე, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყვეს პატიმრობა.

სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები გულისხმობს მსხვერპლის უფლებას მოითხოვოს ძალადობის შედეგად მოძალადის მიერ მისთვის მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმები ითვალისწინებს მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას ან აკრძალვას, რაც ხორციელდება შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემით.

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. შემაკავებელი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 1 თვემდე ვადით.

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. სასამართლოსთვის დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. დამცავი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 6 თვემდე ვადით.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები