Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსკ-ის 1455-ე მუხლი

საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსკ-ის 1455-ე მუხლი


საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსკ-ის 1455-ე მუხლი (სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში).


√ მხარეთა პოზიციები

მოსარჩელის განმარტებით სადავო ნორმა ზღუდავდა როგორც მისი საკუთრების უფლებას, ისე არალეგიტიმურად ერეოდა მამკვიდრებლის მიერ გამოვლენილ ნებაში. მოპასუხე ( საქართველოს პარლამენტი) მიუთითებდა, რომ სადავო ნორმის მიზანს წარმოადგენდა მემკვიდრეთა დაცვა რათა არ მომხდარიყო მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს უთანასწორო და არასამართლიანი განაწილება.


საკონსტუტიციო სასამართლოს განმარტება

√ აშკარაა, რომ მამკვიდრებელი გამოხატავს ნებას, ქონების ჩუქების გზით გასხვისების და, შესაბამისად, მისი სამკვიდროდან გატანის შესახებ. ამავე დროს, ქონების გაჩუქების მომენტში მამკვიდრებლისთვის უცნობია, თუ როდის მოხდება სამკვიდროს გახსნა და შესაბამისად, გავრცელდება თუ არა მასზე სადავო ნორმით დადგენილი, ქონების ღირებულების დასაჩუქრებული მემკვიდრის წილში ჩათვლის წესი. გარდა ამისა, ქონების გაჩუქება ხდება პირზე, რომელიც შესაძლოა, არც იყოს მემკვიდრე ან წინასწარ განსაზღვრადი არ იყოს მისი უფლებრივი სტატუსი და სავარაუდო ქონებრივი უფლებები სამკვიდროს გახსნისას (მაგალითად, სხვადასხვა რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდროდან ქონების მიღება დამოკიდებულია სამკვიდროს გახსნის დროს წინა რიგის მემკვიდრის არსებობაზე). ქონების გაჩუქებისას მამკვიდრებელს, შესაძლებელია, ჰქონდეს ან არ ჰქონდეს, ამ გარიგებით მომავალში სამკვიდროში მემკვიდრის წილებზე გავლენის მოხდენის სურვილი. თუმცა, არაფერი მიუთითებს, რომ მინიმუმ, უმრავლეს შემთხვევაში მსგავსი სურვილი არსებობს. ზოგადად, როდესაც ადამიანები გარკვეულ ქონებას აჩუქებენ სპეციალური მითითების გარეშე, როგორც წესი, ივარაუდება, რომ გაჩუქება არ უკავშირდება რაიმე დამატებით პირობას.


√ საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების სწორი რეგულირება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მესაკუთრის ნების თავისუფლების პატივისცემას. თანამემკვიდრეთა შორის სამკვიდრო მასის სამართლიანად განაწილება წარმოადგენს ღირებულ სიკეთეს, თუმცა ამ პროცესში დაუშვებელია, კანონმდებელი მოქმედებდეს მარტოოდენ საკუთარი ვარაუდის საფუძველზე და უგულებელყოფდეს მამკვიდრებლის, როგორც ქონების მესაკუთრის მიერ გამოვლენილ ნებას ქონების გაჩუქებაზე. კანონისმიერი მემკვიდრეობის ფარგლებში კანონმდებლის ვარაუდი მესაკუთრის ნებასთან დაკავშირებით, უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ დაშვებას, რომ მამკვიდრებლის სურვილი გარკვეული ხარისხით, როგორც წესი, კანონით დადგენილ პრეზუმფციას დაემთხვეოდა.


√ სადავო ნორმა მამკვიდრებელს აკისრებს არასაჭირო ტვირთს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს ზომები (მაგალითად, შეადგინოს და ყოველი კონკრეტული გაჩუქებისას ცვალოს ანდერძი), რათა ქონების გაჩუქებამ გავლენა არ მოახდინოს სამომავლოდ სამკვიდროს გაყოფაზე. სამოქალაქო კანონმდებლობა ორიენტირებული უნდა იყოს მესაკუთრის ნების პატივისცემაზე, სამართლებრივ შედეგებში მის სწორ ასახვაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, კანონმდებელი პრეზუმირებს, რომ მამკვიდრებელის ნება, რეალურად მის მიერ გამოხატული ნების საპირისპიროა. ამგვარი პრეზუმფცია ემსგავსება მამკვიდრებლის, როგორც ქონების მესაკუთრის ნების უგულებელყოფას, ამავე დროს, სახეზე არ არის ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მესაკუთრის ნების დაძლევას გაამართლებდა. სადავო ნორმა არ არეგულირებს შემთხვევას, როდესაც ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დასაბუთებულია მამკვიდრებლის თავისუფლების შეზღუდვის მიზანი ან საჭიროება.


√ სადავო რეგულირება არ ადგენს გონივრულ ბალანსს მამკვიდრებლისა და მემკვიდრის ქონებრივ უფლებებსა და საჯარო ინტერესებს შორის. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე მამკვიდრებელის ცხადად გამოხატული ნების გარეშე ითვალისწინებს მემკვიდრისთვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.


გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები:

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

თამაზ ცაბუტაშვილი

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები