Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი მოხდება!

ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი მოხდება!

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ აშენებულ შენობაში ცხოვრობენ, განსაკუთრებით კი ბავშვიან ოჯახებს, თბილისის მერია ქუჩაში არ დატოვებს და ყურადღებას მიაქცევს.


„სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიწების დატაცება და მასზე უკანონო მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. უკანონობა ვერ დაკანონდება. განსაკუთრებით, მინდა მივმართო ბავშვიან ოჯახებს: ვინც დღეს უკანონოდ აშენებულ შენობებში იმყოფებით და გეშინიათ, რომ ქუჩაში დარჩებით, პირობას გაძლევთ, რომ უყურადღებოდ არ დარჩებით. პირველ ეტაპზე, ქირით გაგიყვანთ. თუ მართლა უსახლკარო ხართ, დაგეხმარებით საბუთების შეგროვებაში, მიიღებთ შესაბამის სტატუსს და შემდეგ, მუნიციპალური საცხოვრისი გადმოგეცემათ. მიუხედავად ბევრი პროვოკაციისა და მცდელობისა, რომ დაგვაბრალონ ის, რასაც არასდროს ვიკადრებთ, ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც ბავშვის ინტერესს გვერდზე გადადებს. ჩვენთვის ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი არ აქვთ, პირველ ეტაპზე, რაიონული გამგეობები ეხმარებიან და ისინი ქირით გაჰყავთ. შემდეგ კი უსახლკაროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მათ მუნიციპალური ბინებით დააკმაყოფილებენ.


„არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ოჯახებისთვის, ვისაც უჭირს, საცხოვრებელი არ აქვს, უსახლკარობის სტატუსი აქვს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მოგცეთ იმის შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში იცხოვროთ. გვაქვს პროგრამები, რომლითაც მოქალაქეები დროებით გაგვყავს ქირით. პარალელურად კი, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათ მიიღონ უსახლკაროს სტატუსი, თუ ნამდვილად უსახლკაროა. არ მაქვს საუბარი ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც სამ-სამი ავტომობილი, სხვადასხვა რეგიონში მიწები და საცხოვრებელი სახლები აქვთ. მე ვსაუბრობ მათზე, ვისაც ნამდვილად არ აქვს სახლი. არცერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე. ყველას გადაეცემა მუნიციპალური საცხოვრისი. ჩვენ უკვე გვყავს 400-მდე უსახლკარო ოჯახი და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა დაკმაყოფილდება ბინით. მე ჩემს წინასაარჩევნო დაპირებას შევასრულებ. პროცესი უკვე დაწყებულია. მიმდინარე თვეში რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიის ყველა თანამშრომელი და გამგეობა მზადაა, უსახლკარო ადამიანებს დაეხმაროს.


„არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, ტყუილად არ დახარჯოთ თანხები მშენებლობაში. ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი მოხდება. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ თავი მძიმე მდგომარეობაში არ ჩაიგდოთ. ვისაც გაქვთ ეს უკანონო მშენებლობები, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დემონტაჟი თავად განახორციელოთ და მასალა არ გაგიფუჭდეთ. მერიის ყველა თანამშრომელი და გამგეობა მზადაა, უსახლკარო ადამიანებს დაეხმაროს. მინდა, სამგორის რაიონის გამგებელს მადლობა გადავუხადო, რადგან მისი მხრიდან სწორი ახსნა-განმარტება გაკეთდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ აქვე, იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც მიმართა, რომლებიც უკანონო მშენებლობების შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და აღნიშნა, რომ ისინი უკანონობას ახალისებენ.


„სახელმწიფო მიწების მიტაცება და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიებით ამის წახალისება, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. მინდა, მივმართო ამ ტელევიზიებს, დაფიქრდით რას აკეთებთ - თქვენ პირდაპირ ახალისებთ უკანონობას. ხვალ, ზეგ თქვენთან მოვლენ, თქვენ შეგექმნებათ იგივე პრობლემები და სახელმწიფომ და კანონმა უნდა დაგიცვათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.


მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, წელიწადში 29 ათასიდან 60 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა. აღნიშნული მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებს, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80 და 50 პროცენტით.

„პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება HER-2 დადებითი, ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც ამ საჭიროების მქონე ქალებს, მათ ოჯახებს ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა და მათი უმეტესობა ქონების გაყიდვისა და სერიოზული საკრედიტო ვალდებულებებისგან იხსნა. აღსანიშნავია, რომ ერთი ამპულა მედიკამენტის ფასი 5 000 ლარამდეა. რიგ შემთხვევაში კი, ერთი გადასხმის ჩასატარებლად, ორი სხვადასხვა მედიკამენტის ერთობლივი ფასი 9 000 ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლდანის რაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.


„პარკებისა და სკვერების მოწყობა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში, ყველა რაიონში, უბანში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. არ დარჩენილა რაიონი, სადაც ერთი პარკი, სკვერი მაინც არ მოწყობილა ან რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, თუმცა, ამ მიმართულებით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენს დედაქალაქს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ის ევროპულად გავამწვანოთ. გლდანის რაიონის მეშვიდე მიკრორაიონში მდებარე ე.წ. ბროწეულის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით, ერთ ჰექტრამდეა. იქაურობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ფაქტობრივად, გაჩანაგებული იყო. მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ადგილობრივ მოსახლეობას განახლებული სივრცე ჩავაბაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო გამწვანების თარგები, სარწყავი სისტემები, დამონტაჟდა განათების ბოძები და მოეწყო სათამაშო მოედანი.

დედაქალაქის მერმა მეტროსადგურებში, ე.წ. გამტარებლების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ უკანონო ქმედების აღსაკვეთად, ყველაფერს გააკეთებს.


კახა კალაძის თქმით, საუბარია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელიც სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორების მხრიდან ე.წ. გამტარებლების უკანონო საქმიანობის გამოვლენის ფაქტს ასახავს.


„მინდა, გამოვეხმაურო გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებულია თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით, თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ. კერძოდ, ისინი, სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, რიგით მგზავრებს საკუთარი აბონემენტით ან სხვისი შეღავათიანი ბარათით მგზავრობას სთავაზობენ და სამაგიეროდ, მათგან ხელზე იღებენ მგზავრობის საფასურს, რაც კანონდარღვევაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას“, - განაცხადა თბილისის მერმა.


მისივე თქმით, ე.წ. გამტარებლების გამოვლენა კონტროლიორების კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი, კონტროლიორს კანონდამრღვევისთვის სამგზავრო ბარათის ჩამორთმევის და მისი დაბლოკვის სრული უფლება აქვს.

ამასთან, თბილისის მერმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ წაახალისონ კანონდარღვევა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს მოვალეობის შესრულების საშუალება მისცენ.


„მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, ნუ შეეცდებიან ხელი შეუშალონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს საქმიანობაში და ნუ ცდილობენ წაახალისონ კანონდარღვევა. ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ მათ, ვინც არღვევს კანონს. აქ პოლიტიკურ პარტიას და კუთვნილებას არ აქვს მნიშვნელობა. კანონის დარღვევის წინააღმდეგ, ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. ამის წახალისება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობენ მსგავსი ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. მინდა, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი, მერაბ მამულაშვილი წარუდგინა.

„მინდა, თბილისის მერიის კიდევ ერთ დამსახურებულ თანამშრომელზე, მერაბ მამულაშვილზე გიამბოთ, რომელიც უკვე 37 წელია ტრანსპორტის სფეროში მუშაობს. ამჟამად კი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში, მარშრუტების დაგეგმარების სამსახურს ხელმძღვანელობს. შეიძლება, კონკრეტულ პროექტებთან მე ვასოცირდებოდე, მაგრამ ჩემი სიძლიერე ზუსტად ასეთ ადამიანებშია. ისინი 24 საათი შრომობენ, რომ ქალაქში სხვადასხვა მიმართულება სასიკეთოდ შეიცვალოს. მადლობა ბატონ მერაბს გაწეული საქმიანობისთვის. ის რეფორმები, რაც ხორციელდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს, ასეთი ადამიანების დამსახურებაა. ბევრი გვყავს ასეთი თანამშრომელი და საზოგადოებას მათ შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები