Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?


საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობია პოლიციელის უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების შესახებ, შესაბამისად, ეს ფაქტი დიდ პრობლემას წარმოშობს და ხელს უშლის პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელებაში. ამასთან, საფრთხე ექმნება თავად მოქალაქეებსაც, ვინაიდან, მათთვის შესაძლებელია მოულოდნელი იყოს პოლიციის მხრიდან იძულებითი ღონისძიების გამოყენება, რითაც დიდი ზიანი მიადგება მათ ჯანმრთელობას და შესაძლებელია ამას სიცოცხლის ხელყოფაც კი მოჰყვეს.

პოლიციის ძირითადი ფუნქცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების უზრუნველყოფაა, რისთვისაც პოლიციელს შესაბამისი ქმედება-რეაგირებების განხორციელება უწევს.

საქმის სირთულიდან გამომდინარე, საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების პროცესში პოლიციის თანამშრომელს შესაძლოა, იძულებითი ღონისძიებების გამოყენება დასჭირდეს. ამ ღონისძებათაგან ერთ-ერთ სახეობა  ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციის ფუნქციების შესასრულებლად გამოყენებაა.

- პოლიციელი უფლებამოსილია, პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას. 

- პოლიციელი უფლებამოსილია, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება. 

- პოლიციელი ვალდებულია, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს. 

- პოლიციელს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. აღსანიშნავია, რომ განასხვავებენ პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის პასიური და აქტიური გამოყენების შემთხვევებს.

რას გულისხმობს იარაღის აქტიური და პასიური გამოყენება?

ა) პასიურ გამოყენებად ითვლება პოლიციელის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება. 

ბ) აქტიურ გამოყენებად კი ითვლება იარაღიდან გამიზანული სროლა. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში თუ: 

ა) პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; 

ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის განსათავისუფლებლად; 

გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედებისათვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად; 

დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს; 

ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოგერიებისას; 

ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად; 

ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა. პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება  − „პოლიციაა, სდექ, თორემ გესვრი!“, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული თავდასხმისას, აგრეთვე  საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; 

ბ) პოლიციელისთვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას; 

გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; 

დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; 

ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; 

ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად  გადაჭრა შეუძლებელია. ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც შეიცავს სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ასევე, აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები