Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე

საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე


კონკრეტული მიწის ნაკვეთის „თვითნებურად დაკავებულ მიწად“ მიჩნევისათვის, თვითნებურად დაკავების (ფაქტობრივად ფლობის) ფაქტთან ერთად (რაც ასევე უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე, აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი წინაპირობის დაკმაყოფილება: ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობის (არა დროებითი  ხასიათის კონსტრუქციის) არსებობა ან მის მომიჯნავედ დაინტერესებული პირის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მდებარეობა.

თვითნებურად დაკავებული, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰექტარს, ხოლო  მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. „თვითნებურად დაკავებულ მიწად“ არ მიიჩნევა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

„შენობა“ განიმარტება, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა; „დროებითი შენობა“, თავის მხრივ, განმარტებულია, როგორც ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

კანონი განსაზღვრავს იმ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიების ჩამონათვალს, რომლებიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიუხედავად არ ექვემდებარებიან საკუთრების უფლების აღიარებას, მათ შორის: წყლისა და ტყის სახელმწიფო ფონდების მიწები (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), საერთო სარგებლობისათვის განკუთვნილი სივრცე, ისტორიის/კულტურის ძეგლები და სხვა.

ვის შეუძლია მოითხოვოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება?

„დაინტერესებული პირის“ დეფინიციიდან გამომდინარე, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა შეუძლია  ფიზიკურ პირს, რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი და ასევე მის მემკვიდრეს ან უფლებამონაცვლეს.

თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია დაინტერესებულ პირს გადასცემს საკუთრების უფლების მოწმობასა და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელთა საფუძველზე პირს შეუძლია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში  მიწის ნაკვეთის თავის საკუთრებაში აღრიცხვა.

კომისიის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში ხელახალი განცხადება იმავე საკითხთან დაკავშირებით  შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის უარყოფით გადაწყვეტილებას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს შესაბამისი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები