Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლობით ორგანიზებული ჩემპიონატის მიზანს  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების  საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - რობინ დანიგანმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ.

“ჩემპიონატი, რომელიც დღეს იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით. საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით პროკურატურისა და პროკურორების რესურსების გასაძლიერებლად, რადგან ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილული საქმეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ამ მიზნით, პროკურატურაში შევქმენით სპეციალიზებული დეპარტამენტი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ძალიან აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი პროკურორების გადამზადებას, რათა რაც შეიძლება მეტ პროკურორს ჰქონდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფარგლებში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანად განსახორციელებლად.” - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება და მასში 12 უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი გუნდებისთვის როგორც შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს მოიცავს.

პროექტისთვის თითოეული უნივერსიტეტი დაცვისა და ბრალდების ორ გუნდს, ასევე, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას წარადგენს, რომელიც სხვა ფაკულტეტების 12 სტუდენტისაგან იქნება დაკომპლექტებული.

კონკურსში მონაწილე გუნდებს იმიტირებული პროცესებისთვის კვალიფიციური ფასილიტატორები მოამზადებენ. მათი შეფასების საფუძველზე გამოვლენილი ოთხი საუკეთესო გუნდი (ორი რეგიონებიდან და ორი თბილისიდან) კი ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

დასკვნითი ეტაპი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდება, რომელსაც მოქმედი მოსამართლეებისგან, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის ფინალისტებს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პროკურატურის ტრენერები მოამზადებენ.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად, საპილოტე ფორმატში იმართება, მომავალში კი ჩემპიონატის ყოველწლიურად ჩატარებაა დაგეგმილი.

ვიდეო იხილეთ აქ: ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები